საბუის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბუის ჩრდილოეთით, 2-2,5 კმ-ზე, მდინარე ბოდალხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ოთხსართულიანია. გეგმით კვადრატული (5,5 X 5,5 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. ძეგლი დაზიანებულია: ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები და მეოთხე სართულის კამარა. პირველი სართული ნანგრევებითაა ამოვსებული.

კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, დასავლეთით (შემორჩენილია კარის ჩრდილოეთ წირთხლი და თაღის ნაწილი). პირველი სართულის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე, სათოფურია, ხოლო სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში - სწორკუთხა ნიში. მეორე სართულზე, აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილში ერთი სარკმელია. მესამე სართულზე, იატაკის დონეზე, ჩრდილოეთით, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში თითო ღრმა ნიშია, ხოლო აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში - თითო სწორკუთხა სარკმელი, რომელთა ბრტყელი გადახურვა ჭერის დონეზეა. მეოთხე სართულის კედლები ყრუა. ეს სართული ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ქუსლის ნაწილები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე). კოშკის სართულშუა გადახურვები ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების ბუდეები).

ლიტერატურა

რედაქტირება