პარალაქსი (ბერძ. παράλλαξις — „გადახრა“), პარალაქსური გადაადგილება — მნათობის პერსპექტიული გადანაცვლება ცის სფეროზე, განპირობებული დამკვირვებლის სივრცეში გადაადგილებით, რასაც იწვევს დედამიწის დღეღამური ბრუნვა (დღეღამური პარალაქსი), მზის გარშემო დედამიწის მოძრაობა (წლიური პარალაქსი) და გალაქტიკაში მზის სისტემის მოძრაობა (საუკუნეობრივი პარალაქსი). პარალაქსის სიდიდე დამოკიდებულია დამკვირვებლიდან მნათობამდე მანძილზე, ამიტომ პარალაქსი ასტრონომიაში მანძილის ექვივალენტად ითვლება.

პარალაქსის სქემა
პარალაქსის მაგალითი ანიმაციით

დღეღამური პარალაქსი — კუთხე, რომლის წვეროშია მნათობის ცენტრი, ხოლო გვერდებს შეადგენს მიმართულებები დედამიწის ცენტრისა და დამკვირვებლისაკენ. თუ მნათობი დაკვირვების ადგილის ჰორიზონტზეა, პარალაქსს ჰორიზონტული ეწოდება. თუ ამავე დროს დამკვირვებელი დედამიწის ეკვატორზეაჰორიზონტ-ეკვატორული პარალაქსი მზემდე საშუალო მანძილის შესაბამისი პარალაქსი არის 8,794″, მთვარისა - 57′2,6″. ვარსკვლავებისათვის დღეღამური პ. პრაქტიკულად ნულია მათი ძალიან დიდი სიშორის გამო.

წლიური პარალაქსი — ვარსკვლავთან შედგენილი კუთხე მართკუთხა სამკუთხედში, რომლის ჰიპოტენუზაა მანძილი მზიდან ვარსკვლავამდე, ხოლო მცირე კათედი - დედამიწის ორბიტის დიდი ნახევარღერძი; იყენებენ ვარსკვლავებამდე მანძილების განსაზღვრავად. ძალიან შორეულ ვარსკვლავთა მიმართ ცაზე ვარსკვლავის გადანაცვლების გაზომვით მიღებულ წლიურ პარალაქსს ტრიგონომი ეწოდება. იგი იმდენად მცირეა (ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავის, ე. წ. კენტავრის უახლოესის პარალაქსი არის 0,76″), რომ მისი განსაზღვრა მოხერხდა მხოლოდ მზის მახლობელი 6 ათასამდე ვარსკვლავისათვის.

მზე აირეკლება წყალზე ფანარის ანარეკლზე, თუმცა აურეკლავ ხედზე ის საგრძნობლად დაცილებულია ფანარს.

საუკუნეობრივი პარალაქსი — ვარსკვლავის კუთხური გადაადგილება წელიწადში, განპირობებული გალაქტიკაში მზის სისტემის მოძრაობით და მიყვანილი ამ მოძრაობისადმი პერპენდიკულარულ მიმართულებაზე. იყენებენ შორეულ ვარსკვლავებამდე მაძილების შესაფასებლად. საუკუნეობრივი პარალაქსით მანძილი განისაზღვრება მხოლოდ სტატისტიკური მეთოდებით ვარსკვლავთა დიდი ჯგუფისათვის. ინდივდ. ვარსკვლავისათვის იგი შეიძლება რეალური არ იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 678.
  • ხარაძე ე., ასტრონომიის საფუძვლები, ტ. 1-2, თბ., 1971-74 წელი.
  • Куликовский П. Г., Звездная астрономия, М., 1978.