პოლიტიკური რეალიზმი

პოლიტიკური რეალიზმი იყო პასუხი საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალურ თეორიაზე. რეალიზმის ამოსავალი დებულებაა ის, რომ სახელმწიფოები არ ცდილობენ თანამშრომლობას. ადრეული რეალისტები ედვარდ ქარი და ჰანს მორგენთაუ მიიჩნევდნენ, რომ საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო სახელმწიფოები არიან ეგოისტური რაციონალური აქტორები,რომლებიც ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ. ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის აღიქმება, როგორც შემთხვევითი.რეალისტებისთვის მეორე მსოფლიო ომი იყო მათი იდეების ერთგვარი დადასტურება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე რეალისტების მიერ კლასიკური რეალისტები: თუკიდიდე, ტომას ჰობზი, და მაკიაველი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც ”დამფუძნებელი მამები”. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდეები ხშირად პასუხობენ რეალისტურ დოქტრინას, შეიძლება ისინი სრულებითაც არ განსაზღვრავდნენ საკუთარ თავს რეალისტებად.

ნიკოლო მაკიაველი - პოლიტიკური რეალიზმის დამფუძნებელი მამა

პოლიტიკური რეალიზმი სხვა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებისგან განსხვავებით ხატავს საერთაშორისო ურთიერთობების პესიმისტურ სურათს. საერთაშორისო ურთიერთობები დანახულია როგორც მკაცრი კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც არანაირი მიზეზი არ აქვთ ერთმანეთს მიენდონ მაშინ, როდესაც მათი არსებობის არსი თვითგადარჩენაა ისეთ გარემოში სადაც ერთის დანაკარგი მეორის მონაპოვარია, ანუ ნულოვანი ჯამის მქონე თამაშია.

ჯონ მირშაიმერი გვთავაზობს რეალიზმის ყველაზე ნათელ და ამომწურავ დახასიათებას. იგი გამოყოფს ხუთ ძირითად მოსაზრებას რომელიც აღწერს რეალიზმის მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებისადმი:

  1. პირველი მოსაზრება ისაა, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია ანუ, საერთაშორისო სისტემის მოწყობის პრინციპი არის ანარქიული, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა შედგება დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულებისგან (სახელმწიფოები), რომლებსაც არ ჰყავთ ზემდგომი ხელისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს უმაღლესი მმართველი ორგანო, ზესახელმწიფო, მაშინ როდესაც სუვერენიტეტი სახელმწიფოთა თანდაყოლილი თვისებაა.
  2. მეორე მოსაზერება ისაა, რომ სახელმწიფოებს ბუნებრივად თანდაყვებათ აგრესიის იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ერთმანეთის წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს არის სამხედრო შეიარაღება. თუმცა, რომ არ იყოს იარაღი, რეალიზმი ამბობს რომ ინდივდები საომრად ხელ-ფეხს გამოიყენებდნენ.
  3. მესამე მოსაზრება ისაა, რომ სახელმწიფოები არასდროს არ არიან დარწმუნებულნი, თუ რა განზრახვა ამოძრავებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს გარანტია იმისა, რომ მის წინააღმდეგ აგრესიულ იარაღს არ გამოიყენებს მეორე სახელმწიფო. შეიძლება ეს მეორე სახელმწიფო იყოს კეთილმოსურნე და საიმედო, მაგრამ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობა შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია განზრახვის ასი პროცენტით განსაზღვრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაურკვევლობის თავიდან აცილება შეუძლებელია როდესაც ხდება განზრახვის შეფასება, ეს კი მარტივად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოები ვერასდროს იქნებიან დარწმუნებულნი, რომ სხვა სახელმწიფოებს აგრესიულ იარაღებთან ერთად აგრესიული განზრახვებიც არ აქვთ.
  4. მეოთხე მოსაზრება ისაა, რომ სახელმწიფოთა ძირითადი მამოძრავებელი მოტივი არის თვითგადარჩენა, რადგან მათ სურთ სუვერენიტეტის შენარჩუნება.
  5. მეხუთე მოსაზრება ამბობს, რომ სახელმწიფოები ფიქრობენ სტრატეგიულად იმაზე, თუ როგორ გადარჩნენ საერთაშორისო სისტემაში.

