რიტა ალექსანდრი სარქისიანი (სომხ. Ռիտա Ալեքսանդրի Սարգսյան), ქალიშვილობის გვარია დადაიანი (სომხ. Դադայան; დ. 6 მარტი, 1962, ხანქენდი, ყარაბაღი, საბჭოთა კავშირი ― გ. 20 ნოემბერი, 2020[1], ერევანი, სომხეთი) — სომხეთის პირველი ლედი 2008-2018 წლებში, როგორც პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მეუღლე. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე 2007-2008 და 2018 წლებში.

რიტა სარქისიანი
რიტა სარქისიანი
სომხეთის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აპრილი, 2008 – 9 აპრილი, 2018
პრეზიდენტი  სერჟ სარქისიანი
წინამორბედიბელა ქოჩარიანი
მემკვიდრენუნე სარქისიანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი, 2018 – 23 აპრილი, 2018
წინამორბედილილიტ პეტროსიანი
მემკვიდრელილიტ პეტროსიანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2007 – 9 აპრილი, 2008

დაბადებული6 მარტი, 1962
ხანქენდი, ყარაბაღი, საბჭოთა კავშირი
გარდაცვლილი20 ნოემბერი, 2020, (58 წლის)
ერევანი, სომხეთი
ეროვნებასომეხი
მეუღლესერჟ სარქისიანი
(ქ. 1983)
პროფესიამუსიკის მასწავლებელი
რელიგიასომხური სამოციქულო ეკლესია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

რიტა ალექსანდრი დადაიანი დაიბადა 1962 წლის 6 მარტს აზერბაიჯანში მდებარე ყარაბაღის ავტონომიური მხარის დედაქალაქ ხანქენდში. იგი სომეხი სამხედროების ოჯახში დაიბადა, თუმცა მათზე ბევრი არაფერია ცნობილი.

რიტამ ხანქენდშივე დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა იქვე გააგრძელა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. განათლების დასრულების შემდეგ იგი ხანქენდში მუშაობდა საბავშვო ბაღში, მუსიკის მასწავლებლად[2][3]. რამდენიმე წელში მან სამსახური მიატოვა და სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადასახლდა, სადაც მუშაობა აღარც გაუგრძელებია.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

ერევანში ცხოვრებისას რიტამ დამწყები პოლიტიკოსი, სერჟ სარქისიანი გაიცნო. 1983 წელს რიტა და სერჟი დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ მან ქმრის გვარი მიიღო და რიტა სარქისიანი გახდა. მათ სულ ორი ქალიშვილი შეეძინათ: ანუში და სატენიკი, მათგან კი ოთხი შვილიშვილი გაუჩნდათ: მარიამი, რიტა, არა და სერჟი[4][5][6].

პირველი ლედი

რედაქტირება
 
რიტა და სერჟ სარქისიანები რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და მის ცოლთან, პირველ ლედი სვეტლანა მედვედევასთან ერთად, 2010 წლის 19 აგვისტო, სომხეთი.

ჯერ კიდევ 2007 წლის აპრილში რიტას ქმარი, სერჟ სარქისიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, რითაც დაიწყო რიტას პოლიტიკური ცხოვრება. იგი პრემიერ-მინისტრის მეუღლის თანამდებობაზე სულ ერთ წელს დარჩა, 2008 წლის 9 აპრილს კი სერჟი პრეზიდენტად აირჩიეს და რიტა სომხეთის რიგით მესამე პირველი ლედი გახდა.

პირველი ლედის ამპლუაში იგი ერთობ აქტიური იყო. რიტა სარქისიანმა მალევე დააარსა საქველმოქმედო ფონდი Donate life, რომელიც ეხმარებოდა ლეიკემიითა და სხვა მძიმე დაავადებებით დაავადებულ ბავშვებს, ასევე აუტიზმისა და არაგილის ეროვნულ ფონდებს. 2010 წლიდან რიტა ამ ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც ხდება

პირველი ლედობისას იგი ასევე ხელმძღვანელობდა სომხეთში არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჩატარებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი იყო არამ ხაჩატურიანის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი. აგრეთვე აღსანიშნავია ერევნის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი მასპინძლობდა.

უკვე 2018 წლის 9 აპრილს სერჟის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა და რიტამაც დაკარგა პირველი ლედის პოზიცია, თუმცა იმავე წლის 17 აპრილს სერჟი ისევ პრემიერ-მინისტრი ხდება, თუმცა არა დიდი ხნით. მან ეს პოსტი 2018 წლის 23 აპრილს დაკარგა.

გარდაცვალება

რედაქტირება

რიტა სარქისიანი COVID-19-ით გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს ერევანში, 58 წლის ასაკში. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რიტაზე ასეთი რამ განაცხადა: „მან ჩაატარა ღირებული სოციალური და საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას...“[7]. ხოლო თავად პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პირადად ეწვია სერჟს მწუხარების გამოსახატად[8].