საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1917)
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1917) — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონი, მიღებულია 1917 წლის 9 სექტემბერს I საეკლესიო კრებაზე.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება | |
---|---|
მიზანი | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 9 სექტემბერი, 1917 |
ხელისმომწერნი | საქართველოს ეკლესია |
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკელსიამ ავტოკეფალია 1811 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი წესის დარღევვით დაკარგა და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა რუსეთის წმიდა სინოდის წევრებს, ეგზარქოსებს დაევალათ. ეგზარქოსები საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე მართავდნენ საქართველოს ეკლესიას და პირველი ეგზარქოსის - ვარლამის გარდა ისინი ეროვნებით რუსები იყვნენ. 1917 წლის მსოფლიოში და კერძოდ რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესებმა, შიდა არეულობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისტური მოძრაობა და დაიწყო ავტოკეფალიისათვის ბრძოლა, რომელიც 1917 წლის 25 მარტს გამოცხადდა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ 1917 წლის 27 მარტს სცნო საქართველოს ეკელესიის ავტოკეფალია. ამ პერიოდშივე მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) თავმჯდომარეობით შეიქმნა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა და დაიწყო პირველი საეკლესიო კრებისათვის მზადება. 1917 წლის 9 სექტემბერს, 12 საათზე, სიონის ტაძარში გაიხსნა პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II და აგრეთვე მიიღო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. აღნიშნულ კრებას თავმჯდომარეობდა მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე), ხოლო პრეზიდიუმში იყვნენ: გიორგი ჟურული, ტრიფონ ჯაფარიძე, სპირიდონ კედია.
ეპარქიები დებულების მიხედვით
რედაქტირება1917 წლის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით საქართველოს ეკლესია დაყოფილი იყო ეპარქიებად, ხოლო ეპარქიები ოლქებად, ოლქები კი სამრევლოებად.
ეპარქიებია:
- 1. მცხეთის ეპარქია — ხელმძღვანელობს “მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი”. მოიცავდა ქალაქ მცხეთას, დუშეთის მაზრას, ქსან-ლეხურის ხეობის ნაწილს. ეპარქიის კათედრაა მცხეთაში, ხოლო კათოლიკოსის რეზიდენცია — ტფილისში;
- 2. ტფილისის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ტფილელი მიტროპოლიტი”. მოიცავდა გარე-ქართლს, გარე-კახეთს, თბილისს, მანგლისს, წალკას, დმანისს, ბოლნისს, წინწყაროს, აგარაკს, რუსთავს, კაწარეთს, ნინოწმიდას (მაშინდელი თბილისისა და ბორჩალოს მაზრები), მაშინდელ საგურამოს ნაწილს და ბამბაკის ხეობას. მღვდელმთავრის კათედრა და რეზიდენციაა ტფილისში (სიონში). ამავე დროს ტფილელი მიტროპოლიტი იყო კათოლიკოსის მოსაყდრე;
- 3.ალავერდის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ალავერდელი ეპისკოპოზი (აბბა ალავერდელი)”. ეპარქიის კათედრა ალავერდში, რეზიდენცია — ქ. თელავში;
- 4. ბოდბის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ბოდბელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია — ქ. სიღნაღში;
- 5. ურბნისის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ურბნელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა ურბნისში, რეზიდენცია — ქ. გორში;
- 6. აწყურის ეპარქია — ხელმძღვანელობს “მაწყვერელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა აწყვერში, რეზიდენცია — ქ. ახალციხეში;
- 7. ქუთაისის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ქუთათელი მიტროპოლიტი”. მღვდელმთავრის კათედრა ქ. ქუთაისი, რეზიდენცია — ქ. ქუთაისში;
- 8. გენათის ეპარქია — ხელმძღვანელობს “გენათელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა გელათში, რეზიდენცია — ქ. ზესტაფონში;
- 9. ნიკორწმიდის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ნიკორწმინდელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია — ქ. ონში;
- 10. ცაგერის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ცაგერელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა ცაგერში, რეზიდენცია — ცაგერში;
- 11. ჭყონდიდის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ჭყონდიდელი მიტროპოლიტი”. მღვდელმთავრის კათედრა მარტვილში, რეზიდენცია — ქ. ფოთში;
- 12. ბათომ-შემოქმედის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ბათომ-შემოქმედელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა ბათომში, რეზიდენცია — ქ. ბათომში;
- 13. ცხუმ-ბედიის ეპარქია — ხელმძღვანელობს “ცხუმელ-ბედიელი ეპისკოპოზი”. მღვდელმთავრის კათედრა ცხუმში (ქ. სოხუმში), რეზიდენცია — ცხუმში (ქ. სოხუმში).
მთავარი გამგეობა
რედაქტირებადებულების თანახმად საქართველოს ეკლესიას განაგებდა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელშიც შედიოდნენ ეკლესიის სრულწლოვან წევრთა წარმომადგენლები, განურჩევლად სქესისა, თანამდებობისა და ხარისხისა, თითოეული ოლქიდან ოთხ-ოთხი კაცი და მმართველი მღვდელმთავრები.
საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდა კათოლიკოსი, მისი არ ყოფნის შემთხვევაში მოსაყდრე, მოსაყდრის არ ყოფნის შემთხვევაში კრების მიერ არჩეული მღვდელმთავარი. საეკლესიო კრება ჩვეულებრივ უნდა გამართულიყო ხუთ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე სპეციალური საჭიროების შემთხვევაში. კრების მოწვევა შეეძლო კათოლიკოსს ან საქართველოს საკათალიკოსო საბჭო|საკათოლიკოსო საბჭოს]] უმრავლესობის თანხმობით. კრება კანონიერად ჩაითვლებოდა თუ მოწვეულთა ერთი მესამედი გამოცხადდებოდა.
სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების კომპეტენციაში შედიოდა:
- 1. ადგილობრივი საეკლესიო კანონმდებლობა;
- 2. უზენაესი საეკლესიო სამართალი;
- 3. საკათალიკოსო საბჭოს მიერ წარდგენილი საკითხების განხილვა;
- 4. საკათალიკოსო საბჭოს და საკათალიკოსო სასამართლოს წევრების და მათი კანდიდატების არჩევა;
- 5. ძველი კათედრების აღდგენა, ახალი ეპარქიების გახსნა ან არსებული ეპარქიების დახურვა და საზღვრების ცვლილება;
- 6. სასულიერო სასწავლებლების დაარსებასა და შესბამისი ინვენტარით მომარაგებაზე ზრუნვა;
- 7. მთავარი მართვა-გამგეობის ორგანოთა შტატების დამტკიცება.
დებულების თანახმად საეკლესიო კრების მუდმივი აღმასრულებელი ორგანოა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭო, რომელიც თორმეტი წევრისაგან შედგებოდა. საბჭოს წევრად არჩევა შეიძლებოდა, როგორც ქალის, აგრეთვე კაცის. საბჭოს თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი, მისი არყოფნის შემთხვევაში მოსაყდრე. აღნიშნული 12 წევრის გარდა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილეობდა ორ-ორი მღვდელმთავარი, რომლებსაც გამოიწვევდნენ ეპარქიებიდან რიგრიგობით ორი თვის ვადით. საბჭოში განხილული საკითხის გადაწყვეტა ხმის უმეტესობით იყო შესაძლებელი, ხმების გაყოფის შემთხვევაში კი უპირატესობა თავმჯდომარის მიერ მიმხრობილ აზრს ენიჭებოდა.
საეპარქიო მართვა-გამგეობა — დებულების თანახმად საეპარქიო მმართველობის მთავარი ორგანო იყო საეპარქიო კრება, რომელზეც თითოეული ოლქი გზავნიდა ოთხ წარმომადგენელს. კრება ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ უნდა გამართულიყო განსაკუთრებულ შემთხვევაში კი დამატებითაც. საეპარქიო კრების არმასრულებელ ორგანოს საეპარქიო საბჭო წარმოადგენდა, რომელსაც მღვდელმთავარი თავმჯდომარეობდა. საოლქო მმართველობა — საეკლესიო ოლქებად იყოფოდა საქართველოს ეპარქიები, ხოლო ოლქში უნდა შესულიყო არა უმცირეს 10 და არაუმეტეს 15 სამრევლო. ოლქს განაგებდა საოლქო კრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ოლქის თითოეული სამრევლოდან ორ-ორი წარმომადგენელი. საოლქო კრების აღმასრულებელი ორგანო იყო საოლქო საბჭო, რომელიც შედგებოდა თავმჯდომარის (მღვდლის) და ექვსი წევრისაგან, რომელთაც სამი წლის ვადით საოლქო კრება აირჩევდა. სამრევლო — საეკლესიო ოლქები იყოფოდა სამრევლოებად, რომელიც საერთო ტაძრის გარშემო შემოკრებილ მორწმუნეთა საზოგადოებას წარმოადგენდა. სამრევლოს გახსნა არ შეიძლებოდა, თუ მორწმუნეთა რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ საკუთარი ტაძრის და კრებულის შესახვაც არ შეეძლო. სამრევლოს წერვი მრევლად იწოდებოდა.
საქართველოს ეკელესიის 1917 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში განსაზღვრულია საეკლესიო სამართლის როლი, რომელიც თავის მხრივ იყოფა საკათოლიკოსო, საეპარქიო და საოლქო სასამართლოებად. იგი განცალკევებული იყო საეკლესიო გამგეობისაგან და ჰქონდა საკუთარი ორგანო, გარდა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებისა, რომელიც გამგეობისა და სასამართლოს უზენაესი ორგანო იყო. აღნიშნულ სამართალს ექვემდებარებოდა ეკლესიის ყველა წევრი და განიხილებოდა საეკელსიო სწავლა-მოძღვრების, ზნეობრივი ცხოვრების, საეკლესიო წყობილების, საეკლესიო სამსახურის დარღვევა და სხვა მსგავსი საქმეები. კონკრეტული საქმის გამოძიების განსაკუთრებული ინსტიტუტი არ არსებობდა. სასამართლო თავად ირჩევდა გამომძიებელს, არ ჰყავდა პროკურორი, არამედ სასამართლოს ერთ-ერთ წევრს მინდობილი ჰქონდა საბრალდებო ოქმის შედგენა და მოხსენება. ეს წევრი კი მონაწილეობას აღარ იღებდა განაჩენის გამოტანაში. საეპარქიო სასამართლოს ჰყავდა თავმჯდომარე - მღვდელმთავარი და ექვსი წევრი, რომელსაც საეპარქიო კრება ირჩევდა სამი წლის ვადით. საკათოლიკოსო სასამართლოს თავმჯდომარეობდა კათოლიკოსი და რვა წევრი, რომელიც სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მიერ ხუთი წლის ვადით ირჩეოდა. რაც შეეხება უზენაეს საეკლესიო სამართალს, იგი სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების ხელში იყო, რომელიც იყო პირველი და საბოლოო მსჯავრის დამდები ორგანო საკათალიკოსო საბჭოს და საკათოლიკოსო სასამართლოს წევრებისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ,,დებულებანი, მიღებული საქართველოს 1917 წლის საეკლესიო კრებაზე", ტფილისი, სტამბა ,,ცხოვრება", გაბაანთ შესახვევი, #4, 1917 წ.
- მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. „საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული“. გამომცემლობა «საქართველოს მაცნე», თბილისი, 2017.