პჰულან დევი
პჰულან დევი (ჰინდ. फूलन देवी, ინგლის. Phulan Devī, 10 აგვისტო, 1963 — 25 ივლისი, 2001) — ინდოელი პოლიტიკოსი. თავდაპირველად ბანდის ლიდერი გახლდათ, რომელიც ცნობილი გახდა "ბანდიტების დედოფალის“ სახელით. ორჯერ აირჩიეს ინდოეთის პარლამენტში, სადაც იცავდა ქვედა კასტებისა და ხელშეუხებლების წარმომადგენელთა ინტერესებს. სავარაუდოდ, მოკლეს დაქირავებულმა მკვლელებმა.[1]
პჰულან დევი | |
---|---|
მშობლიური სახელი | फूलन देवी |
დაბადების თარიღი |
10 აგვისტო, 1963 უტარ-პრადეში, ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
25 ივლისი, 2001 (37 წლის) ნიუ-დელი, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ბანდიტი |
პარტია | სამაჯვადი |
რელიგია | ბუდიზმი |
პჰულან დევი ბანდას მას შემდეგ შეუერთდა, რაც ის მაღალი კასტის წარმომადგენელმა თანასოფლელებმა გააუპატიურეს. 1981 წელს მისი ბრძანებით მოკლეს სოფელ ბეჰმაის მაღალი კასტის 22 წარმომადგენელი, მათ შორის მასზე მოძალადე პირები. ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება პოვა მთელ ინდოეთში და დევის სახელი გაუთქვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს მომსაზრება, რომ დანაშაულებათა უმრავლესობა მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით ჩაიდინა, რათა გამოსარჩლებოდა დაბალი კასტების მსხვერპლ ქალებს, თუმცა ინდოეთის ხელისუფლება ამას მითად მიიჩნევს.[2]
მოგვიანებით იგი ორჯერ აირჩიეს სამაჯვადის პარტიის წევრად. დევის მკვლელები ვერ იპოვეს, სავარაუდოდ, მისი მკვლელობა შურისძიება იყო ბეჰმაის მკვიდრთა ხოცვა-ჟლეტისთვის. 1994 წელს მისი ცხოვრების მიხედვით გადაიღეს ფილმი "ბანდიტების დედოფალი".[3][4]
ადრეული წლები
რედაქტირებაპჰულან დევი დაიბადა ინდოეთის შტატის უტარ - პრადეშის ჯალაუნის (რაიონში) პატარა სოფელში. გოგონა მეოთხე შვილი იყო ოჯახში , რომელიც ეკუთვნოდა მალაჰების (მენავეების) კასტას.
პჰულანის მამა ფლობდა მიწის ნაკვეთს 1 ჰექტარი (0,4 ჰექტარი), რომელზედაც იზრდებოდა ნიმის (ლათ. Azadirachta indica) ხე და იმედოვნებდა, რომ მისი საშუალებისთ შეძლებდა მზითვის ფულის შეგროვებას და ქალიშვილის გათხოვებას. როდესაც პჰულანი თერთმეტი წლის იყო, ბებია-ბაბუა გარდაიცვალნენ, ოჯახის უფროსი გახდა ბიძია ბიჰარი. ის მოტყუებით დაეპატრონა სამკვიდროს და გოგონას ოჯახი სიღარიბეში დატოვა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა მაიადინმა თავი ოჯახის უფროსად გამოაცხადა. ისარგებლა პჰულანის მამის არყოფნით, მოჭრა ნიმის ხე და გაყიდა, ფული კი თავისთვის შეინახა. მიუხედავად იმისა, რომ მამამ მხოლოდ რბილი პროტესტი გამოთქვა, პჰულანი არ აპირებდა უკან დახევას. მან ბიძაშვილს დასცინა, საჯაროდ უწოდა ქურდი უწოდა და უფროს დასთან ერთად მჯდომარე აქცია მოაწყო. მას შემდეგაც კი, რაც პჰულანს აგური დაარტყეს, იგი არ დანებდა. მისი მოშორების მიზნით, ნათესავებმა გადაწყვიტეს თერთმეტი წლის გოგონა გაეთხოვებინათ 30 წელს გადაცილებულ კაცზე, სახელად პუტი , რლალზეამდენიმე ასეულ კილომეტრში ცხოვრობდა სოფლიდან. მოგვიანებით პჰულანმა თავის ავტობიოგრაფიაში განაცხადა, რომ მის ქმარს ჰქონდა "ძალიან ცუდი ხასიათი".
