რედ. რჩეული ბიოგრაფია
მარსელ პრუსტი
მარსელ პრუსტი

მარსელ პრუსტი (Marcel Proust; 1871-1922), ფრანგი მწერალი, მოდერნიზმის მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი. ავტორი მონუმენტალური რომანისა ”დაკარგული დროის ძიებაში” (7 წიგნი, 16 ტომად).

პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, დაუპირისპირდა XIX ს. რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის და არ ცნობს ადამიანის პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი ბერგსონის ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიის და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას.