ოჩამჩირის ნაქალაქარი
ოჩამჩირის ნაქალაქარი — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მდინარე ჯიქიმურის შესართავთან. გათხარეს 1935-1936 წლებში (ბორის კუფტინი, მ. ივაშჩენკო, ლ. სოლოვიოვი). აღმოჩნდა 3 სხვადასხვა დროის (ლითონის ინდუსტრიის საწყისი ეპოქის, ანტიკური ხანის და შუა საუკუნეები) ნამოსახლარის ნაშთები. ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნამოსახლარი გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ. წ. IV საუკუნე) „პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქ. გიენოსთან. დასახლებული იყო თხრილით გარშემორტყმული ხელოვნური ბორცვები. დასახლების ეს ტიპი დამახასიათებელი იყო კოლხეთის სამეფოსათვის თავისებური ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო. შემორჩენილია თიხაკეპნილი იატაკებისა და კედლების შელესილობის ნაშთები. აღმოჩენილია თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის (ოქრო, რკინა, ბრინჯაო) სამკაული და იარაღი. გვხვდება აგრეთვე თიხის ბერძნული ნაწარმი, რომლის უადრესი ნიმუშები ძვ. წ. V საუკუნის შუა წლებით თარიღდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 2, Тб., 1950;
- კაჭარავა დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 621.