რუისის კვირიკეწმინდის ეკლესია
რუისის კვირიკეწმინდის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს სოფლის წინაუბნის ჩრდილოეთ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, შეკეთების დროს (XIX ს.) გამოუყენებიათ ბაზალტი. კედლები შიგნით და გარეთ შელესილია. კარ-სარკმლის გარე საპირეები თლილი ქვისაა, სახურავი კრამიტის. შესასვლელი სამხრეთითაა, დასავლეთის კარი ამოშენებულია. შეკეთების დროს კარზე გარედან არქიტრავად საფლავის წარწერიანი ქვა ჩაუდგამთ. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია. ერთი საფეხურით ამაღლებულ საკურთხევლის იატაკზე მოგებულია აგური. სამხრეთის კედელში შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა ორი სარკმელია. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკე ყოფილა, რასაც მოწმობს გრძივ კედლებში ძელისათვის ამოღებული ჰორიზონტალური ფოსოები. აღმოსავლეთის ფასადზე, ფრონტონის ქვეშ გამოსახულია მცირე რელიეფური ჯვარი. ნაგებობას შემოვლებული აქვს შირიმის პროფილირებული ლავგარდანი. დასავლეთის ფასადის ფრონტონის კეხზე დაშენებულია აგურის ოთხბოძიანი სამრეკლო, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 384-385.