სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

რაფიელ ილიას ძე აგლაძე (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1989, იქვე) — ქართველი ელექტროქიმიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია აგლაძის ოჯახში. სკოლა დაამთავრა თბილისში ხოლო 1935 წელს კი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951).აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში მან დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულის ლენინის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლანდია ნ., გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, «მეცნიერება და ტექნიკა», 1971, №11
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 58.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 32, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება