ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია და სამაროვანი
ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია და სამაროვანი — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სოფლის ჟინვალის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, მთის ძირში. განეკუთვნებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1973-1974 წლებში გაითხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ეკლესია აგებული იყო პატარა ბაქანზე, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან გამაგრებული იყო კლდის ნატეხი ქვით ნაშენი კედლებით. მათგან დასავლეთ კედელში მოწყობილი იყო ერთი თაღოვანი ნიში, ხოლო ჩრდილოეთ კედელში - ბრტყლად გადახურული და კირხსნარით შელესილი ორი მოზრდილი და ერთი მცირე სამალავი. ეკლესია თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი იყო სწორკუთხა საკურთხევლის კედლების ნაწილი და დასავლეთ და სამხრეთ კედლების საძირკველი. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა. ეკლესიას გარს ერტყა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რომლის დასავლეთ კედელში გარედან ორი კონტრფორსით გამაგრებული შესასვლელი იყო მოწყობილი.
ეკლესიის ეზოში გამოვლინდა სამაროვანი, რომელშიც სამ ფენად განლაგებული იყო 12 სამარხი. ქვედა ფენა შეიცავდა ერთ ორმოსამარხს და ორ ქვისსამარხს. სამივეში დაკრძალული იყო თითო მიცვალებული, მარჯვენა გვერდზე, მოკრუნჩხული, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. ერთ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდა, რკინის დანის ნატეხი და სალესი ქვა. შუა ფენა შეიცავდა ოთხ ქვის სამარხს. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. აღმოჩნდა ბრინჯაოს ბეჭედი და რკინის მშვილდსაკინძის ნატეხები. ზედა ფენაში მოწყობილი იყო ეკლესიის თანადროული ხუთი ქვისსამარხი. დაკრძალვის წესი აქაც ქრისტიანულია, გამოვლინდა მინის სამაჯურები და ბრინჯაოს ბეჭდები. არქეოლოგიური მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე ბ., წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 297.