პროლეტარიატის ბრძოლა

„პროლეტარიატის ბრძოლა“რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის არალეგალური ორგანო; გაზეთი დაარსდა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციების I ყრილობის (1903 წლის მარტი) გადაწყვეტილებით — სომხური გაზეთ „პროლეტარისა“ და ქართული გაზეთ „ბრძოლის“ გაერთიანების შედეგად. 1903 წლის მაისს გამოიცა ქართული („პროლეტარიატის ბრძოლა“), სომხური („პროლეტარიატი კრივი“) და რუსული („ბორბა პროლეტარიატა“) ენებზე. სარედაქციო კოლეგია: ი. სტალინი, ა. წულუკიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ფ. მახარაძე, მ. დავითაშვილი, ვ. ბობროვსკი.

თავდაპირველად იბეჭდებოდა ბაქოში, იმ საორგანიზაციო კომიტეტის არალეგალურ სტამბაში, რომელმაც მოიწვია რსდმპ II ყრილობა, შემდეგ კი, 1904 ზაფხულიდან — თბილისში, ავლაბრის სტამბაში. გაზეთში დასტამბულ წერილებში გაშუქებულია ბოლშევიკური პარტიის იდეოლოგიის ორგანიზაციული და თეორიული საფუძვლების საკითხები. „პროლეტარიატის ბრძოლას“ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ლენინურ „ისკრასთან“, „ვპერიოდსა“ და „პროლეტარისთან“. ამ გაზეთებიდან არაერთი სახელმძღვანელო სტატია გადმოიბეჭდა. თავის მხრივ, ცენტრალური ბოლშევიკური გაზეთებიც ბეჭდავდნენ სტატიებს „პროლეტარიატის ბრძოლიდან“. 1905 წლის ოქტომბერში მე-12 ნომრის შემდეგ, გაზეთის გამოცემა შეწყდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883-1970), თბ., 1971;
  • ნატროშვილი ი., ბოლშევიკური პრესის ისტორია, ნაწ., 1, თბ., 1967;