რელიგიის საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში
რელიგიის საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში ყურადღება ეთმობოდა რელიგიის საკითხს და მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. ამ კუთხით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები:
საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 28 ნოემბრის კანონი საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებისა, რაც ითვალისწინებდა:
- ყოველი ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლაში გაუქმდეს საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა.
- ხსენებულ სკოლებში დაიხუროს კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისათვის;
- შტატს გარეშე დატოვებულ საღვთო სჯულის მასწავლებელთ მიეცეთ ჯილდო, რომელიც დაწესებულია 1918 წლის ივლისის 5-ის კანონით;
- იმ მშობლებს, რომლებიც მოისურვებენ თავის შვილებს თავის ხარჯით ასწავლონ საღვთო სჯული, დაეთმოთ სკოლის შენობა იმ საათებში, როდესაც ეს ხელს არ შეუშლის სხვა საგნების სწავლებას.
- ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მისი გამოქვეყნებისა მთავრობის ორგანო „საქართველოს რესპუბლიკა“-ში.
შემდეგი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების და საქართველოს რესპუბლიკის 1919 წლის 17 ივნისის კანონი უქმე დღეების შემცირებისა, რომლითაც გაუქმდა მირქმა უფლისა - თებერვლის 15; აღდგომაის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სულიწმინდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა - აგვისტოს 19, მიძინება ღვთისმშობლისა - აგვისტოს 28, ჯვართამაღლება - სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება - დეკემბრის 4.
რელიგიის თემატიკა ასევე აისახა 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც თავი 16 ეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, რომლის მიხედვითაც:
- მუხლი 142. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.
- მუხლი 143. არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა;
- მუხლი 144. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 331-332.