სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკა

ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ქალაქის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა (რუს. Центральная городская публичная библиотека имени В. В. Маяковского; აბრ. ЦГПБ им. В. В. Маяковского, ასევე გამოიყენება ბრენდი „მაიაკოვკა“) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქის, სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური ბიბლიოთეკა. სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკების კორპორატიული ქსელის სათაო, უდიდესი საჯარო ბიბლიოთეკა, მეთოდოლოგიური ცენტრი და მთავარი ბიბლიოთეკა, სანქტ-პეტერბურგის საბიბლიოთეკო საზოგადოების შტაბი.

ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა

რუს. Центральная городская публичная библиотека имени В. В. Маяковского
წინა სახელები Маяковка
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთი
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მისამართი სანქტ-პეტერბურგი, მდ. ფონტანკას სანაპირო №44
დაიწყო 7 იანვარი, 1868
საიტი
https://pl.spb.ru/

ბიბლიოთეკის წინამობედად აღიარებულია კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც გახსნა 1868 წლის 7 იანვარს დემოკრატი გამომცემლის ა. ა. ჩერკესოვის მიერ.[1] სახელწოდება „ჩერკესოვის ბიბლიოთეკა“ რჩებოდა მფლობელების შეცვლის დროსაც 1919 წლის ნაციონალიზაციამდე, როდესაც იგი ცნობილი გახდა როგორც „პეტროგრადის ცენტრალური კომუნალური ბიბლიოთეკა“.

1925 წელს დაერქვა ცენტრალური პროვინციული ბიბლიოთეკა. 1928 წელს — ლენინგრადის პოლიტიკური განათლების ცენტრალური ბიბლიოთეკა.

1930 წლის 15 ივლისს ცენტრალური საქალაქო, სახელმწიფო უნივერსალური, რეგიონალური საბავშვო ბიბლიოთეკები და ცენტრალური მობილური ფონდი გაერთიანდა ერთ საბიბლიოთეკო დაწესებულებაში სახელწოდებით „ლენინგრადის რეგიონალური ცენტრალური ბიბლიოთეკა“.

1932 წელს ეწოდა ლენინგრადის ცენტრალური ბიბლიოთეკა. 1936 წლიდან — ლენინგრადის საქალაქო ბიბლიოთეკა. 1940 წელს ბიბლიოთეკას კვლავ ეწოდა ლენინგრადის ცენტრალური ბიბლიოთეკა (ГОРОНО).

1953 წელს ბიბლიოთეკას მიენიჭა ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელი. 1954 წელს ერქვა ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა. 1955-1978 წლებში — ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა. 1978 წლიდან — ისევ ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა. 1984 წელს გახდა ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალური საქალაქო უნივერსალური ბიბლიოთეკა. 1996 წლიდან — ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალური საქალაქო საჯარო ბიბლიოთეკა.

