სამკარის ციხე
სამკარის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ისტორიულ ტაოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ციხესიმაგრე სოფლის თავში, ამაღლებულ კლდეზეა გაშენებული. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ თურქეთის ხელისუფლებამ ამ ციხეს კაპიტალური რემონტი ჩაუტარა. ის ფაქტობრივად თავიდან ააგეს. სამკარის ციხე ოლთისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ოლთისიდან სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთით გადასახვევია, სადაც სულ რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ სოფელ სამიკალეში შევდივართ. სამკარის ციხე ზღვის დონიდან 1755 მეტრზე მდებარეობს.
აღწერა
რედაქტირებაციხესიმაგრე XX საუკუნის 80-იან წლებში მიწისძვრამ დაანგრია, ხოლო 2000-იან წლებში საფუძვლიანად აღადგინეს და ფაქტობრივად ძველი იერსახე დაუკარგეს. ციხესიმაგრე შუა საუკუნეების პერიოდისაა, რომელიც თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით მამირვანის მხარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ცენტრია. თანამედროვე გადაკეთების მიუხედავად, ციხესიმაგრეს ძველი ფორმები გარკვეულწილად შენარჩუნებულია. ზემოდან დაკვირვებით, ციხესიმაგრეს საინტერესო ფორმა აქვს და რელიეფს მიუყვება. ციხე სოფლის ყველაზე მაღალ წერტილშია აგებული. იქიდან ის მთელ სოფელსა და ირგვლივ არსებულს პერიმეტრს გადაჰყურებს. სამკარის ციხის ამჟამინდელი მაქსიმალური სიგრძე 64 მეტრია, ხოლო სიგანე 18 მეტრი. დღეს არსებული კედლის მაქსიმალური სიმაღლე კი 4 მეტრს აღწევს, რაც შეეხება კედლების სისქეს, ის 1,2 მეტრია.
ისტორია
რედაქტირებასამკარის ციხის აგების შესახებ პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია, თუმცა წყაროებში ის უკვე XIV-XV საუკუნეების მოვლენების აღწერის დროს იხსეინება. ამ დროს ციხე აგებულია და ქვეყნის თავდაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამკარის ადგილმდებარეობამ სტრატეგიული მნუშვნელობა განვითარებულ ფეოდალურ ხანაში შეიძინა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა:
- ფეოდალური ურთიერთობების გაღრმავება,
- იმიერტაოს პოლიტიკური ცენტრის, ოლთისის, თავდაცვის საჭიროება მდინარე ოლთისისწყლის მარცხენა სანაპიროს მხრიდან.
IX-X საუკუნეებში მამირვანის მხარე ქართველთა სამეფოში შედის. X საუკუნეში მას ბაგრატიონთა იმიერტაოს შტო აკონტროლებს, რომლის გამორჩეული წარმომადგენელი დავით III დიდია. დავით III კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ეს ტერიტორია ანდერძის წესით ბიზანტიის იმპერატორმა დაიკავა. ბიზანტიის 76-წლიანი მფლობელობის შემდეგ ის კვლავ საქართველოს უბრუნდება. თუმცა თურქ-სელჩუკების მიერ ამ მხარის დაპყრობის მერე ტაო ცილობის ობიექტია ქართველებსა და თურქებს შორის, ხოლო თამარის მეფობის დროს იგი საქართველოს შემადგენლობაში დამკვიდრდა.
სამკარის ციხე გადაურჩა თემურ-ლენგის მრისხანებას, რამაც ამ ციხესიმაგრეს ისლამის მიმდევართა შორის აუღებელი ციხის სახელი დაუმკვიდრდა.
სამკარის ციხის ოსმალო მმართველების ხელში გადასვლამ იქ არა მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ ცვლილებებსაც დაუდო სათავე, რაც, საბოოლოდ, ამ მხარის ეთნიკური, რელიგიური და დემოგრაფიული ცვლილებების მომასწავებელი გახდა. ოსმალური სოციალური სისტემის გაბატონებამ ციხის ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია. ახალ მფლობელებს, სიფაჰებს, ციხესიმაგრის განვითარებისთვის ზრუნვა ნაკლებად უწევდათ ვინაიდან ეს ციხე არ წარმოადგენდა მათ სამემკვიდრეო, მამისეულ მიწას. სამკარის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვისთანავე მისი ფუნქცია დაიკარგა და ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ძელი სამკარის უკვე ნაციხარია. ოსმალურ დათვრებში იგი აღარ იხსეინება, ვინაიდან მისი მნიშვნელობა იმდენად დაცემული იყო, რომ სპეციალურ აღნიშვნას არც საჭიროებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, XII, თბ., 2017 გვ. 171-172