ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საროჯინი ნაიდუ (დ. 13 თებერვალი, 1879, ჰაიდარაბადი, ინდოეთი — გ. 2 მარტი, 1949, ლაკნოუ, ინდოეთი) — პოლიტიკური აქტივისტი, ფემინისტი, პოეტი და პირველი ინდოელი ქალი, რომელიც ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი გახდა და დაინიშნა ინდოეთის შტატის გუბერნატორად. მას ზოგჯერ „ინდოეთის ბულბულს“ უწოდებდნენ.[1]

საროჯინი ნაიდუ
დაბადების სახელი საროჯინი ჩატტოპადჰაი
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1879, ჰაიდარაბადი, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 1949, ლაკნოუ, ინდოეთი
ცნობილია როგორც პოლიტიკური აქტივისტი, მწერალი
მეუღლე(ები) პაიდიპატი გოვინდარაჯულუ ნაიდუ (1898-1949)
შვილ(ებ)ი პადმაჯა ნაიდუ, ლილამანი ნაიდუ, ნილავარ ნაიდუ, რანდჰერ ნაიდუ, ჯაიასურია ნაიდუ
ნათესავები ვირენდრანათი (ძმა), ჰარინდრანათი (ძმა), სუჰასინი (და)

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

საროჯინი ნაიდუ დაიბადა ჰაიდარაბადში, ბენგალურ ოჯახში. მის მამას, აგორენათ ჩატტოპადჰაის, მოპოვებული ჰქონდა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ის დასახლდა ჰაიდარაბადში, სადაც ხელმძღვანელობდა ჰაიდარაბადის კოლეჯს. დედა, ბარადა სუნდარი დევი ჩატტოპადჰაი, იყო პოეტი და წერდა ლექსებს ბენგალურ ენაზე. საროჯინი რვა და-ძმიდან უფროსი იყო. მისი ძმა ვირენდრანატი რევოლუციონერი იყო, მეორე ძმა ჰარინდრანათი კი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი.[2]

განათლება

რედაქტირება

თორმეტი წლის ნაიდუმ გამოცდა მადრას უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 4 წელი სწავლობდა. 1895 წელს ნიზამის საქველმოქმედო ტრესტმა, მაჰუბ ალი ხანმა მას ინგლისში სწავლის გაგრძელების შანსი მისცა. 16 წლის ასაკში იგი ინგლისში გაემგზავრა, რათა ჯერ ლონდონის სამეფო კოლეჯში ესწავლა, შემდეგ კი კემბრიჯის გირტონის კოლეჯში. იქ მან გაიცნო თავისი დროის ცნობილი პოეტები, როგორიცაა ართურ საიმონსი და ედმუნდ გოსი. სწორედ გოსმა დაარწმუნა საროჯინი, აესახა ინდური ცხოვრება და მოვლენები თავის პოეზიაში. მისმა კრებულებმა „ოქროს ზღურბლი (1905)“, „დროის ჩიტი“ (1912) და „გატეხილი ფრთა“ (1912), ინდოელი და ინგლისელი მკითხველების დიდი ყურადღება მიიპყრო.[2]

ქორწინება

რედაქტირება

19 წლის ასაკში, საროჯინიმ გაიცნო ექიმი, პაიდიპატი გოვინდარაჯულუ ნაიდუ და სწავლის დასრულების შემდეგ მასზე იქორწინა. ამ დროს კასტათაშორისი ქორწინება არ იყო დაშვებული, თუმცა მისი მამა პროგრესული მოაზროვნე ადამიანი იყო და მას არ აინტერესებდა სხვების ნათქვამი. მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. [2] წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა. მათი ქალიშვილი პადმაჯა ასევე შეუერთდა დამოუკიდებლობის მოძრაობას და იყო „Quit India“-ს მოძრაობის წევრი. ინდოეთის დამოუკიდებლობის დასრულებიდან მალევე იგი დაინიშნა უტარ ფრადეშის შტატის გუბერნატორად.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ადრეული სამუშაო

