რაინლანდი
რაინლანდი, რაინის მხარე (გერმ. Rheinland) — ისტორიული მხარე რაინის შუა დინებაში, მდებარეობს თანამედროვე გერმანიაში (რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწები).
რაინისპირეთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მნიშვნელობით ნაპოლეონის მიერ წარმოებულ ომებამდე უკიდურესი სიჭრელით გამოირჩეოდა:აქ ერთმანეთში იყო არეული საეკლესიო პრელატების (კელნის, მაინცისა და ტრირის არქიეპისკოპოსების), იულიხ-კლევე-ბერგის საჰერცოგოსა და მასზე დამოკიდებული გრაფების სამფლობელობი და თავისუფალი იმპერიული ქალაქები (მაგ: აახენი).
ბაზელის ზავის (1795) შემდეგ რაინის დასავლეთით მდებარე მიწები ფრანგების მიერ ციზრაინის რესპუბლიკად გადაკეთდა, რომელიც მოგვიანებით დეპარტამენტებად დაიყო და საფრანგეთის იმპერიის შემადგენლობაში მოხვდა. ეკლესიის მიწები სეკულარიზაციას, არისტოკრატი მმართველები კი — მედიატიზაციას დაუქვემდებარეს. რაინის მეორე ნაპირზე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები 1806 წელს რაინის კავშირში გაერთიანდნენ.
1822 წელს რაინისპირა მიწები პრუსიის რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.
პირველი მსოფლიო ომის შედეგად რაინლანდის დემილიტარიზაცია მოხდა, ზაარლანდი ერთა ლიგას გადაეცა სამართავად, ეიპენი და მალმედი ბელგიას ერგო. 1918 წლის დეკემბერში ანტანტის ჯარებმა კომპიენის დროებითი დაზავების თანახმად რაინის მხარის ოკუპაცია დაიწყეს. გარდა ამისა, ანტანტის არმიამ სტრატეგიული პლაცდარმები დაიკავა მდინარის მარჯვენა ნაპირზე 18 მილის რადიუსით, ცენტრები კი შემდეგ ქალაქებში განათავსეს: კელნში — დიდმა ბრიტანეთმა, კობლენცში — აშშ-მა, ხოლო მაინცში — საფრანგეთმა. კარტოგრაფიაში ზონირებასთან დაკავშირებული შეცდომის გამო ამერიკული და ფრანგული ზონები ვერ გადაიკვეთა და შედეგად მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მათ შორის ე.წ. გათიშვა მოხდა, რომელშიც 1919 წელს გამოცხადდა თავისუფალი სახელმწიფო ფლაშენჰალსი.
1920 წლის მარტში რურის აჯანყების პასუხად რაიხსვერის ნაწილები რურის მხარეში შეიჭრნენ და რურის წითელ არმიასთან გააჩაღეს ბრძოლა. დემილიტარიზებულ ზონაში გერმანული ჯარების შესვლის საპასუხოდ, ფრანგულმა ჯარებმა რაინი გადალახეს და მაინის ფრანკფურტის, დერმშტადტისა და ჰანაუს ოკუპირება მოახდინეს, შემდეგ კი დუისბურგსა და ჰომბურგს შემოეწყვნენ. ფრანგული ჯარები მხოლოდ 1920 წლის მაისში გაიყვანეს ამ ქალაქებიდან.
1921 წლის მარტში, რაკი გერმანიას რეპარაციის გადახდა არ სურდა, ანტანტის ჯარებმა დუისბურგი, რურორტი და დიუსელდორფი დაიკავეს და იმავე წლის 21 სექტემბრამდე დარჩნენ. რაკი გერმანიამ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი რეპარაციის გადახდაზე, 1923 წლის იანვრის თვეში ფრანგული და ბელგიური ჯარები ისევ შეიჭრნენ რურის მხარეში და 1926 წლამდე დარჩნენ.
1919-1923 წლებში რაინელმა სეპარატისტებმა, რომელთაც საფრანგეთი უჭერდა მხარს, რამდენიმეჯერ სცადეს რაინლანდის გერმანიისგან მოწყვეტა და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება. თუმცა 1925 წელს ლოკარნოს შეთანხმებით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული ევროპული საზღვრების გარანტორად რომ მიიჩნეოდა, რაინელი სეპარატისტების მოძრაობა სრულიად ჩაკვდა.
ანტანტის სახელმწიფოთა ჯარები რაინლანდის მიწაზე 1930 წლამდე დარჩნენ. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ (1933) გერმანიას დაუბრუნდა ზაარლანდი (1935), ხოლო 1936 წელს რაინის მხარემ უცხოური მილიტარიზაცია განიცადა, რაც, გარკვეულწილად, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების პროლოგი გახდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაინლანდი დაიშალა. სამხრეთით მდებარე აგრარული მიწები (რაინის ღვინით ცნობილი) რაინლანდ-პფალცის შემადგენლობაში აღმოჩნდა, სამრეწველო რური კი (ნახშირსაბადოებით მდიდარი რაიონი) ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწას მიუერთდა. ქალაქი ვეცლარი ჰესენის მიწის ნაწილი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსდენი, ვალტერ (1973). რაინლანდი. ნიუ-იორკი: Hastings House. ISBN 0-8038-6324-1.
- ფორდი, ქენ; Brian, Tony (2000). The Rhineland 1945: უკანასკნელი მომაკვდინებელი არე დასავლეთში. ოქსფორდი: Osprey. ISBN 1-85532-999-9.