1868-1879 წლები

რედაქტირება

ბიბლიოთეკა დაარსდა 1868 წლის 7 იანვარს (ძველი სტილით), როგორც კერძო ბიბლიოთეკა ალექსანდრე გერცენისა და ნიკოლაი ოგარიოვის თანამოაზრის, გამომცემელი ა. ა. ჩერკესოვის წიგნის მაღაზიაში, ნევის გამზირი #54-ში. სხვა კერძო ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით, ის არ იყო კომერციული და ისახავდა საგანმანათლებლო მიზნებს. მაღაზიისა და ბიბლიოთეკის მენეჯმენტში მონაწილეობდნენ მფლობელის ცოლი, ვერა ვასილის ასული ჩერკესოვა (დეკაბრისტ ვ. პ. ივაშევის ქალიშვილი) და მისი თანამოაზრე ვასილი ევდოკიმოვი, მოგვიანებით ბიბლიოთეკის მფლობელი (1875 წლიდან). ბიბლიოთეკა, გამომცემლობა და წიგნის გაყიდვის ბიზნესი წარმოადგენდა ერთ მთლიანობას ა. ა. ჩერკესოვის საქმიანობაში. პროგრესული წიგნების (ბუნებისმეტყველება, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები) გამოცემასა და გავრცელებას საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა. გადასახადი დაბალი იყო, სტუდენტებისთვის და პროვინციული მომხმარებლისთვის ფასები მცირდებოდა. იმავე, 1868 წელს მოსკოვში შეიძინეს „წიგნების მაღაზია და კ. კ. პოზერნის ბიბლიოთეკა“, რომლის საფუძველზეც 1871 წელს ჩერკესოვმა ახალი, ნევის ბიბლიოთეკა გახსნა ბოტანიკოს მ. ს. ვორონინის სახლში, ვასილიევის კუნძულის მე-5 ხაზზე. ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ფილიალების ქსელის განვითარების მცდელობად: ერთი მფლობელი, ფონდების ერთნაირი პროფილი და ა. შ. 1869 წელს შეიძინეს სმირდინ-კრაშენინიკოვის ბიბლიოთეკა, რომელიც ცნობილია როგორც „ვაჭარი კრაშენინინიკოვის ბიბლიოთეკა და სამკითხველო ოთახი“, თავდაპირველად გამომცემლის ა. ფ. სმირდინის კოლექციის ნაწილი გადავიდა ჩერკესოვის საკუთრებაში, როგორც ნ. ა. სერნო-სოლოვიევიჩის მაღაზიისა და ბიბლიოთეკის კოლექციის ნაწილი. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკის მუშაობის ძირითადი პრინციპები, რამაც განსაზღვრა საუკეთესო ტრადიციები მისი ისტორიის მანძილზე. ეს არის სამსახურის დემოკრატიულობა, ბიბლიოთეკის, როგორც სოციალური ცხოვრების ცენტრის როლი, კატალოგების რეგულარული გამოცემა და საბავშვო ლიტერატურის ფონდის შექმნა. 1872 წელი ითვლება მკითხველისთვის საცნობარო და ბიბლიოგრაფიული სერვისების საფუძველზე ბიბლიოთეკაში შექმნილი „სამკითხველო ოთახის“ დაბადების თარიღად.[1]

1879-1895 წლები

რედაქტირება

1870-იანი წლების შუა წლების ეკონომიკური დაღმავლობის პირობებში, ვ. ი. ევდოკიმოვი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბიბლიოთეკა, 1878 წელს მიჰყიდა იგი ალექსანდრე ბოროდულინს, სამინისტროს წარმატებულ მოხელეს.[2] ახალი მფლობელის პირობებში, კომპლექტაციის ხარისხმა მოიკლო. 1879-1883 წლებში ფონდები მცირედით შეივსო. უპირატესობა ენიჭებოდა იაფ პუბლიკაციებს. ფონდში შედიოდა ჟურნალის ამონარიდები. ცნობილია მთელი კოლექციების გაყიდვის შემთხვევები, ამგვარად, 1886 წელს სმირდინის ბიბლიოთეკის კოლექცია და რიგი ძვირფასი ისტორიული პუბლიკაცია მიჰყიდეს რიგელ ანტიკვარს ნ. ლ. კიმელს. ფონდის შესანარჩუნებლად 1884 წელს შემოიღეს დამატებითი ფულადი გადასახადი ზოგიერთი გამოცემებისთვის. ამ წლების განმავლობაში შესამჩნევია ვიზიტების რაოდენობის შემცირება. 1890 წელს დაწყებული ეკონომიკური აღორძინება გავრცელდა წიგნის წარმოებასა და წიგნით ვაჭრობაზეც. ამან დადებითად იმოქმედა ბიბლიოთეკის საქმეებზე. უკვე 1890-იანი წლების პირველ ნახევარში ფონდის შევსება უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა, მკითხველთა რაოდენობამ, სავარაუდოდ, 1000 ადამიანს გადააჭარბა (ბიბლიოთეკა შედიოდა ქალაქის რამდენიმე უდიდესი კერძო ბიბლიოთეკების რიცხვში).

1895-1919 წლები

რედაქტირება

1895 წელს გამომცემლებმა და პედაგოგებმა ოლგა და ალექსანდრე პოპოვებმა შეიძინეს „ა. ა. ჩერკესოვის სამკითხველო ბიბლიოთეკა" და მნიშვნელოვნად შეავსეს მისი წიგნის ფონდი. თუ ვიმსჯელებთ ბეჭდური კატალოგების ტირაჟით, პოპოვას დროს მკითხველთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო მთელი რევოლუციამდელი პერიოდის განმავლობაში. 1898 წელს პოპოვამ გახსნა წიგნის მაღაზია (ნევის გამზირი №54), სადაც განთავსებული იყო გამომცემლობების საწყობები. სტუდენტებისთვის ერთ თვიანი მკითხველის აბონემენტის გადასახადი მხოლოდ 50 კაპიკი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ მოხდა ჩერკესოვ-ევდოკიმოვის პრინციპებზე დაბრუნება: კავშირი წიგნის გამოცემასა და ბიბლიოთეკას შორის, ფართო ვაჭრობა რეგიონალური წიგნის მყიდველებისთვის, უფრო იაფი გამოყენება სტუდენტებისთვის (ფასდაკლების მოქნილი სისტემა).

