პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში
მითრიდატეს ომების ნაწილი

რომის რესპუბლიკა ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ. 65 წელს.
თარიღი 65 წელი
მდებარეობა კავკასია და აღმოსავლეთ ანატოლია
შედეგი იბერიის დამორჩილება და ეგრისის ანექსია
მეთაურები
გნეუს პომპეუს მაგნუსი არტაგი
დანაკარგები
დაიღუპა: 9 ათასი
ტყვედ ჩავარდა: 10 ათასზე მეტი
პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში ვიკისაწყობში

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ეპიზოდი რომელიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა. აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი).

ძვ. წ. 74–ძვ. წ. 66 წელს პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი ლუკულუსი. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი. იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა.

მტერი არმაზციხეს მიადგა. არტაგ I-მ არმაზციხე დატოვა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ რომაელთა გადასვლისათვის ხელი შეეშალა. არმაზციხის გარნიზონი იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. შემდეგ პომპეუსმა მტკვრის მთელი მარჯვენა მხარე დაიმორჩილა. არტაგმა პომპეუსს ზავის დადება სთხოვა; თანაც ხიდის აღდგენასა და სურსათის მიცემას შეჰპირდა. ქართლის მეფემ დაპირება შეასრულა, მაგრამ პომპეუსი მაინც გადავიდა მტკვარზე. არტაგმა უკან დაიხია, ამალითა და ჯარის ნაწილით არაგვზე გადავიდა და ხიდი აქაც დაწვა. ქართველთა ჯარის მეორე ნაწილმა პარტიზანული ომი გააჩაღა, ტყეში გაიფანტა და მტერს ხეებიდან უშენდა ისარს. ბრძოლაში ასევე ქალები მონაწილეობდნენ. ბოლოს პომპეუსის ბრძანებით ტყე გაჩეხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქართველები დამარცხდნენ. არტაგმა ისევ განაახლდა საზავო მოლაპარაკება და რომაელთა სარდალს ძვირფასი ძღვენი (ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროს მაგიდა) მიართვა.

პომპეუსი მეფეს შვილებს სთხოვდა მძევლებლად. არტაგს ეს არ უნდოდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა, მაგრამ, რომცა რომაელები არაგვზეც გადავიდნენ, ქართლის მეფემ პომპეუსს შვილები გაუგზავნა და ზავიც დაიდო. ქართლი რომაელთა „მოკავშირედ და მეგობრად“ , ე. ი. ვასალად გამოცხადდა. ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე ამ ბრძოლას დიდ ბრძოლას უწოდებდა. მისი ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა 9 ათასი ქართველი, 10 ათასზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა.

ქართლის დამორჩილების შემდეგ პომპეუსი კოლხეთში გადავიდა, გზადაგზა ხან ბრძოლით, ხან ცბიერება-დაპირებებით იმორჩილებდა მდინარე რიონის სანაპირო ციხესიმაგრეებს და ასე ჩავიდა ქ. ფაზისში (ახლანდელი ფოთი). აქ მას დახვდა რომაელთა ფლოტი, რომელსაც დაავალა მითრიდატეს დევნა, თვითონ კი უკან გაბრუნდა. პომპეუსმა კოლხეთის (ეგრისის) მმართველად დანიშნა თავისი კაცი არისტარქე. კოლხეთი რომის პროვინციის – ბითინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა.

  • აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1959;
  • დიონ კასიონის ცნობები საქართველოს შესახებ, . ლომოურის გამოც., თბ., 1966;
  • პლუტარქე, რჩეული ბიოგრაფიები, თარგმანი ძვ. ბერძნულიდან ა. ურუშუძისა, თბ., 1975

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუჩუა ვ., გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967;
  • მელიქიშვილი გ., საქართველო ახ. წ. I-III სს., წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970;
  • სანიკიძე ლ., პონტოს სამეფო, თბ., 1956;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ., 1, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ს., რა მოხდა 2000 წლის წინათ საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;