სასიცოცხლო ფორმა მცენარისა, ბიოლოგიური ფორმა, ბიოლოგიური მორფი — მცენარის გარეგანი იერი (ჰაბიტუსი), რომელიც ჩამოყალიბდა გარემოსთან მისი შეგუების ხანგრძლივ პროცესში. ტერმინი შემოიღო დანიელმა ბოტანიკოსმა ეეუგენიუს ვარმინგმა (1884). სასიცოცხლო ფორმას უწოდებენ მცენარეთა ეკოლოგიურ კლასიფიკაციის ერთეულსაც. სასიცოცხლო ფორმა ძორითადად დამოკიდებულია მცენარეთა მიწისზედა და მიწისქვეშა ვეგეტატიური ორგანოების სტრუქტურაზე, განვითარების რიტმსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ევოლუციის პროცესში სასიცოცხლო ფორმა ყალიბდენა სხვადასხვა კლიმატურ, ნიადაგურ და ბიოცენოზურ პირობებში ბუნებრივი გადარჩევის გზით. ყოველი მცენარის (ხე, ბუჩქი, ბალახი, ლიანა, ბალიშა მცენარე და სხვა) კონკრეტული სასიცოცხლო ფორმა იცვლება მის ონტოგენეზში. ნაძვისა და მუხის ერთწლიან ნათესებს ჯერ არა აქვთ მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია ამავე ზრდასრული მცენარეებისათვის. ერთმა და იმავე სახეობამ სხვადასხვა გარემო პირობებში შეიძლება სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმა მიიღოს, მაგ. ბევრ მაღალტანიან ხეს მაღალმთიანეთში ბუჩქის და გართხმული ხის ფორმა აქვს.

სასიცოცხლო ფორმის პირველი კლასიფიკაცია, რომელიც აგებული იყო ფიზიონომიურ ნიშნებზე, ეკუთვნის გერმანელ მეცნიერს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტს (1806). ამავე პრინციპზეა დამყარებული ავსტრიელი ბოტანიკოსის ანტონ კერნერის (1863), გერმანელი ბოტანიკოსების ა. გრიზებახისა (1872) და ო. დრუდეს (1913) კლასიფიკაციები. უკვე ამ შრომებში იყო აღნიშნული მცენარის გარეგნული იერის დამოკიდებულება კლიმატზე და მისი ბიოლოგიურ თავისებურებების მნიშვნელობა. ყველა ამ კლასიფიკაციიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელი ბოტანიკოსის კ. რაუნკიერის (1905, 1907) კლასიფიკაცია, რომელიც აგებულია არახელსაყრელ პირობებში (ზამთარში, მშრალ პერიოდში) ნიადაგის ზედაპირიდან განახლების კვირტების მდებარეობასა და კვირტის დამცველი საფრის თავისებურებებზე. რაუნკიერმა გამოყო სასიცოცხლო ფორმის 5 ტიპი:

  • ფანეროფიტები — მცენარეები, რომელთაგანახლების კვირტები ნიადაგიდან კარგად დაშორებულია (ხეები, ბუჩქები, ხისმაგვარი ლიანები, ეპიფიტები);
  • ქამეფიტები — დაბალი მცენარეები, რომელთა კვირტებიც მიწის ზედაპირს 20—30 სმ-ზე სცილდება და ხშირად თოვლქვეშ იზამთრებს (ბუჩქები, ნახევრად ბუჩქები, ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახი);
  • ჰემიკრიპტოფიტები — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარეები, რომელთა კვირტები ნიადაგის ზედაპირზეა და დაცულია თოვლით და ჩამოცვენილი ფოთლებით;
  • კრიფტოფიტები — მცენარეები, რომელთა კვირტები დამალულია მიწაში (ფესურიანი, ტუბერიანი, ბოლქვიანი გეოფიტები) ან წყალში (ჰიდროფიტები);
  • ტეროფიტები — ერთწლოვანები, რომლებიც მათთვის არახელსაყრელ პირობებს თესლის სახით ეგუებიან.

