ალექსანდრე ასლანიკაშვილი
ალექსანდრე თედორეს ძე ასლანიკაშვილი (დ. 17 მარტი, 1916, თბილისი, საქართველო ― გ. 25 ნოემბერი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე 1973-1981 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979).
ალექსანდრე ასლანიკაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 მარტი, 1916 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1981 (65 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი და კარტოგრაფი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1957-1981 წლებში ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილება, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966-1975 წლებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე.
ასლანიკაშვილის ძირითადი ნაშრომები მიეძღვნა კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. თავისი შრომებით: „კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები“ და „მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები“ საფუძველი ჩაუყარა მეტაკარტოგრაფიულ კონცეფციას. ეს შრომები კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგად თეორიებს მიეძღვნა. ასლანიკაშვილმა ლოგიკური აზროვნების ფორმები, როგორებიცაა: შედარება, აბსტრაჰირება, განზოგადება, ანალიზი, სინთეზი და მოდელირება კარტოგრაფიულ ასახვას დაუკავშირა და შესაბამისად, დეფინიცია მისცა: შედარების, ანალიზის, სინთეზის, აბსტრაჰირების, განზოგადებისა და მოდელირების კარტოგრაფიულ ფორმებს.
1999 წელს ცნობილმა იაპონელმა კარტოგრაფმა ტოსიტომო კანაკუბომ ქალაქ ტოკიოში გამოსცა ალექსანდრე ასლანიკაშვილის „მეტა-კარტოგრაფია“ იაპონურ ენაზე.
„საქართველოს სსრ ატლასის“ შექმნაში მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 229.