ის მუდმივად ძალადობდა გოგონაზე. პჰულანი არაერთხელ გაიქცა სახლში, მაგრამ მას ყოველ ჯერზე უკან აბრუნებდნენ. საბოლოოდ, პუტი ლალმა ცოლი გააგდო და გოგონა მამის სახლში დაბრუნდა. იგი მშობლიურ სოფელში გარიყული აღმოჩნდა. ამავე დროს, ის არ ნებდებოდა და მაიადინს ქურდობაში ადანაშაულებდა. მან სასამართლოსაც კი მიმართა, მაგრამ საქმე წააგო.
1979 წელს მაიადინმა პჰულანი დაადანაშაულა ქურდობაში და პოლიციამ ის სამი დღით დააკავა. ციხეში გოგონა სცემეს და გააუპატიურეს. განთავისუფლების შემდეგ პჰულანი გაერიდა მშობლიურ სოფელს. უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენილი ძალიან იტანჯებოდა.[5]
ბანდა
რედაქტირება1979 წელს პჰულანი გაიტაცა ბაბუ გუჯარის ბანდამ. არსებობს ვერსია, რომ სწორედ მაიადინმა გადაიხადა ბანდიტებს ფული მისი ბიძაშვილის გატაცებისთვის. ლიდერს მოეწონა გოგონა, მაგრამ მას გამოესარჩლა ვიკრამ მალა, მეორე კაცი ბანდაში, რომელიც პჰულანის კასტას მიეკუთვნებოდა. ერთ ღამეს, როდესაც ბაბუ გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა, ვიკრამმა მოკლა და თავად ჩაუდგა ბანდას სათავეში. პჰულანს ვიკრამ მალა შეუყვარდა და მისი მეორე ცოლი გახდა. ბანდამ დაარბია სოფელი, სადაც პჰულანის პირველი ქმარი ცხოვრობდა. პუტი ლალი სოფლის მაცხოვრებლების თვალწინ გამოათრიეს სახლიდან და სცემეს სასიკვდილოდ, გზაზე ნახევრად მკვდარი დატოვეს, თან დაურთეს წარწერა, როგორც გაფრთხილება ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებზე ქორწინდებოდნენ.
პჰულან დევი თავად ჩაერთო აქტიურად ბანდის საქმიანობაში უტარ-პრადეშისა და მადჰია პრადეშის შტატებში. ბანდა ძირითადად ძარცვავდა სოფლის ზედა ფენის მოსახლეობას, იტაცებდა მდიდარი მიწის მესაკუთრეებს და ითხოვდა გამოსასყიდს მათი გათავისუფლებისთვის, ასევე ძარცვავდა რკინიგზას. ყოველი დანაშაულის შემდეგ პჰულან დევი მიდიოდა ინდუისტური მეომარი ქალღმერთის დურგას ტაძარში და მადლობას უხდიდა მფარველობისთვის. დანაშაულებს შორის ბანდის წევრები იმალებოდნენ მდინარე ჩამბალის ხეობებში, მეზობელი რაჯასტანის შტატის დჰოლპურის რაიონში.[6]
ბეჰმაის ხოცვა-ჟლეტა
რედაქტირებაგარკვეული პერიოდის შემდეგ ბანდაში დაბრუნდნენ ძმები შრი რამი და ლალა რამი, რომლებიც თჰაკურების უმაღლეს კასტას მიეკუთვნებოდნენ. ისინი აღშფოთებულები იყვნენ დაბალი კასტის წევრის მიერ ბანდის ლიდერის მკვლელობით. შრი რამმა დაიწყო პჰულანის შევიწროება, მაგრამ ვიკრამმა აიძულა იგი ბოდიში მოეხადა გოგონასთვის, რამაც გამოიწვია დაძაბულობა ახალ ლიდერსა და ძმებს შორის. საპასუხოდ, ძარცვის დროს შრი რამმა დაიწყო მალაჰების ცემა და შეურაცხყოფა. ამან გამოიწვია უკმაყოფილება მალაჰებში, რომელთაგან ბევრმა დატოვა ბანდა. ამავდროულად, შრი რამი ბანდაში თჰაკურებს იღებდა. ვიკრამმა შესთავაზა ბანდის ორად გაყოფა, მაგრამ შრი რამმა უარი განაცხადა. ცოტა ხნის შემდეგ, შრი რამმა და თჰაკურმა ბანდიტებმა ვიკრამის და პჰულანის მკვლელობა სცადეს, მაგრამ მათ გაქცევა მოახერხეს. თუმცა, მოგვიანებით შრი რამამ მაინც თავისას მიაღწია, მოკლა ვიკრამი, პჰულანი კი გაიტაცა და ჩაკეტა სოფელ ბეჰმაიში.
