რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა
რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა (წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც მოგვითხრობს სპარსი რაჟდენის მოღვაწეობასა და მარტვილობაზე, რომელიც ქართლში მოვიდა ვახტანგ გორგასლის დროს და ქრისტიანობის მიღებისათვის აწამეს თანამემამულეებმა, რომლებიც იმ ხანებში შემოესიენ ქართლს. როგორც ნაშრომიდან ჩანს, რაჟდენის „სიმხნე და მოთმინება“, ძველად აღწერილი, მალე დაკარგულა, ამიტომ ავტორს ახალი თხზულება დაუწერია. რადგანაც, მის პერიოდში გავრცელებული ყოფილა მეტაფრასული მიმართულება, თავისი ნაშრომი მას ამ მიმართულებით განუვითარებია. ავტორს ხელთ ჰქონია ქართული მატიანეების პირველი კრებული — „ცხოვრებანი ქართველთანი“, რომელსაც ის ძველ მატიანეს უწოდებს. აქედან მას ამოუღია უმთავრესი ფაქტები ვახტანგისა და სპარსელების ურთიერთდამოკიდებულებისა, რომელმაც იმსხვერპლა რაჟდენი. აგრეთვე, ხელთ ჰქონია დავით და კონსტანტინეს მარტვილობა. მაშასადამე, თხზულების დაწერის თარიღად მიჩნეულია XII საუკუნის მეორე ნახევარი. მისი ავტორი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 84-85.