ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმების, გალერეების, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, მედიის, საერთაშორისო კორპორაციების და საფინანსო ბაზრების შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა. ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონითაც გამოირჩევა. (...სრულად)