საუპატიოშეურაცხყოფის განსაკუთრებული საზღაური, პატივის შელახვისათვის დაწესებული ჯარიმა, რაც დამნაშავეს დაზარალებულის სასარგებლოდ ეკისრებოდა ძველ საქართველოში. საუპატიო დაკანონებული იყო საკრძალავ ადგილას ჩადენილი დანაშაულისათვის (მაგ., „სადაცა მაცხოვრისა ხატი ესუენოს სამცველოდ ქუეყანისა, საუპატიოდ ოცდაათი გლეხი მართებს“), მოსამართლისადმი „ ურიგოს კადრებისათვის“, სხვისი მოახლის „გაწბილებისათვის“ და სხვა. საისტორიო წყაროებში ცოლის „განტევების“, დედის გინების, წვერის დაგლეჯის, „ეზოს გატეხის“ და „კაცის დაჭირვის“ საუპატიოც იხსენიება. საუპატიოს ოდენობა შეურაცხყოფილის „სახდომელი პატივისა“ და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრებოდა. საჭიროებისას იგი დამნაშავეს ზარალის ანაზღაურებასა და „სისხლთან“ ერთად მიესჯებოდა. ქალს კაცზე მეტი — „ორკეცი საუპატიო“ (სახელდობრ, გინებისათვის დიდგვაროვან „დიაცს“ 10 000 თეთრი) ეძლეოდა. საუპატიოს ითვალისწინებს ბაგრატ კურაპალატის სამართლის ფრაგმენტი და ვახტანგ VI-ის სამართალი, აგრეთვე მხითარ გოშის სამართლის ქართული ვერსია. ბექას და აღბურას სამართალში ტერმინი „საუპატიო“ „სასირცხვო სამართლის“ — სანეხვეზე დამნაშავის შიშვლად ჩატღევის, ე. ი. გამაწბილებელი სასჯელის მნიშვნელობით იხმარება (ანალოგიური ვახტანგ VI-ის სამართლის 218 მ.). შეურაცხყოფისათვის ქონებრივ სასჯელად აქ დადგენილია უპატიობის საზღაური, გიორგი ბრწყინვალის სამართალში კი — უარზანგობა.

  • ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ქართულისამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1—6, თბ., 1963—1977

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957, გვ. 75-76;
  • მისივე, ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953, გვ. 214—217;