სასიმინდე
სასიმინდე — ტაროიანი სიმინდის შესანახი ნაგებობა, სადაც არის დაყრილი ტაროების განიავებისა და გაშრობის საშუალება. სასურველია სასიმინდე ფარდულებსა და საწყობებში იყოს აქტიური ვენტილაცია, რაც უზრუნველყოფს სიმინდის უდანაკარგოდ შენახვას. საწყობებისაგან განსხვავებით, ფარდულების გარე კედლები შედგება სვეტებზე მეჩხერად აკრული ძელაკებისაგან. სიმინდის მექანიზებული ჩატვირთვა ხდება დახრილი გადამზიდების საშუალებით. საწყობები, ხორბლის საწყობების მსგავსად, აღჭურვილია გადასატანი ან სტაციონარული ცხაურებით, სადაც სავენტილაციო დანადგარების საშუალებით ხდება ჰაერის ინტენსიური მიწოდება. ცხაურები მოწყობილია შენობის იატაკის დონეზე (სტაციონარული სქემა) ან იატაკის ზემოთ 15-20 სმ-ზე (გადასატანი სისტემა).
სასიმინდეს იმერეთში, გურიასა და აჭარაში ნალიასაც უწოდებენ. იგი წნული, ფიცრული ან ძელური ნაგებობა ისლის, ჩალის, ლამფის, ყავრის, კრამიტის ორფერდა ან სამფერდა სახურავით, აქვს საყუნწურებში ჩასმული პატარა კარი. ფასადის მხარეს ხშირად ვიწროსვეტებიან აივანსაც უკეთებენ. სასიმინდე შეიძლება იყოს ერთ, ორ ან სამთვალიანი. სამთვალიან სასიმინდეში შუა თვალს სიმინდის საფშვნელად, გვერდითებს კი სახმობად იყენებენ. ორთვალიანი სასიმინდეც სახმობი და საფშვნელი კამერებისაგან შედგება. ერთთვალიანში სიმინდს ინახავენ და ახმობენ. სასიმინდე ჩვეულებრივ ბოძებზე იმართბა, რაც ჰაერის მოძრაობას უწრობს ხელს, ამავე მიზნით მის კედლებზე ჭრიან გამჭოლ სამკუთხრა, სწორკუთხა ან აჟურულ ორნამენტულ ღიობებს, რომელთაც „საჰაეროებს“ თუ „სასულე თვლებს“ (იმერეთი) უწოდებენ. სასიმინდის ბოძების თავზე გულჩაზნექილი ქვის „ქუდების“ დადება იციან, რომ სასიმინდეში თგვი არ აცოცდეს. სასიმინდის ქვედა ნაწილს იყენებენ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისათვის, აქ ფშვნიან სიმინდს და პარკოსნებს, დგამენ საცეხველს და ა. შ.
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო ერთთვალიანი მოწნული სასიმინდე, რომელსაც ძარი, ზარი ან ჯინგოდორი ეწოდებოდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 119-120.
- მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1976;
- რუხაძე ჯ., ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976;