სახელმწიფოები არიან უმეტესად რაციონალურები. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ვერ განსაზღვრონ საქციელი, რადგან ისინი მოქმედებენ არასრული ინფორმაციის სამყაროში, სადაც პოტენციურ მოწინააღმდეგეს გააჩნია საბაბი იმისა, რომ დამალოს თავისი ნამდვილი ძალა, ან სისუსტე და დამალოს თავისი ნამდვილი განზრახვები. აქედან გამომდინარე, მირშაიმერი გამოყოფს სახელმწიფოთა საქციელის სამ ძირთად ფორმას:

  1. სახელმწიფოებს ერთმანეთის ეშინიათ, რადგან მუდმივად საშიშროების მოლოდინში არიან სხვა სახელმწიფოების მხრიდან;
  2. სახელმწიფოები დამოკიდებულნი არიან მხოლოდ საკუთარ თავზე, რადგან სხვა სახელმწიფოები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. როგორც კენეტ უოლცი ამბობს სახელმწიფოები მოქმედებენ „თვითდახმარების“ რეჟიმში. შესაბამისად ალიანსები განიხილება როგორც დროებთი მოვლენა და შეიძლება დღეის მოკავშირე გახდეს ხვალის მეტოქე და დღეის მტერი ხვალის მეკავშირე. აქედან გამომდინარე, რეალისტები ასკვნიან რომ სახელმწიფოები უნდა იყვნენ ეგოისტურები და იზრუნონ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ეს მოსაზრება უცვლელი რჩება როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პირობებში;
  3. სახელმწიფოები ცდილობენ გაზარდონ თავიანთი ფარდობითი ძლიერება (relative power) სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. რადგან რაც მეტი აქვს სამხედრო უპირატესობა, მით უფრო უსაფრთხოა ქვეყანა. თითოელ სახელმწიფოს აქვს სურვილი იყოს ძლიერი სამხედრო ძალა რადგან ეს არის საუკეთესო გზა უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოება საშიშ გარემოში. იგივე მოტივი ლოგიკურად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოებმა წამოიწყონ ომი როდესაც ამის საშუალება არსებობს და როდესაც მოგება სავარაუდოა. იდეალური გამოსავალი არის იყო ჰეგემონი სისტემაში. მაშინ თვითგადარჩენა თითქმის უზრუნველყოფილი იქნებოდა.

რეალიზმის ცენტრალური მოსაზრება, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია ისაა, რომ ანარქია იწვევს კონკურენციას და კონფლიქტს სახელმწიფოებს შორის და ახშობს მათში თანამშრომლობის სურვილს მაშინაც კი, როდესაც არსებობს საერთო ინტერესი. ეს მოსაზრება მიმართულია ნეოლიბერალური თეორიების საპირისპიროდ, რომელებიც ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ. რეალიზმის აზრით, არსებობოს ორი მიზეზი რაც ხელს უშლის თანამშრომლობას. ესენია: ფარდობითი მოგება (relative gains) და ღალატის საშიშროება. სახელმწიფოები, რომლებიც ფიქრობენ თანამშრომლობაზე უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ განაწილდება მოგება მონაწილეთა შორის. არის მოგების აღქმის ორი გზა: აბსოლუტური, ან ფარდობითი მოგება. აბსოლუტური მოგება (absolute gains) ნიშნავს, რომ თითოეული მხარე მხოლოდ დაინტერესებულია მაქსიმალური მოგებით და არ ადარდებს სხვისი მონაპოვარი. თითოეულ მხარეს ადარდებს მეორის ქმედებები მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მეორის საქციელმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის მიერ მაქსიმალური მოგების მიღების პერსპექტივაზე. ამის საპირისპიროდ, ფარდობითი მოგება (relative gains) ნიშნავს, რომ სახელმწიფოები სათვალავში იღებენ არა მარტო საკუთარ ინდივიდუალურ მოგებას, არამედ იმას, თუ რამდენად კარგად აქვს მას საქმე სხვასთან შედარებით. რეალიზმის სამყაროში სახელმწიფოები ყურადღებას აქცევენ ფარდობით მოგებას, რადგან სახელმწიფოების მთავარი მიზანია თვითგადარჩენა და სუვერენინტეტის შენარჩუნება. ამიტომ, სახლემწიფოებს აქვთ შიში, რომ დღევანდელი მეგობარი შეიძლება გახდეს ხვალინდელი მტერი. ამიტომ თანამშრომლობა, რომელიც ორივეს ხელს აძლევს არასასურველია, რადგანაც ეს მის პოტენციურ მტერს აძლიერებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოები მკაცრად აკვირდებიან მათი პარტნიორების მოგებას, რაც ზღუდავს მათ შორის თანამშრომლობას.

