Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.

პავლე გიორგის ძე შენგელია (დ. 25 მარტი, 1903, ქუთაისი — გ. 26 მაისი, 1971, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-ენერგეტიკოსი, პროფესორი.

ბიოგრაფიარედაქტირება

1922 წლიდან იყო რიონჰესის მშენებლობის სამმართველოს საპროექტო განყოფილების ტექნიკოსი, შემდეგ ინჯინერი და უფროსი ინჟინერი. აქ მან შეადგინა რიონის კომპლექსური გამოყენების ახალი, უფრო სრულყოფილი სქემა, რაც წარმოადგენდა გამოჩენილი გერმანელი სპეციალისის ა. ლუდინის მიერ შედგენილ რიონის გამოყენების სქემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

1932 წელს პ. შენგელიამ მუშაობა დაიწყო ჰიდროენერგეტიკის საპროექტო ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ჯერ უფროს ინჟინრად, შემდეგ ჰესების დაპროექტების ბიუროს მთავარ ინჟინრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა მრავალი ათეული სქემა ამიერკავკასიის მდინარეებზე. ამ ინსტიტუტში იგი აგრძელებს მოღვაწეობას (კონსულტანტად) მას შემდეგაც, როცა ის გადაიყვანეს საქართველოს კომისართა საბჭოს საგეგმო კომისიაში ენერგეტიკის განყოფილების უფროსად. აქაც მისი მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს მრავალი ჰიდროენერგომშენებლობის პერსპექტიული გეგმები. პარალელურად იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა, აქვეყნებდა ნაშრომებს საქართველოსა და ამიერკავკასიაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხებზე. მეცნიერის კალამს ეკუთვნის 40-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „მთის მდინარეების კასკადური გამოყენების საკითხები“. პავლე შენგელია 20 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტს. მას დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვესაქართველოში მაღალ კაშხლებთან დაკავშირებულ საპროექტო-ექსპერიმენტული სამუშაოების ორგანიზაციის საქმეში. 1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. დაჯილდოვებული იყო ორი შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით, მინიჭებული ჰქონდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ბენედიქტეს ასული კიკნაძე (დ. 21 დეკემბერი, 1921, თბილისი — გ. 25 ივლისი, 1994, იქვე).

ლიტერატურარედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 372, თბ., 1994