სალარიანი საყდარი
სალარიანი საყდარი — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, მდინარე ფრონეს ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი აღმართულია კლდეზე დაშენებულ კირხსნარით დაბეტონებულ მაღალ სუბსტრუქციაზე, რომლის წყობა განსხვავდება ნაგებობის ძირითადი კორპუსის კედლების წყობისაგან.
ეკლესია დარბაზულია (6 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველი სწორკუთხაა. დასავლეთ კედელში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც გარედან თლილი ქვის საპირე აქვს. ინტერიერის კედლები კირხსნარითაა მოსწორებული და შელესილი. ფასადები მხოლოდ კირხსნარითაა მოსწორებული. ეკლესიის ირგვლივ ნასოფლარებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 356.