სარბედართა აჯანყება

სარბედართა აჯანყება — სახალხო აჯანყებები ირანსა და შუა აზიაში XIV საუკუნეში მონღოლური უღლისა და ადგილობრივი ფეოდალების წინააღმდეგ. პირველი დიდი აჯანყება მოხდა 1337 წლის მარტში სოფელ ბაშთინში (ხორასანი). 1337 წლის აგვისტოში აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი საბზევარი, გაანადგურეს მომთაბარე დიდგვაროვან მონღოლ-თათართა ლაშქარი, დაიკავეს ქალაქები ნიშაბური და ტუსი. აჯანყებულთა მეთაურმა ვაჯიჰ ალ-დინ მასუდმა სულთნის ტიტული მიიღო. XIV საუკუნის 40-იან წლებში აჯანყებულებმა დაამარცხეს უკანასკნელი მონღოლი ილხანი, 1353 წელს მოკლეს იგი, დაარბიეს მისი ურდო და თავის სახელმწიფოს შეუერთეს გორგანი. ამ დროს სარბედართა სახელმწიფო მოიცავდა მთელ დასავლეთ ხორასანსა და გორგანს. სარბედართა ეს სახელმწიფო მოსპო თემურლენგმა 1381 წელს.

1365 წელს აღმოსავლეთ სამარყანდში იფეთქა მოგოლისტანიდან (აღმ. თურქესტანი) შემოჭრილ მომთაბარეთა წინააღმდეგ, რომლებმაც დაამარცხეს სამარყანდის ამირები და ალყა შემოარტყეს ქალაქს. სამარყანდის ამირებმა მოტყუებით შეიპყრეს აჯანყების ხელმძღვანელები და აიღეს ქალაქი. 1373 წელს სარბედართა აჯანყება ქერმანში დაიწყო. 1374 წელს აჯანყება ჩაახშო შაჰმა შუჯა მოზაფერიდმა. 1383 წელს სარბედართა მნიშვნელოვანი აჯანყება მოხდა თემურლენგის წინააღმდეგ საბზევარში. თემურლენგმა აიღო და დაანგრია ქალაქი, მოსახლეობა გაჟლიტა.

ლიტერატურა

რედაქტირება