რეგენტის ალმასი, იგივე პიტის ალმასი — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი. ზომა - 140, 64 კარატი.

რეგენტი - ბრილიანტი № 2 და 11

ლეგენდის თანახმად, 400 კარატიანი ქვა იპოვა 1701 წელს მონამ მდინარე კრიშნას ნაპირას განლაგებულ მაღაროში. (ჰოლკონდას მაღაროების რაიონში). ნანახით გაოცებულმა ფერდი ღრმად გაისერა, ალმასი ჭრილობაში მოათავსა, ის ადგილი ტილოს ნაჭრით შეიხვია და საღამოს ინგლისური ხომალდის შკიპერს საიდუმლო გაუმჟღავნა, სანაცვლოდ კი მისგან გათავისუფლება ითხოვა. ინგლისელმა მონა ხომალდზე აიყვანა და ტრიუმში დამალა. ალმასი ძვირფასი ქვებით მოვაჭრე სოვდაგარს ჯამხუნდს მიჰყიდა, ხოლო მონა ოკეანეში გადააგდო. ალმასში აღებულმა ფულმა ინგლისელს მწუხარება და უბედურება მოუტანა, იგი გალოთდა და მალე თავი ჩამოიხრჩო. ვაჭარმა ჯამხუნდმა ძვირფასი ქვა 20 000 ფუნტ სტრელინგად მიჰყიდა სენტ–ჯორჯის ციხე–სიმაგრის გუბერნატორ სერ ტომას პიტს (აქედან მოდის ალმასის სახელწოდება „პიტი“). ტომას პიტს შავბნელი წარსული ჰქონდა, გუბერნატორობამდე ცნობილი მეკობრე იყო და კარგად იცოდა, რომ ძვირფასი ალმასის შეძენას ყოფილი მეგობრები მას არ აპატიებდნენ. 1710 წელს სერ პიტი მალულად დაბრუნდა ინგლისში, მაგრამ მის მიერ შეძენილი ალმასის შესახებ ოსტ–ინდოეთის კომპანიის ლონდონის დირექტორიამ მაინც შეიტყო. პიტი ცდილობდა განმარტოებით ეცხოვრა, ალმასს არ იშორებდა, საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, დარწმუნებული იყო, რომ ალმასის ხელში ჩაგდების მსურველნი მას არ მოასვენებდნენ. მან ცნობილი იუველირი გრამონი დაითანხმა ქვის დაწახნაგებაზე, რაც ორი წელი გაგრძელდა. პიტს ალმასის სანაცვლოდ ბევრი ფული და სიმშვიდე სურდა. მისივე თხოვნით, იუველირი დაუკავშირდა პარიზელ საქმოსან ჯონ ლოუს, რომელმაც, თავის მხრივ, ბრილიანტის შეძენა შესთავაზა საფრანგეთის რეგენტს – ორლეანის ჰერცოგს (აქედან მოდის ქვის მეორე სახელწოდება „რეგენტი“). ჰერცოგმა ფილიპ II-მ ძვირფასი ალმასი 3 375 ფრანკად შეიძინა და საფრანგეთის მეფეს ლუი XV–ს უძღვნა.

1791 წელს, საფრანგეთის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, დაიწყო ქვეყნის სამეფო კარის ძვირფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც, იუველირთა კომისიამ ბრილიანტი 12 მილიონ ფრანკად შეაფასა.

1792 წლის აგვისტოს სახალხო მღელვარების დროს პარიზელებმა აიღეს ტიულრის სასახლე და დალუქეს კაბინეტი, სადაც ინახებოდა სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და ბურბონთა სამეფო დინასტიის სხვა რეგალიები. 1792 წლის 17 სექტემბრის დილას კომუნის მიერ დანიშნულმა მცველებმა შეამჩნიეს, რომ კაბინეტის კარი გატეხილი, ხოლო ბურბონების საგანძური გამქრალი იყო. ეჭვი მცველებზე მიიტანეს, რომლებიც სასწრაფოდ დააპატიმრეს. დაკითხვებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო. პოლიციაში ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა სამალავის ადგილსამყოფელი – ელისეს მინდვრების ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ქვრივთა ხეივანი“. სამალავის გათხრისას, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად აღმოჩნდა ალმასი „პიტიც“. მცველები გაათავისუფლეს, დამნაშავეებსაც მალე მიაგნეს და ხუთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. მოგვიანებით, დიდი ფინანსური კრიზისისას, საფრანგეთის რესპუბლიკამ ქვა ბერლინის ერთ–ერთ ცნობილ იუველირ შნაიდერთან დააგირავა, შემდგომ ნაპოლეონ I-მა ალმასი გამოისყიდა და განუყრელად ატარებდა დაშნის ვადაზე. ნაპოლეონის გადასახლების შემდეგ ქვა 16 მილიონ ფრანკად გაიყიდა. XIX საუკუნის შუახანებში „პიტი“ ანუ „რეგენტი“ მდიდარ მოსკოველ ვაჭარს ტრესკოვს ჩაუვარდა ხელში, მოგვიანებით კი ძვირფასი ქვა კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა.

გერმანელთა ოკუპაციის წლებში ბრილიანტი ციხე–სიმაგრე შამბორის ბუხრის მარმარილოს ფილის ქვეშ იყო დაცული. ამჟამად ის ლუვრში ინახება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნინო გომართელი, ეს საბედისწერო ალმასები, „ომეგა“, № 2, 2003 წ., გვ.44–45

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება