ოტავიო ფარნეზე (იტალ. Ottavio Farnese; დ. 9 ოქტომბერი, 1524 — გ. 18 სექტემბერი, 1586) — ფარნეზეს დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი 1547-1586 წლებში. ჰერცოგ პიერო ლუიჯი ფარნეზესა და ჯიროლამა ორსინის უფროსი ვაჟი.

ოტავიო ფარნეზე
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1547
მმართ. დასასრული: 18 სექტემბერი, 1586
წინამორბედი: პიერო ლუიჯი
მემკვიდრე: ალესანდრო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ოქტომბერი, 1524
გარდ. თარიღი: 18 სექტემბერი, 1586, (61 წლის)
მეუღლე: მარგარეტ ავსტრიელი
შვილები: ალესანდრო, პარმის ჰერცოგი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: პიერო ლუიჯი, პარმის ჰერცოგი
დედა: ჯიროლამა ორსინი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოტავიო დაიბადა 1524 წლის 9 ოქტომბერს ვალენტანოში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ პიერო ლუიჯი ფარნეზესა და მისი ცოლის, ჯიროლამა ორსინის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან პაპად ერგებოდა რომის პაპი პავლე III.

 
ოტავიოს ბიუსტი, ინახება მილანში

1538 წლის 4 ნოემბერს ოტავიო დააქორწინეს ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის უკანონო ქალიშვილ მარგარეტ ავსტრიელზე. ამ დროს ოტავიო 14 წლის იყო, მარგარეტი კი 15-ის, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მისთვის უკვე მეორე ქორწინება იყო. ოტავიომდე იგი დაქორწინებული იყო ფლორენციის ჰერცოგ ალესანდრო მედიჩიზე, რომელიც ქორწილიდან მალევე დაიღუპა, უშვილოდ. აღსანიშნავია, რომ მარგარეტს თავიდან არ მოსწონდა თავისი ახალგაზრდა მეუღლე, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი 1541 წელს ალჟირის ალყიდან დაჭრილი დაბრუნდა, მისით აღფრთოვანებული დარჩა და მოსიყვარულე მეუღლედ იქცა.

1540 წელს ოტავიო კამერინოს ლორდი გახდა. 1547 წელს ოტავიოს მამა ბრძოლაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი პარმისა და პიაჩენცის ახალი ჰერცოგად გვევლინება. ამ დროს რომის პაპი ჯერ კიდევ პავლე III იყო, რის გამოც ფარნეზეებს დიდი გავლენა ჰქონდათ, რომელიც 1549 წელს, პავლეს გარდაცვალებამ ძლიერად შეარყია. 1551 წელს პაპი იულიუს III ხდება, რომელიც ფარნეზეების მიმართ კეთილად იყო განწყობილი, რამაც მათი მდგომარეობა შედარებით გამოასწორა.

პარალელურად, თავი იჩინა ოტავიოს მამის დროს დაწყებულმა დავამ პარმისა და პიაჩენცისათვის იმპერატორ კარლ V-თან. მისმა წაქეზებულმა მანტუას ჰერცოგმა მოახდინა პიაჩენცას ოკუპაცია და პარმის აღებითაც იმუქრებოდა, რის გამოც ოტავიო იძულებული გახდა დახმარებისათვის საფრანგეთის მეფე ანრი II-თვის მიემართა. ფრანგებთან ალიანსის შესაქმნელად 1552 წელს ოტავიომ თავისი უმცროსი ძმა, რანუციო ანრი II-ის უკანონო ქალიშვილზე, დიანა ფრანგზე დააქორწინა, რის შემდეგაც პარმაში ფრანგული ჯარები განლაგდა. იულიუს III-მ, რომელსაც კარლ V-თან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, ოტავიოს პარმის ტახტის დათმობა მოსთხოვა. ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ე.წ. პარმის ომის დაწყება, სადაც ოტავიო თავისი ფრანგული ჯარებით ებრძოდა მანტუის ჰერცოგს. როდესაც ნათელი გახდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო, ჰერცოგი ოტავიო თავად ჩავიდა თავის სიმამრთან, კარლ V-თან და შეწყალება სთხოვა, რითაც დასრულდა პარმის ომი და მასაც ტახტი შეუნარჩუნდა.

დარჩენილი ცხოვრება ოტავიომ მშვიდად გაატარა პარმაში, სადაც თავისი სიბრძნისა და კეთილგონიერების გამო დიდი სიყვარულით სარგებლობდა. იგი 1586 წლის 18 სექტემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, ალესანდრომ დაიკავა.

ოტავიოს თავის ცოლთან, მარგარეტ ავსტრიელთან ჰყავდა ორი ვაჟი:

  1. კარლო (1545), ალესანდროს ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ალესანდრო (1545-1592), კარლოს ტყუპისცალი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი, ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი. ცოლად შეირთო ინფანტა მარია პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;

გარდა ამისა, უცნობი საყვარლისგან მას ასევე ჰყავდა ორი უკანონო ქალიშვილი:

  1. იოლანდა (1520-1575), ცოლად გაჰყვა ტორკატო კონტის, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ერსილა (1565-1596), ცოლად გაჰყვა არონას გრაფ რენატო ბარომეოს, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • public domain: Villari, Luigi (1911). "Farnese". In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 183–184.
  • Edward Burman: Italienische Dynastien. Gustav Lübbe Verlag, Bergisch Gladbach 1991