საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრი

საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრი — შრომის საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის უმნიშვნელოვანესი იყო. პირველი მაისის დღესასწაული დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იმ მცირე რაოდენობის უქმე დღეთა შორის შეიტანეს, რომელსაც რესპუბლიკა აცხადებდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოსცემდა კანონებს, რომელიც მიმართული იყო მშრომელთა უფლებების დაცვისაკენ. თავად ქვეყნის კონსტიტუციის ცალკე თავში „სოციალ-ეკონომიკური უფლებანი“ გაცხადებული იყო შრომის თავისუფლებასთან, მშრომელთა უფლებებისა და შრომის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში 113 პროფესიული გაერთიანება არსებობდა, მათგან 33 თბილისში, ხოლო 80 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროფესიულ კავშირების წევრთა რაოდენობა 54 700-ს აღემატებოდა, მათგან ნახევარზე მეტი თბილისში იყო თავმოყრილი. პროფესიული კავშირის ცენტრი თბილისში მდებარეობდა, ე. წ. „შრომის სასახლეში“. პროფესიული კავშირის მნიშმვნელოვანი ცენტრები იყო ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, ტყიბულსა და ჭიათურაში. 1919 წლის 11-16 აპრილს თბილისში გაიმართა პროფესიული კავშირების პირველი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობდა 87 კავშირის 198 დელეგატი. ყრილობის დღის წესრიგში შედიოდა: შრომის სამინისტროს მუშაობა, ფასებისა და ხელფასების დამოკიდებულება, შრომის ბაზარი, დღევანდელი მომენტი და პროფკავშირთა ამოცანები. ყრილობაში მონაწილეობდა მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე. ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება, შრომის სამინისტროსთან ერთად შეექმნა სატარიფო პალატა, რომელიც დაარეგულირებდა შრომით დავებსა და ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებს. პროფესიული კავშირების ცენტრი ხშირად მონაწილეობდა გაფიცვებში.

1919 წელს 9 გაფიცვა გაიმართა, მათ შორის განსაკუთრებით მასშტაბური იყო ტყიბულის მეშახტეთა და თბილისი თვითმმართველობის მოხელეთა გაფიცვები. ცენტრმა პირველი ყრილობის შემდეგ დააარსა პერიოდული გამოცემა „მუშათა ცხოვრება“. პროფესიული კავშირის ცენტრის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული პარტიათა წარმომადგენლებიც. კავშირის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებისგან შედგებოდა, თუმცა ცალკეულ პროფესიულ კავშირებში სხვა პარტიებიც მნიშვნელოვანი რაოდენობით იყო წარმოდგენილი, მაგალითად, მასწავლებელთა და ბეჭდური სიტყვის კავშირში სოციალ-ფედერალისტი დელეგატები ჭარბობდნენ.

პროფესიული კავშირი ეთნიკური სიჭრელითაც გამოირჩეოდა, გამომდინარე იქიდან, რომ პროლეტარიატთა მნიშვნელოვან ნაწილს სომხები და რუსები შეადგენდნენ. მუშათა გაერთიანებები პოლიტიკური საკითხების გადაჭრის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. პროფესიული კავშირების ცენტრი 1920 წელს გეგმავდა დელეგაციის გაგზავნას რუსეთის საბჭოთა მთავრობასთან. დელეგაციის წევრები აირჩიეს კიდეც, თუმცა საბჭოთა რუსეთმა დელეგაცია არ მიიღო. პროფკავშირების ცენტრი 1921 წლის თებერვალში აქტიურად იყო ჩართული დამოუკიდებლობის დაცვისათვის ბრძოლაში, უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობის გარდა, აქვეყნებდა მუშებისადმი მიმართვებსა და მოწოდებებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 320.
  • ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-21), თბ., 2001
  • ვ. ვოიტინსკი, ქართული დემოკრატია, თბ., 2018