ბეჰმაიში პჰულანი არაერთხელ სცემეს და გააუპატიურეს. სამი კვირის შემდეგ, ადგილობრივი ქვედა კასტების დახმარებით, მან მოახერხა გაქცევა ორ სხვა მალაჰთან ერთად, რომლებიც ვიკრამის ბანდის წევრები იყვნენ. პჰულანმა ვიკრამის თანამოაზრე მან სიკჰთან ერთად შეკრიბა მალაჰების ბანდა და ჩაატარა სასტიკი დარბევების სერია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინდოეთში, რომლის მსხვერპლნი ძირითადად ზედა კასტების წარმომადგენლები იყვნენ. ზოგიერთი ვერსიით, პჰულანი მხოლოდ ზედა კასტებს ძარცვავდა და ნადავლს ქვედა კასტებს უზიარებდა, მაგრამ ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მითია.
ბეჰმაიდან გაქცევიდან ჩვიდმეტი თვის შემდეგ პჰულანი სოფელში დაბრუნდა შურისძიების მიზნით. 1981 წლის 14 თებერვალს ის და სხვა ბანდიტები სოფელში პოლიციელების ფორმებით შევიდნენ. ადგილობრივი თჰაკურები ამ დროს ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ბანდიტებმა მოითხოვეს, რომ მათთვის გადაეცათ პჰულანის გამტაცებლები, უპირველეს ყოვლისა შრი რამი სოფელში არსებულ მთელ ძვირფასეულობასთან ერთად. დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოხდა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ გადმოცემით, პჰულანმა შეძლო ორი მამაკაცის იდენტიფიცირება, რომლებმაც ადრე მონწილეობა მიიღეს მის გააუპატიურებაში. მართალია, ვერ იპოვა ყველა გამტაცებელი, მაგრამ თავის ბანდიტებს უბრძანა, შეეკრიბათ ყველა ახალგაზრდა თჰაკური და დაეხვრიტათ. მოკლეს 22 მამაკაცი, რომელთა უმეტესობა არ მონაწილეობდა მის გატაცებაში ან გაუპატიურებაში. პჰულან დევიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავად არავინ მოუკლავს — ყველა მკვლელობა მისი ბანდის წევრებმა ჩაიდინეს.
ბეჰმაიში გამართული ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, უტარ-პრადეშის მთავარმა მინისტრმა, ვ.პ.სინგჰმა თანამდებობა დატოვა. ხელისუფლებამ რამდენიმე ფართომასშტაბიანი დარბევა მოაწყო, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. თავად პჰულან დევი ცნობილი გახდა მთელ ინდოეთში. ინდურ მედიაში მას მეტსახელი "ბანდიტების დედოფალი" შეარქვეს. მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ უტარ-პრადეშის ბაზრებში იყიდებოდა პჰულანის თოჯინები ქალღმერთ დურგას სახით.
დაპატიმრება
რედაქტირებაორი წლის განმავლობაში პოლიციამ პჰულან დევის დაჭერას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, ინდირა განდის მთავრობამ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა. ამ დროისთვის პჰულანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამავე დროს მისი ბანდის წევრების უმეტესობა გარდაცვლილი იყო. 1983 წლის თებერვალში მან გადაწყვიტა ხელისუფლებას ჩაბარებოდა. თუმცა, პჰულანმა განაცხადა, რომ იგი არ ენდობოდა უტარ-პრადეშის შტატის პოლიციას და ჩაბარდებოდა მხოლოდ მადჰია-პრადეშის შტატის პოლიციას. ის ასევე დაჟინებით მოითხოვდა, რომ იარაღი დაყრიდა მხოლოდ მაჰათმა განდისა და ინდუისტური ქალღმერთის დურგას პორტრეტის წინ. პჰულანმა ხელისუფლებას სხვა პირობებიც დაუწესა, კერძოდ, სიკვდილით დასჯაზე უარის დადასტურება და ბანდის სხვა წევრებისთვის არაუმეტეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.
