სამყინაურის ეკლესია

სამყინაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ორიოდ კილომეტრზე, ხშირ ტყეში. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.

ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. კუთხეებსა და კარ-სარკმლებისათვის შედარებით წესიერი ფორმის ქვებია გამოყენებული. კედლები შიგნით და გარედან გასწორებული ყოფილა ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და ნაწილობრივ მათ ზედაპირსაც ფარავს.

ეკლესიის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (11.6×10.1) ჩაწერილია ერთმანეთისგან ყრუ კედლებით გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. დასავლეთით, შუა ეკლესიის გაგრძელებაზე, მოწყობილია კარიბჭე, რომელიც მხოლოდ შუა და სამხრეთ ეკლესიებს უკავშირდება. მთავარი ეკლესიის გვერდით ეკლესიებთან შედარებით, ჩვეულებრისამებრ უფრო ფართოა და მაღალი. შესასვლელები მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნით ნალისებრი თაღითაა გადახურული, ხოლო გარედან მთლიანი ქვის ზღუდარით - თარაზულად. მთავარი ეკლესიის აფსიდი ნალისებრი მოხაზულობისაა. მისი ნაწილი შენობის გეგმის კონტურის გარეთაა გასული სამწახნაგოვან შვერილს ქმნის. აფსიდის შუაში გარეთკენ შევიწროებული განიერი სარკმელია გაჭრილი. მისი ზედა ნაწილი კედელთან ერთად დანგრეულია. სარკმლის ორივე მხარეს ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო კვადრატული და თითო ნალისებრთაღოვანი ნიშაა. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი განიერი და მაღალი ნალისებრთაღოვანი შეღრმავებით, რომელთა შორის პილასტრია. პილასტრი შირიმის მარტივი პროფილის (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) კაპიტელითაა დასრულებული. იგივე მასალის და პრფოლისაა თაღების იმპოსტებიც. შუა ეკლესიის კედლებიდან ყველაზე უკეთ დასავლეთ კედელია შემორჩენილი, თუმცა მასაც ზედა ნაწილი მონგრეული აქვს. ამ მხრიდან ეკლესიას სარკმელი არ ჰქონია. მთავარი ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები კი იმდენადაა დანგრეული, რომ მთში სარკმელთა არსებობაზე რაიმეს თქმა შეუძლებელია.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიები ვიწრო და გრძელი დერეფნებია, აღმოსავლეთით ისინი დასრულებულია სწორი კედლით; ორივეში თითო განიერი და მაღალი ნალისებრთაღიანი, ნიშაა რომელიც წირვის დროს, როგორც ჩანს, საკურთხევლის მოვალეობას ასრულებდა.

სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელში მრგვალ ბოძზე დაყრდნობილი, ნალისებრთაღოვანი ფართო შესასვლელია. იგი ნავის განათების ერთადერთ წყაროს წარმოაგდენს. თაღები დაყრდნობილია მარტივი პროფილის შირიმის იმპოსტებზე, სამხრეთ ეკლესიის კამარა ნახევარწრიულია მსუბუქი ტეხილით წვეროსთან. იგი ეყრდნობა კონსოლებზე გადაყვანილ ორ საბჯენ თაღს რომელთაგანაც ერთი აღმოსავლეთ კედელთანაა, ხოლო მეორე - მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე. ჩრდილოეთ ეკლესიაში შესასვლელი მოწყობილია მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაბალი საფეხური. ეკლესიის შიდა სივრცე საკმაოდ ძუნწადაა განათებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო ბრტყლად გადახურული სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმელი იმდენად მაღლაა „ატანილი“, რომ თავი კამარის წვერის დონეზე აქვს.

დასავლეთ კარიბჭე ჩრდილოეთ ეკლესიისგან ყრუ კედლითაა გამიჯნული და მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ეკლესიებს უკავშირდება. სამხრეთ ეკლესიაში იგი მთლიანადაა გახსნილი. მათ საზღვარზე შირიმის კონსოლებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღია. თაღის ქვემოთ მოგვიანებით კედელი ამოუყვანიათ და კარიბჭე სამხრეთ ეკლესიისგან გაუმიჯნავთ. კარიბჭის დასავლეთ კედელში, მთავარი ეკლესიის შესასვლელის მოპირდაპირედ, მოწყობილია ფართო შესასვლელი, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს. კამარა აქაც სხმულია, ცილინდრული ფორმისაა.

გარედან ეკლესია თითქმის მთლიანად ხეებითა და სუროთია დაფარული. შემორჩენილი ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.ეკლესიის ჩრდილოეთით ოცდაათიოდე მეტრზე, დგას ეკლესიის თანადროული, რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა, რომლის დღევანდელი მდგომარეობა, გათხრა-გასუფთავების გარეშე, მისი სტრუქტურისა და დანიშნულების შესახებ უეჭველი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. შენობა აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებითაა წაგრძელებული; შედგება ორი, თითქმის თანაბარი ფართობის სწორკუთხა სათავსისგან, რომლებიც ერთმანეთისგან კედლით არიან გამიჯნული. კედელი, მიწიდან დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, განგრეულია, რის გამოც შენობის ნაწილთა კავშირის შესახებ რაიმეს თქმა ძნელია.

აღმოსავლეთ სათავსი გაცილებით მაღალია. შესასვლელი მას სამხრეთიდან ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთ კედლის შუაში შემორჩენილია სარკმლის ძირი. შიგნით სათავსი გადახურულია შეკრული კამარით. კამარა დაყრდნობილია საბჯენ თაღებზე, რომლებიც ოთხივე კედლიდანაა გადმოყვანილი.აღმოსავლეთ სათავსის ქვეშ, იგივე ფართობის კამაროვანი სათავსია, რომელსაც დასავლეთ სათავსიდან, იატაკის დონეზე, თაღოვანი შესაძვრომი აქვს მოწყობილი.დასავლეთ სათავსი დასავლეთით, როგორც ჩანს, მთელ სიგანზე ყოფილა გახსნილი. შიგნით სათავსი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ორივე სათავსს დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი ეხურა.

ლიტერატურა

რედაქტირება