ჰანს მორგენთაუ თავის ნაშრომის შესავალშივე აყალიბებს პოლიტიკური რეალიზმის 6 პრინციპს, რათა გააქარწყლოს გაუგებრობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პოლიტიკური რეალიზმი:

  1. პოლიტიკა ფესვგადგმულია ადამიანის პერმანენტულად უცვლელ ბუნებაში, რომელიც არის ეგოისტური და ეგოცენტრული.
  2. პოლიტიკა არის ავტონომიური სფერო და არ შეიძლება მისი დაყვანა ეკონომიკამდე (როგორც ამას მარქსიზმის მიმდევრები აკეთებენ), ან მორალამდე (როგორც ამას კანტის ლიბერალური თეორიის მიმდევრები აკეთებენ ხოლმე). სახელმწიფო მეთაურებმა უნდა იმოქმედონ პოლიტიკური სიბრძნის დიქტატის მიხედვით. მათთვის გზის გაგნების მთავარი საშუალება ეროვნული ინტერესების კონცეფციაა.
  3. პირადი ინტერესები არის ადამიანური არსების გამომხატველი ფაქტი. ყველა ადამიანის პირადი ინტერესების მინიმუმი არის თვითგადარჩენა და უსაფრთხოება. პოლიტიკა არის არენა, სადაც ეს ინტერესები გამოიხატება და ეს ინტერესები აუცილებლად ერთმანეთს შეეჯახება რაც ადრე თუ გვიან გამოიწვევს კონფლიქტს. საერთაშორსიო პოლიტიკაც ასევე არის სახელმწიფოთა ინტერესების შეჯახების არენა. სახელმწიფოთა ინტერესები კი იცვლება დროში და გარემოში. რეალიზმი არის დოქტრინა, რომელიც რეაგირებას ახდენს ცვალებად პოლიტიკურ რეალობაზე.
  4. საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა არის პოლიტიკური და სიტუაციური ეთიკა, რაც ძალზედ განსხვავდება პირადი მორალისაგან. პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს თავისუფლება მოიქცეს მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, რადგან იგი პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და მის ხელშია მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. შესაძლებელი შედეგებიდან ყველაზე მომგებიანის შერჩევა პოლიტიკოსის უმაღლესი მიღწევაა.
  5. რეალიზმი მიიჩნევს, რომ არც ერთი ერის და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად (თვით ისეთი დემოკრატიული ერისაც კი, როგორიც არის აშშ) და არ შეიძლება ისინი ძალის გამოყენებით დაკისრებული იქნეს სხვა სახელმწიფოზე. რეალისტები გამოდიან ამის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. შესაძლებელია, რომ რაღაც მომენტში ძალით დაკისრებულმა იდეოლოგიამ საპირისპირო შედეგი გამოიღოს და თვით „ჯვაროსან“ ქვეყანას საფრთხე შეექმნას.
  6. პოლიტიკოსის უმაღლესი ზნეობა და მორალი არის მისი ქვეყნის ინტერესები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ashley, Richard K. "Political Realism and the Human Interests," International Studies Quarterly (1981) 25: 204-36.
  • Barkin, J. Samuel Realist Constructivism: Rethinking International Relations Theory (Cambridge University Press; 2010) 202 pages. Examines areas of both tension and overlap between the two approaches to IR theory.
  • Bell, Duncan, ed. Political Thought and International Relations: Variations on a Realist Theme. Oxford: Oxford University Press, 2008.
  • Booth, Ken. 1991. "Security in anarchy: Utopian realism in theory and practice", International Affairs 67(3), pp. 527–545
  • Crawford; Robert M. A. Idealism and Realism in International Relations: Beyond the Discipline (2000) online edition[მკვდარი ბმული]
  • Donnelly; Jack. Realism and International Relations (2000) online edition დაარქივებული 2009-09-23 საიტზე Wayback Machine.
  • Gilpin, Robert G. "The richness of the tradition of political realism," International Organization (1984), 38:287-304

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება