საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107 600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.