ჟანეტი (მომღერალი)
ჟანეტ ენ დიმეჩი (დ. 10 ოქტომბერი, 1951, ლონდონი), უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით ჟანეტი (ესპ. Jeanette) — ბრიტანეთში დაბადებული ესპანელი მომღერალი. ცნობადობა პირველად მოიპოვა როგორც მოზარდთა ფოლკ-პოპ-ჯგუფის „Pic-Nic“-ის სოლისტმა. 1968 წელს ჯგუფი სიმღერით „Cállate, niña“ ჩარტებში ლიდერობდა.[1] სოლო კარიერას 1971 წელს დაუბრუნდა Hispavox-ის სინგლით „Soy rebelde“,[2] რომელმაც მომღერლის მუსიკალური მიმართულება ხელახლა განსაზღვრა როგორც რომანტიკული ბალადის შემსრულებლისა. სინგლი მთელ ესპანურენოვან მსოფლიოში ჰიტად იქცა და თაობის ერთგვარი „ჰიმნი“ გახდა.
ჟანეტი | |
---|---|
1973 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჟანეტ ენ დიმეჩი |
დაბ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1951 |
დაბ. ადგილი | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
წარმოშობა | ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1968–1985, 1989–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Hispavox, Ariola, RCA, Producciones Twins, EMI |
საიტი | jeanette-rebelde.blogspot.com |
ჟანეტი ვიკისაწყობში |
ჟანეტის 1974 წლის სიმღერა „Porque te vas“ რეჟისორ კარლოს საურას მიერ გადაღებულ ფილმში „გამოკვებე ყორანი“ (1976) მოხვდა. ამის წყალობით სიმღერა მთავარი ჰიტი გახდა და ესპანური პოპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა.[3][4] „Porque te vas“-ის საერთაშორისო წარმატების შემდეგ, ჟანეტი საფრანგეთსა და გერმანიაში მუშაობდა. 1981 წელს ესპანურ ბაზარზე დაბრუნდა ალბომით „Corazón de poeta“, რომელშიც მომღერლის რამდენიმე ცნობილი სიმღერა შევიდა.[5] „Corazón de poeta“-ის კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა კიდევ ორი ალბომი გამოეშვა RCA Victor-თან ერთად — „Reluz“ 1983 წელს და „Ojos en el sol“ 1984 წელს. უკანასკნელი სტუდიური ალბომი „Loca por la música“ 1989 წელს გამოუშვა დამოუკიდებელ ხმისჩამწერ ლეიბლზე Twins, მასში წარმოდგენილი იყო მის სტილში სინთპოპის ელემენტების აღდგენის მცდელობა.
ჟანეტის ფიგურა XXI საუკუნეში ხელახლა დაფასდა, ითვლება საკულტო არტისტად, გავლენას ახდენს ესპანურენოვან ინდი-პოპზე. 2010 წელს გაზეთმა „20 minutos“ ჟანეტი მოიხსენია როგორც „ესპანური მუსიკის ლეგენდა და დამოუკიდებელი პოპ-მუსიკის მუზა“.[6]
ოჯახი
რედაქტირებადაიბადა 1951 წლის 10 ოქტომბერს, ლონდონში, ბელგიელი მამისა და ესპანელი დედის ოჯახში. იზრდებოდა ლონდონსა და ნიუ-იორკში. მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან ერთად ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ PROGVINYL. Progvinyl.tumblr.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2020
- ↑ Birchmeier, Jason. Biography: Jeanette. AMG. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2010
- ↑ Jeanette (6) - Porque Te Vas. Discogs. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2020
- ↑ Homenaje y nuevo Disco de Oro a José Luis Perales ესპანური. el confidencial musical (6 მაისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-11. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2021
- ↑ LaFonoteca, Disco: Corazón de Poeta. Lafonoteca.net. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2020
- ↑ La cantante Jeanette actuará en el Gran Teatro de Cáceres dentro del Festival de Cine Solidario Español. 20 minutos (15 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2017
- ↑ Jeanette. IMDb. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2021
გარე ვიდეოფაილები | |
---|---|
Porque te vas | |
Soy rebelde | |
Corazón de poeta |