საქართველოს სსრ ატლასი

„საქართველოს სსრ ატლასი“ — საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი, რომელიც გამოიცა სსრკ სახელმწიფო გეოლოგიური კომიტეტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს მიერ ქართულ და რუსულ ენებზე 1964 წელს. საქართველოს სსრ ატლასის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე იყო გიორგი ძოწენიძე, ხოლო სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და პასუხისმგებელი სამეცნიერო რედაქტორი ალექსანდრე ჯავახიშვილი. პასუხისმგებელი სამეცნიერო რედაქტორის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ასლანიკაშვილი. საბჭოს წევრებს შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები: თეოფანე დავითაია, პეტრე გამყრელიძე, მიხეილ საბაშვილი, პაატა გუგუშვილი, ლევან მარუაშვილი და სხვა. რედაქტორ-კარტოგრაფებად აირჩიეს: ქ. აკოფოვა, ლ. კურცხალია და ნ. მღებრიშვილი.

საქართველოს სსრ ატლასი დასაბეჭდად გამზადებული და დაბეჭდილია სსრკ სგკ გკმს №8 ფაბრიკის მიერ და აიკინძა საქართველოს კპცკ გამომცემლობის სტამბაში. ქაღალდის ფორმატი 64 92. ტირაჟი 10000 ცალი. ფასი 6 მანეთი.

საქართველოს სსრ ატლასი შედგენილია ეროვნული ატლასებისათვის იმ დროს შემუშავებული სტანდარტების დაცვით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი სახელობის ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ქვეყნის წამყვან მეცნიერთა მონაწილეობით. 269-გვერდიანი საქართველოს სსრ ატლასი შედგება სხვადასხვა მასშტაბის 230-ზე მეტი რუკისა და 51 განმარტებითი ტექსტისაგან, რომლებიც ასახავენ: ბუნებრივ პირობებს, ბუნებრივ-საწარმოო რესურსებს, მოსახლეობას, ეკონომიკას, კულტურულ მშენებლობას, ჯანმრთელობის დაცვას, ტურიზმსა და ალპინიზმს, ისტორიის ძირითად ეტაპებს, არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ძეგლებს.

საქართველოს სსრ ატლასის მაღალი მეცნიერული დონე სათანადოდ დაფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და 1971 წელს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებს ალექსანდრე ჯავახიშვილს, თეოფანე დავითაიას, ალექსანდრე ასლანიკაშვილს, გიორგი გველესიანს, მიტროფანე კორძახიას, ლევ ვლადიმიროვს, ვახტანგ ჯაოშვილს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.[1]

საქართველოს სსრ ატლასის შინაარსი წარმოდგენილია შემდეგნაირად: თავდაპირველად ადგილი ეთმობა წინასიტყვაობასა და პირობით აღნიშვნებს, შემდეგ იწყება თავი „შესავალი“, რომელიც აერთიანებს 6 ქვეთავს: „საქართველოს სსრ გეოგრაფიული მდებარეობა“ (რუკა მასშტაბში 1 : 56 000 000), „ამიერკავკასია“ (პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა მასშტაბში 1 : 4 000 000), „საქართველოს სსრ ხვედრითი წონა სსრკ-ის სახალხო მეურნეობაში“, „სტატიტიკური ცნობები“, „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ (პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა მასშტაბში 1 : 1 500 000 და 1964 წლის 1 ივლისის მდგომარეობით) და „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ (პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000 და 1963 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).

შემდეგ იწყება მეორე თავი „ბუნებრივი პირობები“ — ფიზიკური რუკები, რომელიც წარმოდგენილია 6 ქვეთავით: „სქემატური პროფილები კავასიის ზოგიერთი მიმართულებით“, „კავკასია“ (ფიზიკური რუკა მასშტაბში 1 : 3 500 000) „შავი ზღვა“ (ფიზიკური რუკა მასშტაბში 1 : 3 500 000), „საქართველოს სსრ“ (ფიზიკური რუკა მასშტაბში 1 : 1 500 000), „ოროგრაფიული სქემა“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000) და „საქართველოს სსრ, ფიზიკურ-გეოგრაფიული ცნობები (ტექსტი — ზოგადი ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება).

მესამე თავის სახელწოდებაა „გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეომორფოლოგიური რუკები“, რომელშიც გამოიყოფა ქვეთავები: „გეოლოგიური რუკა“ (რუკა მასშტაბში 1 : 1 500 000), „გეოლოგიური აგებულება“ (ტექსტი), „ტექტონიკა“ (ტექსტი), „ტექტონიკური რუკა“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „სეისმური რუკა“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „მაკროსეისმური რუკა“ (ტექსტი და რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „ნეოგენურ-მეოთხეული ვულკანიზმი“ (ტექსტი), „ნეოგენური და მეოთხეული ვულკანიზმი“ (რუკა მასშტაბში 1 : 1 500 000), „უახლეს ტექონიკურ მოძრაობათა და სტრუქტურათა სქემა“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „უახლესი ტექტონიკური მოძრაობანი“ (ტექსტი), „პალეოგეოგრაფია“ (ტექსტი), „პალეოგეოგრაფიული რუკები“ (ზედა ოლიგოცენის, ზედა მიოცენის ბოლოს, ზედა პლიოცენისა და მინდელ-რისული ინტერგლაციალის რუკები მასშტაბში 1 : 7 000 000), „რელიეფის გეოლოგიური ასაკი“ (ტექსტი), „რელიეფის გეოლოგიური ასაკი“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „მეოთხეული ნალექები“ (1 : 1 500 000), „მეოთხეული ნალექები“ (ტექსტი), „ჰიდროგეოლოგია“ (ტექსტი), „ჰიდროგეოლოგიური რუკა“ (1 : 1 500 000), „სპელეოლოგია“ (ტექსტი), „კარსტული მღვიმეების ბლოკ-დიაგრამები“, „სპელეოლოგიური რუკა“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „თანამედროვე გეომორფოოგიური პროცესები“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „თანამედროვე გეომორფოოგიური პროცესები“ (ტექსტი), „მორფოგრაფიული რუკა“ (რუკა მასშტაბში 1 : 2 500 000), „გეომორფოლოგიუტი რუკა“ (1 : 1 500 000), „გეომორფოლოგია“ (ტექსტი).

  1. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი : [50 წლისთავი]. თბილისი, 1984, გვ. 37