1910 წლის ბოლოს ბიბლიოთეკა შეიძინეს ლომკოვსკებმა - მეუღლეებმა ნიკოლაი მატვეის ძემ და მარია კონსტანტინეს ასულმა, (რომელიც ადრე მუშაობდა ოლგა პოპოვასთან ადმინისტრატორად). ეკონომიური მიზეზების გამო, ბიბლიოთეკა სასწრაფოდ გადაიტანეს ნევის გამზირიდან გოროხოვაიას ქუჩაზე, №23-ში.

1911 წლისთვის ჩერკესოვის ბიბლიოთეკა წარმოადგენდა წიგნების საკმაოდ დიდ კოლექციას. ბიბლიოთეკის განვითარება პირველმა მსოფლიო ომმა შეაფერხა: მოხდა მკითხველთა გადინება, პერსონალი მინიმუმამდე შემცირდა. 1917 წლის თებერვლის მოვლენებმა გაამძაფრა საშიშროება იმისა, რომ შენობის მეპატრონე გამოასახლებდა ბიბლიოთეკას მის მიერ დაკავებული ფართების გადაუხდელობის გამო. ნ. მ. ლომკოვსკის ძალისხმევით, 1919 წლის 5 იანვარს, ჩერკესოვის ბიბლიოთეკა ნაციონალიზებულ იქნა, როგორც ქალაქ პეტროგრადის ცენტრალური კომუნალური ბიბლიოთეკა. 1919 წლიდან ლომკოვსკი იყო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მ. კ. ლომკოვსკაიას მოადგილე [1].

1919-1930 წლები

რედაქტირება

1920-იან წლებში ბიბლიოთეკის განვითარება დიდწილად განპირობებული იყო ნ. მ. ლომკოვსკის საქმიანობით, რომელიც 1923 წლიდან 1930 წლის აპრილამდე იყო მთავარი ხელოვნებათმცოდნისა და ბიბლიოგრაფის, ო . ე. ვოლცენბურგის, თანაშემწე.

1924 წელს ბიბლიოთეკა გოროხოვაიას ქუჩიდან ლასალის მოედანზე (ახლანდელი ხელოვნების მოედანი), №3-ში გადავიდა. შენობის ზრდამ დადებითად იმოქმედა მის განვითარებასა და ახალი მკითხველების მოზიდვაზე.

1930-1941 წლები

რედაქტირება

1930 წლის 1 ივლისიდან ლენინგრადის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა „დიდი საბიბლიოთეკო ცენტრის შესაქმნელად“ გაფართოვდა სახელმწიფო უნივერსალური, რეგიონალური საბავშვო ბიბლიოთეკების, ასევე ცენტრალური მობილური ფონდის ხარჯზე და ეწოდა ლენინგრადის რეგიონალური ცენტრალური ბიბლიოთეკა.[3]

1930-იანი წლების შუა პერიოდისთვის ბიბლიოთეკის სტრუქტურის რეორგანიზაცია მიმდინარეობდა; დირექტორის, პავლე ვასილიევის ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკისთვის მტკიცედ იყო დაფიქსირებული ლენინგრადში საბიბლიოთეკო მუშაობის მეთოდოლოგიური ცენტრის სტატუსი. შეიქმნა მეთოდოლოგიური სამსახური („მეთოდბაზა“). ოპერატიული მეთოდური მუშაობის ძირითად ფორმას კონსულტაცია ეწოდა. მეთოდოლოგიური ბაზის შესახებ დებულებაში მისი ძირითადი მიმართულებებია განისაზღვრა: თვითგანათლება; დახარისხება; ბიბლიოგრაფიული სამუშაო; მობილური მუშაობა და ახალბედა მკითხველებთან მუშაობა; ორგანიზაციული საკითხები და ბიბლიოთეკის ტექნიკა. მასობრივ ბიბლიოთეკებში მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, 1934 წლის 15 მარტიდან მეთოდბაზში დაინერგა „ბიბლიოგრაფიული კონსულტაცია და ინსტრუქტაჟი“. დირექტორის 1934 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით მეთოდბაზა დამოუკიდებელ ერთეულად გამოიყო. საქალაქო ბიბლიოთეკების ბიბლიოგრაფიული მუშაობის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა დაევალა ბიბლიოგრაფიულ განყოფილებას (ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურეობასთან ერთად).

