- საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იუწყებიან ხანძრების შესახებ. ცხვარიჭამიაში, თიანეთში, ყაზბეგის რაიონში, ახალგორში, თელავსა და ბაღდათში მიმდინარეობს სამუშაოები ცეცხლის ჩასაქრობად. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები ეხმარებიან. მარტო მცხეთა-მთიანეთის რაიონში, გავრცელებული ინფორმაციით, 20 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი დაიწვა. ხშირ შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობას ართულებს გეოგრაფიული მდებარეობა და ძლიერი ქარი. (რადიო თავისუფლება)
- დღეს ასიათასობით მუსულმანმა დაიწყო ჰაჯი, რომლითაც მიჰყვებიან, მათი რწმენით, მოციქულ მუჰამედის მიერ 14 საუკუნის წინ განვლილ გზას. ყოველ წელს ორ მილიონამდე მომლოცველი ჩადის მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქ მექაში, რომელიც საუდის არაბეთში მდებარეობს. ჰაჯი ხუთი დღე გრძელდება. მუსლიმები მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენენ. (რადიო თავისუფლება)
- ჰაიტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქოლერის ეპიდემიამ კიდევ 120 ადამიანი შეიწირა, რის შედეგადაც 917-მდე გაიზარდა ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში მკურნალობენ 14 642 ადამიანს. (რადიო თავისუფლება)
|