ოტო ფრიც მაიერჰოფი (გერმ. Otto Fritz Meyerhof; დ. 12 აპრილი, 1884, ჰანოვერი, გერმანია, — გ. 6 ოქტომბერი, 1951, ფილადელფია, აშშ) — გერმანელი ბიოქიმიკოსი. მის ძირითად შრომებში კუნთოვან ქსოვილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ქიმიური პროცესებია განხილული. 1922 წელს ფიზიოლოგ არჩიბალდ ვ. ჰილთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ოტო მაიერჰოფი
გერმ. Otto Fritz Meyerhof
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1884(1884-04-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ჰანოვერი[8]
გარდ. თარიღი 6 ოქტომბერი, 1951(1951-10-06)[9] [1] [2] [3] [4] [6] [7] (67 წლის)
გარდ. ადგილი ფილადელფია, აშშ[9]
მოქალაქეობა  გერმანია
აშშ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ფსიქიატრი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი კილის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სტრასბურის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
მამა Felix Meyerhof
დედა Bettina Meyerhof
შვილ(ებ)ი Walter Meyerhof[10] და George Geoffrey Meyerhof[10]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოტო ფრიც მაიერჰოფი დაიბადა შეძლებული გერმანელი ებრაელი ვაჭრის ოჯახში 1884 წელს. მედიცინას სწავლობდა ფრაიბურგის, ბერლინის, სტრასბურგის უნივერსიტეტებში, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1909 წელს. შემდეგ მუშაობდა ასისტენტად ჰაიდელბერგის კლინიკის შინაგანი მედიცინის განყოფილებაში. თავდაპირველად დაინტერესებული იყო ფსიქიატრიითა და ფსიქოლოგიით, შემდეგ გერნანელი ბიოქიმიკოსის და ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატის, ოტო ვარბურგის ზეგავლენით სამეცნიერო მუშაობის სფეროდ უჯრედული ფიზიოლოგია და ბიოქიმია აირჩია. მცირე ხნით ჰაიდელბერგის კლინიკის ლაბორატორიასა და ნეაპოლის ზოოლოგიურ სადგურში მუშაობდა, 1912 წელს კი გადავიდა კიელის უნივერსიტეტში, სადაც 1918 წელს პროფესორობა მიიღო. პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, 1918 წელს ხანმოკლე დროით მაიერჰოფი საფრანგეთის ფრონტზე გერმანიის სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ოფიცერი იყო. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, მაგრამ მაიერჰოფმა გერმანიაში დარჩენა არჩია. 1929-1938 წლებში ის იყო ჰაიდელბერგში კაიზერ-ვილჰელმის (ახლანდ. მაქს პლანკის) სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1938 წელს ნაცისტურ რეჟიმს საფრანგეთში გაექცა და პარიზის ბიოფიზიკისა და ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. 1940 წელს გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ ჰილმა ესპანეთს შეაფარა თავი და მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. იმავე წელს გახდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ხშირად კითხულობდა ლექციებს ინგლისისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გარდაიცვალა გულის შეტევით 1951 წელს, 67 წლის ასაკში.

მაიერჰოფის გამოკვლევა გლიკოგენ-რძემჟავას ციკლის შესახებ საფუძვლად დაედო თანამედროვე ცოდნას კუნთში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შესახებ, რისთვისაც მას 1922 წელს ნობელის პრემია მიენიჭა (არჩიბალდ ჰილთან ერთად). მაიერჰოფმა და მისმა თანამედროვე გუსტავ ემბდენმა გაარკვიეს გლიკოლიზის პროცესში ბიოქიმიური გარდაქმნების თანმიმდევრობა და მასში მონაწილე ფერმენტები. რეაქციების ამ ერთობლიობას ემბდენ-მაიერჰოფის გზა ეწოდა. გარდა ამისა, მაიერჰოფმა აღმოაჩინა ფოსფოკრეატინისა და ადენოზინ ტრიფოსფატის მაღალენერგეტიკული ღირებულება და მეცნიერებაში შემოიტანა ბიოქიმიური დაჟანგვისა და ფოსფორილების პროცესებს შორის „ენერგეტიკული შეწყვილების“ კონცეფცია. მაიერჰოფი იყო არაერთი საპატიო ჯილდოსა და წოდების მფლობელი, არჩეული იყო ჰარვის საზოგადოებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელ წევრად, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Shampo, Marc A.; Kyle, Robert A. (1999). „Otto MeyerhofNobel Prize for Studies of Muscle Metabolism“. Mayo Clin Proc. 74: 67.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 6.0 6.1 Base biographiqueBIU Santé.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. Мейергоф Отто // Мейергоф Отто / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. 9.0 9.1 Мейергоф Отто // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118733559 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1922Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 244.