ხშირად იყენებენ ბალახოვანი მცენარეების გ. ვისოცკისეულ (1915) კლასიფიკაციას, რომელსაც ავსებენ ლ. კაზაკევიჩის (1922) კლასიფიკაციით. იგი დამყარებულია მცენარეთა მიწისქვეშა ორგანოების, მათი ვეგეტატიური გამრავლებისა და ფართობის დაკავების უნარის თავისებურებებზე: მთავარღერძიანები (ვეგეტატიური გამრავლება არ ახასიათებთ), კორდიანები, ბოლქვიანები, ბოლქვიან-ტუბერიანები (ვეგეტატიური გამრავლება სუსტად აქვთ გამოხატული), ფესვითნაყარიანები (ვეგეტატიური გამრავლება ინტენსიურია). ვ. ვილიამსი მარცვლოვანი მცენარეების სასიცოცხლო ფორმას ყოფდა ბარტყოფობის კვირტების მდებარეობის მიხედვით: გრძელფესურიანებად, მეჩხერბუჩქებად და მკვრივბუჩქებად. სასიცოცხლო ფორმის თანამედროვე კლასიფიკაციებში ყველაზე უფრო მიღებულია ი. სერებრიაკოვის (1962, 1964) კლასიფიკაცია, რომელშიც მსხვილი ერთეულები (განყოფილება, ტიპი) გამოყოფილია მიწისზედა ორგანოების სტრუქტურისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით (ღეროებიანი ხეები, რომლებიც ცოცხლობენ ათეულ და სეულ წლობით, ღეროებიანი ბუჩქები, რომლებიც ცოცხლობენ 20—30 წელიწადს, ჩირგვები, რომლებიც ცოცხლობენ 5—10 წელიწადს და ბალახები ერთწლიანი ორთოტროპული ყლორტებით). ყოველი ტიპი შემდეგ იყოფა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.

საქართველოს მაღალმთიანეთში სასიცოცხლო ფორმების შესწავლის საფუძველზე შედგა კლასიფიკაციის სქემები (გ. ნახუცრიშვილი, ზ. გამცემლიძე), რომელთა მიხედვითაც, მაგ., ცენტრალური კავკასიონის სუბალპურ სარტყელში ყველაზე გაბატონებული ტიპია ბალახოვანი პოლიკარპული მცენარეები. შემდეგ ამ ტიპში მიწისქვეშა ორგანოების მიხედვით გამოყოფილია კლასები:მთავარღეძიანი, ფესურიანი, ფესურიან-მთავარღერძიანი, ფუნჯაფესვიანი, ბოლქვიანი, ტუბერფესვიანი. მათგან ყველაზე უფრო ფართოდაა გავრცელებული ფესურიანი, შემდეგ კი — მთავარღეძიანი მცენარეები. მიწისქვეშა ორგანოების სიგრძის მიხედვით თითოეული კლასი იყოფა ჯგუფებად. სუბალპურ სარტყელში გაბატონებულ სახეობებს აქვთ გრძელი მთავარღერძიანი ფესვი, ფესურიან მცენარეებში კი ყველაზე დიდი რაოდენობითაა მოკლეფესურიანები. აღნიშნულ სარტყელში ბოლქვიანი და ტუბერფესვიანი მცენარეების რაოდენობა მცირეა. განსხვავებული სურათია ამავე რეგიონის სარტყელში, სადაც ძირითადად ჭარბობს მიწაზე გართხმული და ბალიშა მცენარეები, რომელთაც ძლიერ შებუსული და ნახევრად სუკულენტური ფოთლები აქვთ.

სასიცოცხლო ფორმის შესაწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის ადაპტაციისა და ამა თუ იმ სახეობის ევოლუციის დასადგენად.

ლიტერატურა

რედაქტირება