ტიტული რომის იმპერატორი გარკვეული გაგებით თანამედროვე ცნებაა და ერთგვარ შეჯამებას უკეთებს პოსტს, რომელიც ეჭირათ იმ პიროვნებებს, რომელთაც რომის იმპერიის ძალაუფლების სადავეების ხელთ ჩაგდება მოახერხეს. რომის იმპერია განვითარდა რომის რესპუბლიკისგან, მას შემდეგ, რაც მან ევროპაში დომინანტური როლი დაიჭირა და მისთვის დამახასიათებელი გახდა ერთპიროვნული მმართველობა, "სენატისა და რომის მოქალაქეთა" ნაცვლად. თუმცა ავგუსტუსი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც პირველი იმპერატორი, ფრთხილობდა რესპუბლიკური მმართველობის ფასადის შენარჩუნებას, და რაიმე სპეციფიური ტიტული მისთვის არ მიუღია. ამის ნაცვლად მან ადრე არსებული რომის მაგისტრატის ძალაუფლება საკუთარ თავს დაუქვემდებარა და არსებული ტიტული "Princeps Senatus" (სენატის პირველი პირი) მოირგო. მმართველობის ეს სტილი, რომელიც დაახლოებით 300 წელს გაგრძელდა, შესაბამისად "პრინციპატად" იწოდება. სიტყვის "იმპერატორი" თანამედროვე მნიშვნელობა მომდინარეობს ამავე სახელწოდების ტიტულიდან, რომელსაც არმია წარმატებულ გენერალს ანიჭებდა; შესაბამისად, რომის იმპერიის საწყის ფაზაში, "პრინცეპს" ის ჯერ უნდა მოეხვეჭა. შესაბამისად, ტერმინი "იმპერატორი" ამჟამად გამოიყენება რომის იმპერიის მმართველების აღსანიშნავად, ვინაიდან ის (ა) ხაზს უსვამს ძლიერ კავშირს მმართველსა და არმიას შორის (რომლის მხადაჭერაზე იყო მეტწილად მმართველის ძალაუფლება დამოკიდებული), და (ბ) არ განასხვავებს მმართველობის სტილს იმპერიის სხვადასხვა ფაზებში. (…სრულად)