სამეფო სასახლეები

სამეფო სასახლეები — თბილისში განლაგებულ (V-XVI საუკუნეები) სამეფო სასახლეთა შესახებ მეტად მწირი ცნობები გვაქვს; ქართული თუ უცხოენოვანი საისტორიო ლიტერატურა მათ შესახებ თითქმის არაფერს გვამცნობს. პირველი საისტორიო წყარო, რომელიც გაკვრით იხსენიებს თიბლისის სამეფო სასახლეებს, არის 607 წელს შედგენილი „ეპისტოლეთა წიგნი“, რომლის მიხედვითაც, სასახლე სიონის საყდრის მახლობლადაა. ვარაუდით, იგი უნდა მდგარიყო ახლანდელი ბოტანიკური და სამღებროს ქუჩათა მიდამოებში, ასეთი მოსაზრების გამოთქმის უფლებას გვაძლევს „აბოს ცხოვრებაში“ მოხსენიებული „ორმეოცთა მოწამეთა“ (გვიანდელი ხანის მთავარანგელოზის) ეკლესიასთან ახლოს არსებული თბილისის ამირას სასახლე. სავარაუდოა, რომ ტრადიცია გრძელდებოდა და თბილისის ამირას სასახლე იმავე ადგილას უნდა მდგარიყო XI საუკუნეშიც, კერძოდ, 1045 წელს საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის მიერ თბილისის დაკავების დროსაც. მას შემდეგ, რაც თბილისი საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქდ იქცა (1122 წელი), მეფეთა სასახლე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო, ისნის ციხეში. 1184 წელს მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების ამბავი თამარ მეფეს მოახსენეს

ვიკიციტატა
„„ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს“.“

მეორედ ისნის სამეფო სასახლის შესახებ ცნობას ვხვდებით დავით VII ულუს (1247-1270 წლები) მიერ მესტუმრე ჯიქურის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით:

ვიკიციტატა
„„...და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური, ღამით, რამეთუ მეფე ჯდა ისანთა მხედველი მტკურისა““

. სწორედ ჯიქურმა განაახლა თუ თავიდან ააშენა ისნის პალატნი. XIII-XVII საუკუნეების საისტორიო წყაროები ისნის სამეფო სასახლეებთა შესახებ არას გვამცნობს. კალაში მდგარი სამეფო სასახლეებთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ჩვენში სამოგზაუროდ ჩამოსული ევლია ჩელები (1640-1670 წლები), თბილისის აღწერის დროს ამბობს:

ვიკიციტატა
„„ხანის (როსტომ მეფის) სასახლე ამ ციხეშია““

(საუბარია დიდ ციხეზე). შემდეგ კი, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, როსტომ მეფეს მიუტოვებია ისნისა და კალში მდგარი სამეფო სასახლეები.

ვიკიციტატა
„„...მაღალს ციხეში არს... სასახლე მეფისა, პალატნი დიდ-დიდნი და შუენიერნი. არამედ დაუტევა... მეფემან როსტომ... და თავისა თჳსათჳს სამეფოდ აღაშენა სიონსა და ანჩისხატს შუა სასახლე, მტკურის გარდაკიდებით, ყიზილბაშთა რიგისა“.“

როსტომ მეფეს სიონსა და ანჩისხატს შორის ადგილი გამოურთმევია მუშრიბ (მწერალი) სულხან ფარყუზაშვილისათვის. პირველად როსტომის სასახლე ქება-დიდებით მოიხსენია XVII საუკუნის პოეტმა ფეშანგი ფაშვიბერტყაძემ თავის ისტორიულ პოემაში „შაჰნავაზიანი“, რომელიც 1658-1664 წლების ქრონიკაა და სხვა ამბებთან ერთად გადმოცემულია ვახტანგ V-ის და მარიამ დედოფლის თბილისში გადახდილი ქორწილი.

1673 წლის თბილისს ეწვია ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც ბევრ სხვა ამბავთან ერთად დაგვიტოვა როსტომის სასახლის აღწერა. შარდენს თან ჩამოუყვანია მხატვარი გრელო, რომელმაც გრაფიკულად აღბეჭდა იმდროინდელი თბილისი და დაახლოებით სწორად ასახა სამეფო სასახლეც. შარდენი წერს:

ვიკიციტატა
„„მთავრის სასახლე, უდავოდ, თბილისის ერთ-ერთი მშვენებაა. მას აქვს დიდი დარბაზები, რომლებიც მდინარესა და სასახლის უზარმაზარ ბაღებს გადასცქერიან... ამ სასახლის წინ კვადრატული მოედანია, სადაც ათასამდე ცხენი დაეტევა“.“

მეფე-პოეტი თეიმურაზ II, როსტომ მეფის სასახლეს, რომელიც მას თვითონ ჰქონდა ნანახი, ასე გივხატავს:

ვიკიციტატა
„„როსტომ მეფისგან ნაგები საწოლი სახელიანი, ნახატი სურათებითა, ყვავილი ფერადიანი, თვით როსტომ ფალავანი და დევნი ეხატა რქიანი და შეამკო დიდად, დაედვა საელად როსტომიანი““