უიარაღო პოლიციის უფროსი შეხვდა პჰულანს და წაიყვანა ქალაქ ბჰინდში, სადაც მან თავისი თოფი განდის და ქალღმერთ დურგას გამოსახულების წინ დადო. ქალაქში მას დახვდნენ მადჰია პრადეშის მთავარი მინისტრი არჯუნ სინგჰი, დაახლოებით 10000 ადამიანი და 300 პოლიციელი, რომლებიც მზად იყვნენ პჰულანის და ბანდის სხვა წევრების დასაკავებლად.
პჰულან დევის ბრალი წაუყენეს 48 დანაშაულში, მათ შორის 30 ბანდიტიზმსა და გატაცებაში. ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, „ბანდიტების დედოფალმა“ ციხეში 11 წელი გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ამ პერიოდში მას გაუკეთეს ოპერაცია საკვერცხის კისტაზე, გაუკეთეს არასაჭირო ჰისტერექტომია. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, ექიმმა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, განაცხადა „არ არის საჭირო ახალი პჰულან დევი შეიქმნას“. მხოლოდ 1994 წელს, უტარ-პრადეშის მთავრობამ, სოციალისტი მალაამ სინგჰ იადავის ხელმძღვანელობით, პჰულან დევის ყველა ბრალდება მოუხსნა. მის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ნიშადჰას (Nishadha) მეთევზეთა საზოგადოების ლიდერმა ვიშამბარ პრასად ნიშადმა.[7]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაგათავისუფლების შემდეგ პჰულანი პოლიტიკური საქმიანობით დაკავდა. მას სურდა დაეცვა ქალები და ქვედა კასტების წარმომადგენლები. 1996 წელს იგი წარმატებით აირჩიეს ინდოეთის პარლამენტის მე-11 ქვედა პალატაში უტარ-პრადეშის მირზაპურის ოლქიდან, როგორც რეგიონალური უტარ-პრადეშის სამაჯვადის სოციალისტური პარტიის კანდიდატი. 1998 წლის არჩევნების შემდეგ მან დაკარგა ადგილი პარლამენტში, მაგრამ 1999 წელს დაბრუნდა ლოკ-საბჰაში და სიკვდილამდე შეინარჩუნა დეპუტატის მანდატი.
მკვლელობა
რედაქტირება2001 წლის 25 ივლისს პჰულან დევი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირის მიერ იქნა მოკლული ნიუ დელიში თავისი ბუნგალოს მახლობლად. მკვლელებმა 5-ჯერ ისროლეს, სამჯერ თავში და ორჯერ სხეულში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ Maruti-ს მარკის ავტომანქანით. პჰულანი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მის მკვლელობაში მთავარი ბრალდებული იყო შერ სინგჰ რანი, მეტსახელად პანკაჯი, რომელიც მოგვიანებით პოლიციას ჩაბარდა. ის ამტკიცებდა, რომ პჰულან დევი მოკლა ბეჰმაის ხოცვა-ჟლეტისთვის შურისძიების მიზნით.[8][9]
პოლიციას მკვლელობის გამოძიების არაკომპეტენტურობაში დასდეს ბრალი .
კინო და ავტობიოგრაფია
რედაქტირება1994 წელს შეხარ კაპურმა პჰულან დევის ცხოვრების შესახებ გადაიღო ფილმი „ბანდიტების დედოფალი“ რომელიც ეფუძნებოდა მალა სენას 1993 წლის წიგნს, (India’s Bandit Queen: The True Story of Phoolan Devi). პჰულან დევი უკმაყოფილო იყო ფილმით, თვლიდა, რომ ის ზუსტად არ გადმოსცემდა მის ისტორიას და იბრძოდა ფილმის ჩვენების აკრძალვისთვის ინდოეთში. ის იმუქრებოდა კიდეც, რომ თუ ფილმს არ ამოიღებდნენ გაქირავებიდან, თავს დაიწვავდა. პჰულანმა საბოლოოდ უკან დაიხიამას შემდეგ, რაც მას 40,000 ფუნტი გადაუხადეს. ფილმმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მოგვიანებით, ინდოელმა მწერალმა არუნდატი როიმ, რომელიც ცნობილია თავისი მემარცხენე შეხედულებებით, თავის სტატიაში The Great Indian Rape Trick დაადანაშაულა კაპური პჰულან დევის ბიოგრაფიის დამახინჯებაში.