1933 წელს ბიბლიოთეკებს დაევალათ ქალაქის მკითხველების სამეცნიერო ლიტერატურით უზრუნველყოფა. ამის გადასაჭრელად ლენინგრადის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ შემოიღო ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტი, რომელშიც ჩართული იყო ლენინგრადის საქალაქო საბჭოს მასობრივი განყოფილების ყველა ბიბლიოთეკა. შეიქმნა სამეცნიერო ლიტერატურის კონსოლიდირებული კატალოგი, რომელიც ასახავს 32 საჯარო ბიბლიოთეკის ფონდს და 30000 ბარათს ითვლის. კომუნიკაცია და წიგნების შეკვეთა ხორციელდებოდა ტელეფონით. ამ გამოცდილებას შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე საბიბლიოთეკო კორპორაციის პროტოტიპი.

1934 წლის დასაწყისში ბიბლიოთეკამ წარმატებას მიაღწია დამწყები მკითხველების მოზიდვაში, საგამომცემლო საკითხების გადაჭრაში, ბიბლიოგრაფიული მასალების შემუშავებაში თვითგანათლების დასახმარებლად და პარტიული გადაწყვეტილებების ხელშეწყობაში. წლის ბოლოს ბიბლიოთეკის მიღწევებს შორის იყო: კომპლექტაციის ხარისხის გაუმჯობესება; ანბანური, სისტემატური და ტოპოგრაფიული კატალოგების შექმნა; რიგში მომლოდინე მკითხველთა და უარების შემცირება; სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიული სახელმძღვანელოების მომზადება. აღინიშნა ბიბლიოგრაფიული განყოფილების „სამაგალითო“ მუშაობა.[4]

1935 წლის აპრილში შეიქმნა კომპლექტაციის ბიურო, რომელიც შედგებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან. ბიურო ეწეოდა კომპლექტაციის პროფილის შემუშავებას, ბიბლიოთეკის ყველა განყოფილების კოორდინაციას, გამოცდილების შესწავლას და მეთოდოლოგიური მასალების მომზადებას.

ბიბლიოთეკის გადატანამ 1940 წლის 10 სექტემბერს სამების ლავრის ეზოს ყოფილ შენობაში, მდინარე ფონტანკას სანაპირო №44-ში წინასწარ განსაზღვრა მისი შემდგომი განვითარება.[3]

1941-1945 წლები

რედაქტირება

დიდი სამამულო ომის დასაწყისში, 1941 წლის 23 ივნისს, დირექტორი ივან ანდრეის ძე მოხოვი მობილიზებული იქნა წითელი არმიის რიგებში. 1941 წლის 24 ივლისს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა ბორის კულტიასოვმა. ბიბლიოთეკის მუშაკებისგან შეიქმნა სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო დანაყოფები. 1941 წლის აგვისტოდან დაიწყო მობილური ბიბლიოთეკების შექმნა არმიის ნაწილებში, სამხედრო ჰოსპიტლებში და საჰაერო თავდაცვის დანაყოფებში. მკითხველთა მომსახურება ჯერ ბომბსაფარში მოეწყო, ხოლო ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ - ბიბლიოთეკის ფოიეში. პერსონალის დიდი ნაწილი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. 1941 წლის ბოლოს ბიბლიოთეკაში 78 თანამშრომლიდან 13 დარჩა საშტატო ნუსხაში.

1942 წლის 7 ნოემბერს ბომბის აფეთქების შედეგად, რომელიც მოხვდა მეზობელ შენობას, ომამდელი აბონემენტების შენობის ჭერი ჩამოინგრა და მთელი ოთახი ნანგრევებით გაივსო, მაგრამ ბიბლიოთეკა განაგრძობდა მუშაობას. ამ წლების განმავლობაში მისი ფონდები ივსებოდა წიგნებით ე. წ. „განადგურებული“ ბინებიდან, რის შესახებაც ქალაქის ფინანსურმა სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა. შეძენილი იქნა ევაკუირებული მაცხოვრებლების პირადი ბიბლიოთეკები. წიგნები მთელი ქალაქიდან მოჰქონდათ, ეწყობოდა გამოფენები.