1701 წელს თბილისში ჩამოვიდა ფრანგი მოგზაური ტურნეფორი, ამ დროს ქართლის მეფე იყო ერეკლე I (1688-1703). იგი აღწერს თბილისს და იქ არსებულ სამეფო სასახლეებს. ტურნეფორს თან ახლდა მხატვარი ობრიე, რომელსაც ეკუთვნის გრაფიკულად შესრულებული თბილისის სურათი, სადაც აღბეჭდილია ორი ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი სამეფო სასახლეები. მოგზაური მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„„ციხის ძირში მდებარე მეფის სასახლე ძალზე ძველია, მაგრამ ამ ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ კარგად არის მოვლილი. სასახლის წინ განლაგებული ბაღები, ძაღლის ხუხულაში საბაზიერო... მოედანი და ბაზარი... საინტერესო სანახავია“.“

ტურნეფირუ არას ამბობს, თუ რომელი ქართველი მეფის სასახლე ნახა თბილისში ყოფნისას.როსტომის სასახლის გვერდით ახალი სასახლე აუგია ერეკლე I-ს 1703-1714 წლებში, ქართლის სამეფოს გამგებელი იყო ვახტანგ VI, მემატიანე სეხნია ჩხეიძე გადმოგვცემს, რომ ვახტანგ VI-მ „აღაშენა ქალაქსა სახლი პატიოსანი მიჭურიტნისა და ოქროსა ვარაყითა შეთხზნული“, ხოლო ვახუშტი წერს: „მეფემან ვახტანგ აღაშენა სახლი შუენიერი, სრულიად სარკითა და მოოქროვილი, დიდ-მხატვრობითა, ლაჟუარდითა და მარმარილოს კედლითა, შემუსრეს ოსმალთა“, ასე რომ XVIII საუკუნის პირველს მეოთხედში, სიონისა და ანჩისხატის საყდრებს შორის იმ ადგილას, სადაც 1645 წელს როსტომ მეფემ ააგო სასახლე, ეთმანეთის გვერდით სამი სასახლე იდგა.

მართალია ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, თბილისში მდაგი სამეფო სასახლეები „შემუსრეს ოსმალთა“, მაგრამ, ეტყობა, იქ მდგარი სამეფო სასახლე მაინც ფუნქციონირებდა, რადგან 1723-1744 წლებში თბილისში მყოფი ოსმალი თუ სპარსი ფაშები, ვეზირები და ხანები დროდადრო ქართველ მეფეთა სასახლეებში ჩერდებოდნენ. ცნობილია, რომ 1735 წლიდან 1747 წლამდე ქართველებს მხოლოდ ქალაქი ეკავათ, ხოლო თბილისის დამცველი ციხეები - მეტეხი, თაბორი და ნარიყალა (დაბლა ციხეთურთ) ყიზილბაშ მეციხოვნეებს ეპყრათ. როგორც პაპუნა ორბელიანი მოგვითხრობს, მაჰმადიანები „...სიონს მონასტერს ზარბაზანს ესროდენ და მეფის საჯდომი სასახლე ყუნბარით აავსეს და ზარბაზნითა დაამტვრიეს...“ XVIII საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულისათვის დიდი ყურადღება ექცეოდა საქალაქო ცხოვრების განვითარებას. თბილისში ახალი სასახლის შესახებ ცნობას ვხბდებით მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დადიანის ქორწილთან დაკავშირებით:

ვიკიციტატა
„„მზა ექმნა რიგი ქორწილისა მეფეს თეიმურაზ ცხეაღეგო მეფეს თეიმურაზს მტკვრის პირს, მშვენიერი და შემკული ყოვლით კერძო“.“

ეს მოხდა 1751 წელს. თეიმურაზ II-ს თავისი სასახლის მშენებლობა „თამამად“ დაუსრულებია 1753 წელში. გამოდის, რომ ქორწილის გადახდის დროს სასახლე არ ყოფილა შემკული ყოველი სიკეთით. მას დასრულებული სახე 1753 წელს მიუღია. მაგრამ, სასახლის მშენებლობის საქმე ამით არ დასრულებულა, ერეკლე II-მ თეიმურაზის მიერ აგებული სასახლე უფრო გააფართოვა - გაზარდა:

ვიკიციტატა
„„შემდგომად აღაშენა მეფემან ირაკლი მეორემან 1783 წელს სასახლენი შუენიერნი და შამუსრა აღამაჰმადხან ყაენმა...“.“

პლ. იოსელიანი, რომელსაც არ უნახავს თბილისში მდგარი მეფის სასახლე, გადმოგვცემს თვითმხილველთა ნაამბობს:

ვიკიციტატა
„„საკუთრივ სასახლეს სიგრძე ჰქონია 65 საჟენი (დაახლოებით 137 მეტრი), აგურისაგან ნაშენი სქელი კედელი, რომელიც მტკვრის ნაპირიდან ამოდიოდა...“.“

1795 წელს თბილისში მდგარი მეფის სასახლე აღამაჰად-ხანის შემმუსვრელ შემოსევას შეეწირა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 776