პეტრე პატრიკიოს-ყოფილი

პეტრე პატრიკიოს-ყოფილი (გ. 854) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 ივლისი, ახალი სტილით — 14 ივლისი.

ცხოვრება

რედაქტირება

ღირსი პეტრე VIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობისას იგი მხედართმთავრად დანიშნეს და ბულგარეთის წინააღმდეგ ბერძენთა ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ. იმპერატორი სასიკვდილოდ დაიჭრა, პეტრე კი, მრავალ სხვა მეომართან ერთად, ტყვედ ჩავარდა. ერთხელ, ღამით, ლოცვის დროს, მას გამოეცხადა წმინდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი და ტყვეობიდან დაიხსნა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა პეტრემ გადაწყვიტა, განრიდებოდა ამაოებით სავსე წუთისოფელს, ოლიმპის მთაზე (მცირე აზია) მდებარე მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. აქ მან ოცდათოთხმეტი წელი დაჰყო იოანიკე დიდის (ხს. 17 ნოემბერს) ხელმძღვანელობით. წმინდანი მკაცრად მარხულობდა, ლოცვაში ათენებდა ღამეებს, უხეშ, ჯვალოს სამოსს ატარებდა, უხამლოდ დადიოდა... უკანასკნელი რვა წელი მან კონსტანტინოპოლში გაატარა, სადაც წმიდა ევანდრეს სახელობის ტაძარი და მონასტერი ააგო.

ღირსი პეტრე სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა 854 წელს და თავისსავე სავანეში დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.