1942 წლის ზაფხულში ცენტრალური ბიბლიოთეკის თაოსნობით განახლდა პროფესიული საბიბლიოთეკო და მეთოდოლოგიური გაერთიანებების მუშაობა, რომლებზეც მიმდინარეობდა კონსულტაციები მიმდინარე საკითხებზე და ტარდებოდა მიმოხილვები.

1943 წელს ანა ფელდბლუმი გახდა ბიბლიოთეკის დირექტორი, იმავე წელს მეთოდურმა კაბინეტმა განაახლა მუშაობა.

1945-1986 წლები

რედაქტირება

ა. ა. ფელდბლუმის ხელმძღვანელობით დაწყებული ბიბლიოთეკის ომისშემდგომი აღდგენა და განვითარება ასევე მჭიდრო კავშირშია 1946 წლის 8 აპრილიდან 1968 წლის 18 იანვრამდე ბიბლიოთეკის დირექტორის ნ. ა. გლაგოლევას სახელთან. დიდი სამუშაო შესრულდა შენობის შესაკეთებლად, ასევე სახურავის აღსადგენად. დაისახა ამოცანები წამყვანი განყოფილებების მუშაობის გაფართოების, საშტატო განრიგის გაზრდის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის, წიგნების ფონდების შეძენის გაძლიერების, საცნობარო და საძიებო აპარატის რეორგანიზაციისა და მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისა და „ახალბედათა“ კითხვას. 1959 წლიდან ორგანიზებულ იქნა საჯარო წვდომა ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილზე.

1958 წელს რსფსრ ბიბლიოთეკის კულტურის სამინისტრომ ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ბიბლიოთეკას, მიანიჭა წოდება „რსფსრ-ს საუკეთესო ბიბლიოთეკა“.

აქტიურად მიმდინარეობდა სოციალური და კულტურული სამუშაოები. ტარდებოდა ლექციები, ეწყობოდა შეხვედრები მწერლებთან. მაგალითად, 1959 წელს დ. გრანინთან და ა. ჩაკოვსკისთან შეხვედრას 270 ადამიანი ესწრებოდა. 1960 წლიდან ბიბლიოთეკაში მუშაობდა ლიტერატურული ასოციაცია „სამშაბათი“ ვიქტორ ბაკინსკის ხელმძღვანელობით. მის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის არიან ს. დოვლატოვი, ვ. გუბინი, ი. ეფიმოვი და სხვები. ასოციაციის წევრები იყვნენ ასევე ვ. პოპოვი, ვ. მარამზინი, ვ. ვოსკობოინიკოვი. ბიბლიოთეკაში იმართებოდა ცნობილი მსახიობების კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები (ს. იურსკის, ო. ბასილაშვილის, კ. ლავროვის, ვ. სტრჟელჩიკის).

1968 წლის იანვარში რიმა სუნდუშნიკოვა გახდა ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მდინარე ფონტანკის სანაპირო №44-ში მდებარე ავარიული შენობის რეკონსტრუქცია. ბიბლიოთეკა განთავსდა კიროვის რაიონის ბიბლიოთეკისთვის ახლადაშენებულ შენაბაში(ლიონია გოლიკოვის ქ. №31). მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში მაიაკოვსკის სახელობის ბიბლიოთეკამ შეინარჩუნა პერსონალი, ფონდი, ცენტრალური ქალაქის ბიბლიოთეკისა და მეთოდოლოგიური ცენტრის სტატუსი. შორ მანძილზე მდებარეობის, გადაადგილებისა და რეორგანიზაციის პირობებში, ცენტრალური რეგიონების მცხოვრებთათვის, რომლებმაც ჩვეული ბიბლიოთეკა დაკარგეს, მოგვარებულ იქნე წიგნების ბიბლიობუსებით მომსახურების სერვისი.

1970-იანი წლების ბოლოს ბიბლიოთეკას განყოფილების სტატუსით შეუერთდა ლენინგრადის სანოტო-მუსიკალური ბიბლიოთეკა, ხოლო 1980 წლის 1 იანვარს მის შემადგენლობაში ქალაქის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა შევიდა.[3]

 
ზოია ჩალოვა, ბიბლიოთეკის დირექტორი 1986 წლიდან

1986 წელს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზოია ვასილის ასული ჩალოვა გახდა. ამ „პერესტროიკის“ და პოსტპერესტროიკის წლებში ბიბლიოთეკამ შეძლო მდინარე ფონტანკას სანაპირო №44-ში მდებარე შენობის შენარჩუნება და მიიღო ახალი შენობა იქვე, №46-ში, უცხო ენების ლიტერატურის განყოფილების განვითარებისთვის.

