პრადოს მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან პრადო (მადრიდი))

პრადო (Museo del Prado; ესპ. prado — მინდორი, მდელო) — განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში. მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული.

მუზეო დელ პრადო, მადრიდი
მუზეუმის ფასადი სან ხერონიმოს მოედნიდან, ფერნანდო ბრამბია, 1881

დაფუძნდა როგორც ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა მუზეუმი, თუმცა მუზეუმს ასევე 5.000-მდე მონახაზების, 2.000-მდე ანაბეჭდის, 1.000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია. სკულპტურები წარმოდგენელია დაახლოებით 700-ზე მეტი ნიმუშით და რამდენიმე ფრაგმენტით. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს. პრადოს დიეგო ველასკესის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს ბოსხის (მეფე ფილიპ II-ის პირადი ფავორიტი) საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. მუზეუმს ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართოლომეო ესტებან მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია აქვს. აქვეა ასევე მელოცო და ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერის, რემბრანდტის, ვერონეზეს საუკეთესო ექსპონატები.

მუზეუმის კოლექციაში ყველაზე განთქმული ექსპონატია ველასკესის "ლას მენინიას". ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი მუზეუმს და ასევე მისი დამსახურებაა მუზეუმში იტალიური ხელოვნების ნიმუშების მოზიდვა.

პაბლო პიკასოს "გერნიკა" პრადოში იყო გამოფენილი მისი ესპანეთში დაბრუნების შემდეგ (დემოკრატიული ხელისუფლების აღდგენის შემდეგ), თუმცა მოგვიანებით დედოფალი სოფიას სახ. მუზეუმში გადაიტანეს უზარმაზარი ფერწერული ტილოსთვის უკეთესი საგამოფენო ადგილის გამო.

მუზეო დელ პრადო ერთ-ერთ შენობათაგანია აშენებული კარლოს III-ის მეფობის დროს გრანდიოზული მშენებლობის პროექტში, რომლის მიზანი მადრიდისთვის მონუმენტური ურბანული დაგეგმარების შექმნა იყო. ამჟამინდელი სახელი მას მუზეუმის ნაციონალიზაციის შემდეგ დაერქვა. შენობაზე მუშაობა დროებით შეწყდა ნახევარკუნძულის ომის დროს და მხოლოდ კარლოს III-ის შვილიშვილის ფერნანდო VII-ის დროს განახლდა. შენობის სტრუქტურა მადრიდში დაბანაკებული ნაპოლეონის ჯარების კავალერიის შტაბბინისა და ტყვიაწამლის სანახად გამოიყენებოდა დამოუკიდებლობისთვის ომის დროს. იზაბელ II-ის 1868 წელს ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მუზეუმი ნაციონალიზებულ იქნა. შენობაში ინახებოდა ხელოვნების ნიმუშების სამეფო კოლექცია, რისთვისაც ის საკმაოდ მცირე აღმოჩნდა. მუზეუმის გაფართოება პირველად 1918 წელს განხორციელდა.

ბოლო გაფართოების შედეგად მუზუემს შეუერთდა გვერდიგვერდ მდგარი ორი შენობა. ერთი მათგანი - Casón del Buen Retiro 1971 წლიდან მე-19 საუკუნის ხელოვნების ნიმუშების საცავია. მეორე - Palacio de Villahermosa ამჟამად თაისენ-ბორნემისცას მუზეუმის ბინაა, რომელშიც კერძო პირთა მიერ შეგროვებული ექსპონატები ინახება. ეს კოლექცია სახელმწიფოს არ ეკუთვნის, თუმცა მნიშვნელოვანი დამატებაა პრადოს საკუთარი კოლექციისთვის და მის სისტემაში შედის 1985 წლიდან.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ერთა ლიგის გადაწყვეტილებით მუზეუმის თანამშრომლებმა 353 ფერწერული ტილო, 168 ნახაზი და დოფენის განძი ვალენსიაში გადაიტანეს, შემდეგ ჟირონაში, ბოლოს კი ჟენევაში. ხელოვნების ნიმუშები საფრანგეთის ტერიტორიის გავლით ღამის მატარებლით დააბრუნეს მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე.

აღსანიშნავია პრადოსთან ახლომდებარე მადრიდის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ეროვნული მუზეუმი: არქეოლოგიური მუზეუმი (Museo Arqueológico), რომელშიც პრადოს კუთვნილი ძველი ეგვიპტის, მესოპოტამიის, საბერძნეთისა და რომის კულტურების ექსპონატებია. დედოფალ სოფიას მუზეუმში (Museo Reina Sofia) მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. ეს სამი მუზეუმი, ბუენ რეტიროსა და თაისენ-ბორნამისცასთან ერთად (რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობენ) მადრიდის მნახველებს დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიასა და საუცხოო ხელოვნებაზე ყველაზე სრულყოფილ წარმოდგენას აძლევს, რითაც მისთვის მხოლოდ პარიზისა და ლონდონის მუზეუმებს თუ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება