საბერეების უდაბნო
საბერეების უდაბნო — დავითგარეჯის უდაბნოს მონასტერთაგან ერთ-ერთი. გამოკვეთილია მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე გაჭიმული ბერების სერის სამხრეთ კალთაზე. საბერეების მონასტრის შესახებ რაიმე ცნობა ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება. დაკარგული მონასტერი XX საუკუნის 60-იან წლებში ხელახლა აღმოაჩინეს.
საბერეები ერთ იარუსად განლაგებულ 9 ეკლესიას, სატრაპეზოს, სამლოცველო-სათავსოს და სხვადასხვა დანიშნულების სათავსს აერთიანებს. ეკლესიებიდან სამი გუმბათიანია, ხოლო დანარჩენი — დარბაზული. ტაძრების უმეტესობას სამხრეთიდან გამოკვეთილი ქონია მინაშენები თავისი საკურთხევლით. მათი უდიდესი უმრავლესობა დღეს თითქმის სრულადაა დანგრეული. ასევე დანგრეულია სხვადასხვა ნაგებობების ნაწილი, ზოგიერთი მთლიანად დაფარულია მიწით. ეკლესიებიდან ოთხი მოხატული ყოფილა. დღეს მხოლოდ ნაწილობრივაა მხატვრობა შემორჩენილი. არქიტექტურული ფორმების მიხედვით, მეცნიერები საბერეების ეკლესიების კვეთას IX-X საუკუნეებში მოიაზრებენ, რასაც ეთანხმება ტაძრების ფრესკული მხატვრობაც.
მოხატულ ტაძრებში ერთ-ერთია დარბაზული ტიპის ეკლესია თავისი მინაშენით. ტაძარი მთლიანად შელესილია, თუმცა მხატვრობა მხოლოდ საკურთხეველში და ჩრდილოეთ კედელზეა შესრულებული. ფრესკა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. ეკლესიას სამხრეთიდან მიდგმული ქონია სამლოცველო, რომლისგანაც დღეს მხოლოდ საკურთხევლის მცირე ნაწილი და ჩრდილოეთის კედელია შემორჩენილი. კედელში გაკეთებულია ნიშა, რომელშიც ჯვარცმის კომპოზიცია იყო მოცემული. ჯვარცმის კომპოზიცია ყურადღებას იქცევს რამდენიმე დეტალით: ქრისტეს გამოსახვა გრძელი პერანგით — კოლუბიუმით და ავაზაკების ჯვარცმა ჯვარზე უკან გადაწეული ხელებით, რაც იკონოგრაფიის მხოლოდ ადრეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი (IX ს.) და ავაზაკების სახელებით: დოვიმაქსი და გესტოზი. როგორც ცნობილია, ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების სახელები მხოლოდ ნიკოდიმოსის სახარებაშია დაცული. ჯვარცმული ავაზაკების სახელები საბერეების მოხატულობის გარდა საქართველოში სხვაგან დაფიქსირებული არაა.
დანარჩენი მოხატული ეკლესიები ყველა გუმბათოვანი ტაძარია. მათ შორისაა მკვლევართა მიერ VI, VII და VIII ეკლესიებად დანომრილი ნაგებობები. მხატვრობა ყველაზე ცუდად შემორჩენილია VI ეკლესიაში, რომლის საკურთხევლის სცენა ძნელად იკითხება, ხოლო ჩრდილოეთი კედლის სიუჟეტიდან მხოლოდ ფრაგმენტი შემორჩა. საკურთხეველში აქაც ტახტზე მჯდომი მაცხოვარია მოცემული, აქეთ-იქით მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებით. მაცხოვრის ქვემოთ გამოსახული იყო ღვთისმშობელი მოციქულების თანხლებით. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე შესრულებული იყო ჯვარცმის სცენა.
V და VI ეკლესიების მსგავსი მოხატულობაა VIII ტაძარშიც, რომელშიც გუმბათიც გაფორმებულია. ისევე, როგორც წინა ორში, აქაც საკურთხეველში გამოსახულია საყდარზე მჯდომი ქრისტე, ორი მთავარანგელოზით, ღვთისმშობლით, მოციქულებით, ხარისა და ლომის გამოსახულებებით და ფარშევანგით. საბერეების VIII ეკლესია ამ მონასტრის მხატვრობის ბოლო ეტაპია და X საუკუნით თარიღდება. გაცილებით უკეთ შემოინახა X საუკუნით დათარიღებული VII ეკლესიის მოხატულობა. VII ეკლესია იმითაცაა გამორჩეული საბერეების დანარჩენი ტაძრებისგან, რომ აქ შესრულებულ მხატვრობას თან ახლავს არა მხოლოდ ქართული წარწერები, არამედ ბერძნული და სომხური განმარტებითი წარწერებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- გონაშვილი დ., ივრის ხეობაში, საბჭოთა ხელოვნება. № 12. 1965
- „გარეჯა (მონასტერთა ლოკალიზაციისათვის)“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 31-32 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1973 წელი. — გვ. 17-30
- თუმანიშვილი დ., საბერეების ეკლესიათა ხუროთმოძღვრება. ძველი ხელოვნება დღეს, № 4, 2013
- სხირტლაძე ზ., საბერეების ფრესკული წარწერები, თბ., 1985
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 236-238.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38141