მიუხედავად იმისა, რომ პჰულანი წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ, უცხოელი ავტორების მარი-ტერეზ კუნისა და პოლ რამბალის დახმარებით მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია „ ინდოეთის ბანდიტი დედოფალი: ინდოელი ქალის საოცარი მოგზაურობა გლეხიდან საერთაშორისო ლეგენდამდე“ (The Bandit Queen of India: An Indian Woman's Amazing Journey From Peasant to International Legend).[11]
ლიტერატურა
რედაქტირებაწიგნები პჰულან დევის შესახებ
რედაქტირება- Richard Shears, Isobelle Gidley. Devi: The Bandit Queen. — Allen & Unwin, 1984. — P. 258. — ISBN 978-0049200975.
- Mala Sen. India's Bandit Queen: The True Story of Phoolan Devi. — Pandora / HarperCollins, 1991. — 254 p. — ISBN 978-0002720663.
- Phoolan Devi, Marie-Thérèse Cuny, Paul Rambali. I, Phoolan Devi: The Autobiography of India's Bandit Queen. — Little, Brown And Company, 1996. — 472 p. — ISBN 978-0316879606..
- Roy Moxham. Outlaw: India's Bandit Queen and Me. — Random House UK, 2010. — 214 p. — ISBN 978-1-84604-182-2.
- Phoolan Devi, Marie-Therese Cuny, Paul Rambali. The Bandit Queen of India: An Indian Woman's Amazing Journey from Peasant to International Legend. — Guilford, Connecticut: Lyons Press, 2006. — 512 p. — ISBN 978-1-59228-641-6.
- N. Pugazhendhi. Phoolan Devi / Coimbatore in Tamil translated from Malayalam.
- John Arquilla. Insurgents, Raiders, and Bandits: How Masters of Irregular Warfare Have Shaped Our World. — Ivan R. Dee, 2011. — 336 p. — ISBN 978-1-56663-832-6.
სხვა წყაროები
რედაქტირება- Mary Anne Weaver. India's Bandit Queen. A saga of revenge—and the making of a legend of 'the real India'
- Peacock, J. Sunita. Phoolan Devi: The Primordial Tradition of the Bandit Queen // Transnationalism and the Asian American Heroine: Essays on Literature, Film, Myth and Media / Lan Dong. — McFarland, 2010. — P. 187–195. — 239 p. — ISBN 978-0786446322.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Phoolan Devi: Champion of the poor BBC News (25 ივლისი 2001). ციტირების თარიღ: 26 იანვარი 2018. დაარქივებულია 22 მარტი 2021.
- ↑ Jan Stradling. 12: Phoolan Devi - 'Bandit Queen', freedom fighter, politician // Good Girls Don’t Make History. — Pier, 2011. — ISBN 978-1-74266-623-5.
- ↑ Sen, Mala (1991). India's bandit queen: The true story of Phoolan Devi (Revised and updated 1995 ed.). London: Pandora. ISBN 0-04-440888-9.
- ↑ John Arquilla. Insurgents, Raiders, and Bandits. — 2011. — P. 245–251. — ISBN 9781566638326.
- ↑ India today. — Thomson Living Media India Ltd., 2001. — Vol. 26.
- ↑ Anthony Bruno. "Phoolan Devi the Bandit Queen of India" დაარქივებულია 10 დეკემბერი 2012 Wayback Machine. The Crime Library (англ.) (недоступная ссылка) Проверено 26 января 2018.
- ↑ Phoolan Devi . The Telegraph (26 ივლისი 2001). ციტირების თარიღი: 26 იანვარი 2018. დაარქივებულია 26 იანვარი 2018 .
- ↑ The queen is dead . The Guardian (26 ივლისი 2001). ციტირების თარიღი: 26 იანვარი 2018. დაარქივებულია 14 2012 года.
- ↑ Mystery surrounds Bandit Queen murder . The Guardian (30 ივლისი 2001). ციტირების თარიღი: 26 იანვარი 2018.
- ↑ Убийца «Королевы бандитов» осужден в Индии. Русская служба Би-би-си (14 августа 2014). Дата обращения: 26 января 2018. Архивировано 10 февраля 2018 года. (რუს.)
- ↑ Henry Scholberg. Hindi Movie, A Novel. — South Asia Books, 1994. — P. 24. — ISBN 978-81-7223-097-5.