პნომპენი

(გადამისამართდა გვერდიდან პნომ-პენი)

პნომპენი (ქმერ. ភ្នំពេញ) — კამბოჯის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების მეკონგისა და ტონლესაპის შესართავთან. ქვეყნის დედაქალაქია ფრანგული კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული. ამჟამად, პნომპენი კამბოჯის ეკონომიკური, ინდუსტრიული, ტურისტული, და ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია. 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 1,501,725 ადამიანი.

დედაქალაქი
პნომპენი
ភ្នំពេញ
გერბი

ქვეყანა კამბოჯის დროშა კამბოჯა
შიდა დაყოფა Pou Senchey, Chamkarmon District, Dangkao District, Daun Penh District, Meanchey District, Prampi Makara District, Russei Keo District, Sen Sok District, Toul Kork District და Chroy Changvar Section
კოორდინატები 11°33′00″ ჩ. გ. 104°55′00″ ა. გ. / 11.55000° ჩ. გ. 104.91667° ა. გ. / 11.55000; 104.91667
ქალაქის მერი Pa Socheatvong
დაარსდა 1372
ამჟამინდელი სტატუსი 1865
ფართობი 376 კმ²
ცენტრის სიმაღლე 11 მეტრი
მოსახლეობა 1,501,725 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 2,200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 855 (023)
ოფიციალური საიტი phnompenh.gov.kh
პნომპენი — კამბოჯა
პნომპენი

ქალაქი დაარსდა 1434 წელს და მისთვის ფრანგულ არქიტექტურასთან ერთად, დამახასიათებელია ულამაზესი, ისტორიული არქიტექტურა. საბოლოოდ კამბოჯის დედაქალაქად პნომპენი აქცია მეფე ნოროდომმა 1866 წელს. 1953 წლიდან დამოუკიდებელი კამბოჯის დედაქალაქია. პნომპენის უძველესი ნაგებობა ვატი პნომი სტუპით (XV საუკუნე).

ერთ დროს ცნობილი, როგორც აზიის მარგალიტი, 1920-იან წლებში, ფრანგულ არქიტექტურულ სტილში ნაშენი პნომპენი მიიჩნეოდა ინდოჩინეთის ულამაზეს ქალაქად. პნომპენი სამდინარო ნავსადგურია, მისადგომია საზღვაო გემებისათვის. რკინიგზით უკავშირდება ნავსადგურ კამპონგსაომს და ქალაქ ბანგკოკს. საავტომობილო გზების კვანძი, ქალაქის მახლობლად არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.

პნომპენის დაარსების ლეგენდა ადგილობრივ ქალზე, პენზე მოგვითხრობს (ხშირად მოხსენიებული როგორც Daun Penh („ბებია პენი“ ან „მოხუცი პენი“) ქმერულ ენაზე), რომელიც ჩაკტომუკში ცხოვრობდა. ეს ხდება მე-14 საუკუნის ბოლოს, შესაბამისად ქმერთა იმპერიის დედაქალაქი იმ დროისთვის ისევ ანგკორი იყო. მდინარის ნაპირთან შეშის შეგროვებით გართულმა პენმა, მდინარეში მოცურავე კოკის ხე შენიშნა და ნაპირზე გამოიტანა. ხის შიგნით მან ოთხი ბუდას და ერთი ვიშნუს ქანდაკებები აღმოაჩინა.

ეს აღმოჩენა მიღებული იქნა როგორც ღვთიური წყალობა. ზოგისთვის კი ეს იმის ნიშანიც იყო, რომ ქმერების იმპერიის დედაქალაქი ანგკორიდან პნომპენში უნდა გადმოსულიყო. ახლადნაპოვნი წმინდა ნივთების შესანახად, ტონლე საპის დასავლეთ სანაპიროზე პენმა პატარა გორაკი აღმართა და თავზე აკლდამა დაადგა, რაც დღესდღეობით ცნობილია როგორც ვათ პნომი, რომელიც პნომპენის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. „Phnom“ ქმერულად გორაკს ნიშნავს, რომელმაც სახელი დამაარსებლისგან მიიღო - პენის გორაკი, ხოლო ეს ტერიტორია შემდეგში ამ გორაკისვე სახელით გახდა ცნობილი.

გეოგრაფია

რედაქტირება

პნომპენი კამბოჯის ცენტრალურ-სამხრეთ რეგიონში მდებარეობს და მთლიანად გარშემორტყმულია კანდალის პროვინციით. მუნიციპალიტეტი ტონლესაპის ტბის, ასევე მდინარეების მეკონგისა და ბასაკის ნაპირებზე მდებარეობს. ეს მდინარეები ქალაქს სუფთა წყლითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით ამარაგებენ. მიუხედავად იმისა, რომ პნომპენი მდინარიდან 11.89 მეტრზე მდებარეობს, მუსონები და სეზონური დატბორვა ხშირია და მდინარეც ხშირად ტოვებს კალაპოტს.

ქალაქის არეალი 678.46 კვადრატულ კილომეტრს ფარავს. მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნო მიწა 34.685 კვ.კმ-ს შეადგენს, აქედან 1.476 კვ.კმ საირიგაციიო სისტემითაა კეთილმოწყობილი.

პნომპენში კიოპენის კლასიფიკაციით ტროპიკული სავანის კლიმატია. აქ მთელი წლის განმავლობაში ცხელა, მხოლოდ მცირედი ცვლილებით. ტემპერატურა ძირითადად მერყეობს 22-დან 35°C-მდე და ხშირად გვხვდება ტროპიკული მუსონები. სამხრეთ-დასავლეთიდან მონაბერ მუსონებს, მაისიდან ნოემბრამდე კარგად დანოტივებული ჰაერი ტაილანდის ყურედან და ინდოეთის ოკეანედან მოაქვთ. ჩრდილო-აღმოსავლური მუსონი ქალაქს მშრალი სეზონისკენ უძღვება, რომელიც დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. ქალაქში მაქსიმალური ნალექიანობა სექტემბრიდან ოქტომბრამდეა, იანვრიდან თებერვლამდე კი ყველაზე მშრალ პერიოდს შეხვდებით.

ქალაქს ორი განსხვავებული სეზონი აქვს. წვიმების სეზონი რომელიც მაისიდან ნოემბრამდე გრძელდება, გამოირჩევა მაღალი ტემპერატურითა და ტენიანობით. მშრალი სეზონი კი დეკემბერში იწყება და აპრილში სრულდება; ამ დროს ღამის პერიოდში ტემპერატურა შეიძლება 22°C-მდე დაეცეს.



რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება