სამარინის რესპუბლიკა
სამარინის რესპუბლიკა[1] [2] (რუმინულად: Republica de la Samarina) ან, მეორენაირად, პინდუსის რესპუბლიკა[3] (ბერძნულად: Δημοκρατία της Πίνδου; რუმინულად: Republica Pindului) არის ისტორიოგრაფიული სახელწოდება, რომელიც უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის დროს იტალიის დაცვის ქვეშ არომუნების კანტონის შექმნის მცდელობასა და იდეის წამოყენებას. 1917 წლის ივლისსა და აგვისტოში მოკლევადიანი იტალიური ოკუპაციის დროს, ჩრდილოეთ საბერძნეთში, სამარინისა და პინდუსის მთების სხვა სოფლებში შეკრებილმა არომუნელმა მოღვაწეებმა 29 აგვისტოს მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. რამდენიმე დღეში იტალიელების მყისიერი უკანდახევის შემდეგ, ბერძენმა ჯარისკაცებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აღადგინეს კონტროლი კანტონის მიერ მისაკუთრებულ რეგიონზე.[4]
წინაპირობები
რედაქტირება1859 წელს შექმნიდან მოყოლებული, რუმინეთი ცდილობდა მოეპოვებინა გავლენა ოსმალების იმპერიაში მცხოვრებ არომუნებსა და, ასევე, მეგლენო-რუმინელებზე. 1860-იან წლებში ის აფინანსებდა აპოსტოლოს მარგარიტისის საქმიანობას, რომელმაც დააარსა რუმინული სკოლები ოსმალთა ტერიტორიაზე მდებარე ეპირუსსა და მაკედონიაში, რადგანაც არომუნულ ენას ბევრი საერთო აქვს რუმინულ ენასთან. რუმინეთმა, ავსტრო-უნგრეთის მხარდაჭერით, მიაღწია 1905 წლის 22 მაისს სულთან აბდულჰამიდის ბრძანებულებით არომუნებისთვის ცალკე მილეთის შექმნას. ასე რომ, ულაჰის მილეთს (არომუნებისთვის - "ვლახების მილეთს") შეეძლო ჰქონოდა საკუთარი ეკლესიები და სკოლები.[5] ეს იყო ევროპულ თურქეთში მე-19 საუკუნის ბოლოს რუმინეთის დიპლომატიური წარმატება.[6]
ამის შემდეგ, რუმინეთმა დააფინანსა მრავალი სკოლის მშენებლობა და ფუნქციონირება მაკედონიისა და ეპირუსის უფრო ფართო რეგიონებში. ამ სკოლებმა მაშინაც კი განაგრძეს მუშაობა, როცა 1912 წელს მაკედონიის და თრაკიის ზოგიერთი ტერიტორია საბერძნეთის ხელისუფლებას გადაეცა. რუმინეთის მიერ მათი დაფინანსება გაგრძელდა 1913 წელს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ელეფთერიოს ვენიზელოსთან შეთანხმებით.[7] მსგავს რუმინულ სკოლებში იყო კოორდინირებული ძალისხმევა, რათა არომუნებს შორის გაეწიათ რუმინული იდენტობის პოპულარიზაცია. ამ სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებსაც სურდათ სწავლის გაგრძელება, ჩვეულებრივ მიდიოდნენ რუმინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მომდევნო ხანებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ალბანეთი, მათ შორის, ჩრდილოეთ ეპირუსი, გაიყო იტალიის სამეფოსა და საფრანგეთს შორის. აქედან პირველმა დაიპყრო ქალაქი გინოკასტრა[8] (Ljurocastru, Iurucasta or Iurucast), ხოლო მეორემ - ქალაქი კორჩე (Curceauã, Curceao or Curciau). გარდა ამისა, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ჯარისკაცებმა განახორციელეს ჩრდილოეთი და ცენტრალური ალბანეთის ოკუპაცია.
1916 წლის 10 დეკემბერს ფრანგებმა დააფუძნეს "კორჩის ალბანური ავტონომიური რესპუბლიკა". ამის საპასუხოდ, ავსტრია-უნგრეთმა 1917 წლის 3 იანვარს, ქალაქ შკოდერიში, გამოაცხადა ალბანეთის, როგორც პროტექტორატის დამოუკიდებლობა, ხოლო 1917 წლის 23 ივნისს, იტალიელებმა ქალაქ გინოკასტრაში გამოაცხადეს იტალიური პროტექტორატი, რომელიც ალბანეთზე ვრცელდებოდა.[9] მცირე დროში, იტალიურმა ძალებმა წინ წაიწიეს და დაიკავეს ქალაქი იოანინა (მეორენაირად - იანინა ან ენინე).
1917 წლის აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის პირველ ორ დღეში, სამხრეთ ალბანეთის და ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთის ტერიტორიების ოკუპაციის და დანაწევრების პირობებში, იტალიურმა ძალებმა დაიკავეს სამარინა (არომუნულად: სამარინა, ქსამარინა ან სან მარინა) და პინდუსის სხვა სოფლები.[10]
ისტორია
რედაქტირება1917 წელს, ალბანეთის და ჩრდილოეთ ეპირუსის ტერიტორიების ოკუპაციის დროს, ისტორიულ და ენობრივ ურთიერთობებზე დაყრდნობით, იტალიელები შეეცადნენ არომუნებზე გამარჯვებას, რათა არომუნულ-რუმინული ურთიერთობები იტალიის სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ და პრორუმინული არომუნები გადაექციათ პროიტალიურ არომუნებად.[6] [11]
1917 წელს სამხრეთ ალბანეთის მოკლევადიანი იტალიური ოკუპაციის დროს, როცა იტალიური ძალები, აგრეთვე, შევიდნენ ბერძნულ ტერიტორიებზე, პინდუსის მთის რამდენიმე სოფელში მცხოვრებმა არომუნებმა მოითხოვეს ავტონომია იტალიის დაცვის ქვეშ და მიმართეს რუმინეთს დასახმარებლად. წერილები გაიგზავნა რამდენიმე ქვეყანაში, 13 სოფლის მერებისა და წარმომადგენლების მიერ.[4] განცხადება გაიგზავნა 1917 წლის 29 აგვისტოს სამარინადან და მას ხელს აწერდა დროებითი კომიტეტის 7 წარმომადგენელი. ისინი იოანინას იტალიური საკონსულოსგან ითხოვდნენ შველასა და დაცვას.[4] დროებითი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ალქიბიადეს დიამანდი გაემგზავრა იოანინაში პასუხის მისაღებად. მომდევნო დღეს რუმინელებსა და იტალიურ საკონსულოს უმალვე ჰქონდათ რეაგირება: მკაფიო პასუხი, რომ ეს ქმედებები იყო არასწორი და შეუსაბამო, რამდენადაც არავისგან არ იყო დამტკიცებული და არცერთი მონაწილის მიერ - მხარდაჭერილი.[4]
ერთი დღის გასვლის შემდეგ, იტალიის ჯარმა დატოვა საბერძნეთის ტერიტორია. 3-დან 7 სექტემბრამდე პერიოდში ბერძნული ძალები წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ სოფლებში და 7 სექტემბერს, მათ სამარინაში დააკავეს 7 ადამიანი, რითაც ბოლო მოუღეს ამ მოვლენებს.[4] [6]
ეს მოვლენები აღწერილია მოგვიანებით ბიბლიოგრაფიაში, როგორც "პინდუსის სამთავროს" შექმნის მცდელობა, მაშინ, როცა სხვა წყაროებში, 1917 წლის მოვლენებს სახელი არ აქვს დარქმეული.[5] [6] [7]
მომდევნო ხანებში, 1919 და 1920 წლების პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, არომუნების დელეგაციამ მოითხოვა ავტონომია.[12]
მონაწილე სოფლები და პირები
რედაქტირებაწერილი, რომელიც გაიგზავნა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ იონ კ. ბრატიანუსთან 1917 წლის 27 ივლისს, ხელმოწერილია შემდეგი სოფლების, მათი მერების და წარმომადგენლების მიერ:[4] სამარინა, ავდელა (Avdhela), პერივოლი (Pirivoli), ვოვოზა (Bãiasa, Baiesa or Baiasa), მეცოვო (Aminciu), კონიცა (Conitsa), პადესი (Padzes), კრანეა (Turia), დისტრატო (Briaza), ლაისტა (Laca), ილიოჩორი (Dovrinovo), არმატა (Armata) და სმიქსი (Zmixi).
გარდა ამისა, იტალიის საკონსულოს მიმართ დახმარების მოთხოვნას ხელს აწერდა დროებითი კომიტეტის 7 წევრი:[4]
- დოქტორი დიმიტრი დიამანდი
- იანაცული დაბურა
- მიჰალი ტეგუიანი
- ტაჩი ნიბი
- ზიკუ არაია, გამოცხადებული, როგორც "პინდუსის რესპუბლიკის" სკოლების მინისტრი და რესპუბლიკის კულტურის მინისტრი[4]
- ალჩიბიადეს დიამანდი
- სტერიე კარაგიანი
1917 წლის 8 სექტემბერს სამარინაში ბერძნული ხელისუფლების მიერ დაკავებული პირები იყვნენ:[4]
- ზიკუ არაია - სამარინის რუმინული სკოლის დირექტორი
- გული პაპაგეორგე - სამარინის რუმინული სკოლის მასწავლებელი
- იანაჩე დაბურა - სამარინის ყოფილი მერი
- გერასიმ ზიკა - სამარინის მაცხოვრებელი
- იანაჩი ზუჩი - სამარინის მაცხოვრებელი
- კოსტაჩი სურბი - სამარინის მაცხოვრებელი
შემდგომი პროცესები
რედაქტირება1918 წლის შემოდგომაზე, ქალაქ კორჩეში, არომუნელთა ჯგუფმა გამოაცხადა "პინდუსის რესპუბლიკის" დაარსება, რამაც მხოლოდ ერთი დღე გასტანა. ეს ჯგუფი სამხედრო თვალსაზრისითაც კი უწევდა წინააღმდეგობას ბერძნულ სამხედრო რაზმს, რომელიც უკვე წასული იყო სოფელ ვოვოზაში, რათა დაეკავებინა ის იტალიელთა უკანდახევის შემდეგ.[13]
პინდუსში დამოუკიდებელი სახელმწიფოს, კერძოდ, "პინდუსის სამთავროს" შექმნის კიდევ ერთი მცდელობა იქნება უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს.
იხილეთ ასევე
რედაქტირება- პინდუსის სამთავრო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Aromanians in Kosovo - Doomed Sons Deserted by Parents. P. 54.
- ↑ ROMANIA'S INVOLVEMENT IN BALKAN POLICY DURING THE GREAT WAR. THE ITALIAN ARMY IN THE PINDUS MOUNTAINS. (PDF). P. 57.
- ↑ Οι κουτσόβλαχοι και το Αυτόνομο κρατίδιο της Πίνδου (1917) (In Greek).
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Evenimentele din lunile iulie-august 1917 în regiunea Munților Pind – încercare de creare a unei statalități a aromânilor. documente inedite și mărturii. studiu istoriografic și arhivistic, Stoica Lascu, Revista Română de Studii Eurasiatice, Anul III, No. 1-2/2007 (In Romanian).
- ↑ 5.0 5.1 The ethnicity of Aromanians after 1990: the Identity of a Minority that Behaves like a Majority, Thede Kahl, Ethnologia Balkanica, Vol. 6 (2002), σελ. 148.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Chenoweth, Erica; Lawrence, Adria (2010). Rethinking Violence: States and Non-state Actors in Conflict (in English). MIT Press, გვ. 106. ISBN 9780262014205.
- ↑ 7.0 7.1 The Politics of Nation-Building: Making Co-Nationals, Refugees, and Minorities, Harris Mylonas, Cambridge University Press, 2013, σελ. 134.
- ↑ Armies in the Balkans 1914-18. Nigel Thomas, Osprey Publishing, 2001, p. 17.
- ↑ Ollé, Jaume. (15 July, 1996) Republic of Korçë (1917–1918) დაარქივებული.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2011. ციტატა: „On 23 June 1917, Italy proclaimed the independence of Albania under her protectorate, justifying this with the French precedent in Korçë. Austria-Hungary had done it before on 3 January 1917.“ ციტირების თარიღი: 12 January, 2011
- ↑ Μανόλης Γλέζος Manolis Glezos, Εθνική αντίσταση, 1940-1945, τόμος 1, Στοχαστής, 2006, p. 260 (In Greek).
- ↑ "The Fight for Balkan Latinity" (PDF is not available at the moment). Giuseppe Motta, Proiect Avhdela, p. 10 (data from report of the Italian officer Casoldi entitled: "Note circa la questione valacca" "Note about the Vlach Question" of 29 May, 1917.
- ↑ Motta, Giuseppe (2011). "The Fight for Balkan Latinity. The Aromanians until World War I" (PDF). Mediterranean Journal of Social Sciences. 2 (3): 252-260. doi:10.5901/mjss.2011.v2n3p252. ISSN 2039-2117.
- ↑ Το θνησιγενές πριγκηπάτο της Πίνδου (in Greek).