რედაქტირება
 
საროჯინი ნაიდუ მაჰათმა განდისთან ერთად „მარილის მარშის“ დროს, 1930

1905 წელს ნაიდუ შეუერთდა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობას. იგი მალევე შეხვდა სხვა ლიდერებს, როგორებიცაა გოპალ კრიშნა გოხალესი, რაბინდრანათ თაგორი და მაჰათმა განდი. 1915-1918 წლებში ნაიდუმ იმოგზაურა ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, სადაც კითხულობდა ლექციებს სოციალურ კეთილდღეობაზე, ქალთა ემანსიპაციასა და ნაციონალიზმზე. 1917 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქალთა ინდური ასოციაციის (WIA) დაფუძნებაში.[3] ინგლისში ყოფნის პერიოდში ნაიდუ სუფრაჟისტად მუშაობდა. 1917 წელს, ნაიდუ თან ახლდა თავის კოლეგა ენი ბესანტს (ქალთა ინდოეთის ასოციაციის პრეზიდენტი) ლონდონში, საყოველთაო საარჩევნო უფლების წარდგენის მიზნით, გაერთიანებული სამეფოს კომიტეტის წინაშე. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ, 1920 წელს იგი შეუერთდა განდის მოძრაობას.[3] 1929 წელს, ნაიდუ უძღვებოდა აღმოსავლეთ აფრიკისა და ინდოეთის კონგრესის სხდომას, სამხრეთ აფრიკაში. 1930 წლის მარილის მარშში მონაწილეობის გამო ნაიდუ კონგრესის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს. საროჯინი იყო ერთ – ერთი მთავარი პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას და დატოვა ინდოეთის მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაჰათმა განდი. იმ დროს ის ხელმეორედ დააპატიმრა ბრიტანეთის ხელისუფლებამ და მან 21 თვე ციხეში გაატარა.[3]

გაერთიანებული პროვინციების გუბერნატორი

რედაქტირება

1947 წელს ნაიდუ დაინიშნა გაერთიანებული პროვინციების გუბერნატორად, რის გამოც იგი გახდა ინდოეთის პირველი ქალი გუბერნატორი. იგი თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

მწერლობის კარიერა

რედაქტირება

საროჯინიმ წერა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პოეზია მოიცავს როგორც საბავშვო ლექსებს, ასევე სერიოზულ თემებზე დაწერილ რომანტიკასა და ტრაგედიას. 1905 წელს გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული, სახელწოდებით „ოქროს ზღურბლი“. 1912 წელს გამოქვეყნებული „ჰაიდარაბადის ბაზრებში“ კვლავ რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლექსად. „ცისკრის ბუმბული“, რომელიც შეიცავდა ნაიდუს მიერ 1927 წელს დაწერილ ლექსებს, რედაქტირებულია და გამოქვეყნებულია სიკვდილის შემდეგ მისი ქალიშვილის პადმაჯა ნაიდუს მიერ.[3]

გარდაცვალება

რედაქტირება

1949 წლის 15 თებერვალს ნიუ დელიდან დაბრუნებისთანავე ექიმებმა ნაიდუს დასვენება ურჩიეს. მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და 1 მარტს სისხლის გადასხმა დასჭირდა. იგი გარდაიცვალა 2 მარტს 15:30 საათზე, მთავრობის სახლში, ლუკნოვში.

ჯილდოები და პრიზები

რედაქტირება

ბრიტანეთის მთავრობამ ნაიდუს მიანიჭა კაისარ-ი-ჰინდის მედალი ინდოეთში ჭირის ეპიდემიის დროს გაწეული სამსახურისთვის. ინდოეთში, 13 თებერვალი ანუ ნაიდუს დაბადების დღე აღინიშნება, როგორც ქალთა ეროვნულ დღე.[3] მის ცხოვრებაზე 1960 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი.[4] პოეზიის წერის სფეროში მუშაობისთვის ნაიდუს მიენიჭა „ინდოეთის ბულბულის“ სახელწოდება. 2014 წელს Google India-მ ნაიდუს დაბადების 135 წლისთავი აღნიშნა Google Doodle– ით. 2018 წელს, გაერთიანებული სამეფოს ლონდონის უნივერსიტეტის მიერ, ნაიდუ შეყვანილი იყო „150 ლიდერი ქალის“ სიაში.[3]

  1. Britannica, The Editors of Encyclopaedia. "Sarojini Naidu". Encyclopedia Britannica, 26 Feb. 2021, https://www.britannica.com/biography/Sarojini-Naidu. Accessed 6 March 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 PoemHunter.Com. Retrieved  28 february  2021. https://www.poemhunter.com/sarojini-naidu/biography/.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Wikipedia contributors. (2021, March 1). Sarojini Naidu. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 12:19, March 6, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Sarojini_Naidu&oldid=1009535192
  4. filmsdivision.org. https://filmsdivision.org/shop/sarojini-naidu.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საროჯინი_ნაიდუ“-დან