1994 წელს №46-ში გაიხსნა თავადი გ. ვ. გოლიცინის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომლის კოლექციაში შედიოდა რუსეთის შესახებ საზღვარგარეთ გამოცემული წიგნები რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე რუსი ემიგრანტების პუბლიკაციები. ამჟამად გოლიცინის ბიბლიოთეკა შედის უცხო ენების ლიტერატურის განყოფილებაში, როგორც ცალკე კოლექცია.

1996 წლის 1 სექტემბერს მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკის სანოტო-მუსიკალური განყოფილება გაერთიანდა ა. ბლოკის სახელობის ბიბლიოთეკასთან და მიიღო სახელწოდება „ვ. მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალური საქალაქო საჯარო ბიბლიოთეკის ა. ბლოკის სახელობის მუსიკალურ-მხატვრული ფილიალი. 1997 წლიდან ეს განყოფილება ფუნქციონირებს ნევის გამზ. №20-ში. რამდენიმე წლის განმავლობაში განყოფილებას ერქვა ხელოვნებისა და მუსიკის საბიბლიოთეკო-საინფორმაციო ცენტრი. 2021 წლიდან განყოფილებას ეწოდა „Невский-АРТ“.

1990-იან წლებში ქვეყნის საჯარო ბიბლიოთეკებს შორის პირველ რიგებში იდგა. ბიბლიოთეკის სპეციალისტებმა შექმნეს მათი ფონდების ელექტრონული კატალოგი.

2000-იანი წლების შუა ხანებში ბიბლიოთეკა გახდა სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკების კორპორატიული ქსელის პროექტის ინიციატორი და შემქმნელი, რომელიც აერთიანებდა სამ საქალაქო ბიბლიოთეკას და 18 ცენტრალიზებულ საბიბლიოთეკო სისტემას, სულ 198 დაწესებულებას. 2009 წლიდან ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ბიბლიოთეკა კორპორატიული ქსელის სათაო ცენტრია.

 
ბიბლიოთეკა ფონტანკაზე, 44, ხედი მდინარე ფონტანკას მოპირდაპირე ნაპირიდან

2010-იან წლებში გაიხსნა ბიბლიოთეკის ახალი განყოფილებები: საინფორმაციო და დასასვენებელი ცენტრი „M-86“ (მოსკოვის გამზ. #86); „Охта-LAB“ ბიბლიოთეკა - ქალაქის პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრში „ოხტა-მოლი“, მოგვიანებით კი „ПассажLib“ განყოფილება სავაჭრო სახლ „პასაჟში“ (ნევის გამზ. 48). 2020 წლის ოქტომბერში ვასილიევის კუნძულზე საჯარო სივრცეში გაიხსნა ბიბლიოთეკის ქვეგანყოფილება, რომელიც მუშაობდა 2022 წლის აპრილამდე, ხოლო იმავე წლის მაისში გადავიდა საჯარო და ბიზნეს სივრცეში -„სევკაბელ-პორტი“

ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის ბიბლიოთეკა დღეს — ეს არის ცხრა საჯარო სივრცე ფონდით 111 ენაზე; 1,7 მილიონზე მეტი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, დისკი და ვინილის ჩანაწერი. 2019 წლის ბოლოსთვის ეს იყო 57216 რეგისტრირებული მკითხველი; წელიწადში 566199 ვიზიტორი; 335 კვალიფიციური თანამშრომელი; მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიები და თამამი იდეები. ბიბლიოთეკას აქვს განშტოებული სტრუქტურა და მოიცავს სამუშაოს მრავალ მიმართულებას, რომლებიც დამახასიათებელია უმსხვილესი რეგიონალური ბიბლიოთეკებისთვის. 2020 წელს თვითიზოლაციის პერიოდში ბიბლიოთეკამ დისტანციურად წარმატებით უზრუნველჰყო საბიბლიოთეკო მომსახურების სრული ციკლი.

ბიბლიოთეკის ისტორიული და თანამედროვე შენობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Ильина 1995.
  2. РГИА, ф. 776, оп. 29, д. 14, л. 14
  3. 3.0 3.1 3.2 Летопись / ЦГПБ им. В. В. Маяковского.
  4. Приказы 13 января 1934 г. — 16 декабря 1934 г. // Объединённый межведомственный архив культуры (ОМАК). Ф. 45. Оп. 1. Д. 5. 36 л.