პეტრე გრუზინსკი (სახელმწიფო მოხელე)
პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი (დ. 25 აპრილი, 1857, თბილისი, — გ. 3 თებერვალი, 1922, იქვე) — უბრწყინვალესი თავადი, ქართველი საზოგადო მოღვაწე, გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენელი.
დაიბადა ბატონიშვილ ბაგრატ გიორგის ძის შთამომავლის ალექსანდრე გრუზინსკის და ელენე თარხან-მოურავის ოჯახში. იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სამსახურში, 1905 წლიდან — კავკასიის სამეფისნაცვლოს მთავარი სამოქალაქო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე, ჰქონდა კამერჰერის და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის წოდებები. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ილია ჭავჭავაძესთან ერთად იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი მოთავე, მისი კომიტეტის წევრი, ასვეე კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
ბიძამისის, დავით გრუზინსკის გარდაცვალების შემდეგ (1888) პეტრე გრუზინსკი ითვლებოდა ქართლ-კახეთის გაუქმებული სამეფო სახლის არაოფიციალურ უფროსად. გარდაიცვალა 1922 წელს. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.
1915 წელს, 57 წლის ასაკში პეტრე გრუზინსკიმ იქორწინა მასზე 40 წლით უმცროს თამარ დეკანოზოვაზე (დეკანოზიშვილზე, დ. 1897 — გ. 1977). ოფიციალური დოკუმენტებით ჰყავდა ორი შვილი: კონსტანტინე (დ. 1915 — გ. 1939) და პეტრე (დ. 1920 — გ. 1984), მომავალში ცნობილი პოეტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 167.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პეტრე გრუზინსკი (სახელმწიფო მოხელე) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პეტრე გრუზინსკი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)