ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოსური სამზარეულო — ოსური სუფრა და კულინარიული ტრადიციები ძალიან ახლოს დგას ქართულ და კავკასიის სხვა ერების კულტურებთან.

ოსური ყოფისა და ტრადიციების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის კალოევი თავის სამეცნიერო ნაშრომში „ოსები“. ოსეთში სტუმარსა და მასპინძელს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა თავისებური ურთიერთდამოკიდებულება. ასე მაგალითად თუ სტუმარი მასპინძელის ტოლია, ჯდება მხოლოდ სტუმრის თხოვნის შემდგომ; ხოლო თუ მასპინძელი მასზე უფროსია, მაშინ ამ დროს მასპინძელი თხოვს დაჯდომას სტუმარს. ძირძველი ოსური ტრადიციით ქალები არ დაიშვებიან სასტუმრო ოთახში.

ტრადიციული ოსური სუფრის ეტიკეტი, გამოირჩევა რეგლამენტირებით. მკაცრი წესები ვრცელდებოდა როგორც უმცროსებზე, ასევე უფროსებზეც. რაოდენ დახუნძლული არ უნდა ყოფილიყო სუფრა საჭმელ-სასმელით, სუფრასთან მჯდომს უნდა ეჭამა ნელა, ლაპარაკის გარეშე, ისე, რომ არავის ეგრძნო მისი შიმშილი. სტუმრის ქცევას სუფრასთან უამრავი თვალი აკვირდებოდა და ამის მიხედვით გამოჰქონდათ აზრი მისი პიროვნების შესახებ.

ოსური სუფრა და კულინარია საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. ოსთა სარიტუალო კერძებს მიეკუთვნება, უპირველესად ახალამოღებული ყველის ღვეზელი, საქონლისა და ცხვრის მოხარშული ხორცი და ცნობილი ოსური ლუდი.

ოსების ძირითად საკვებს წარმოადგენდა პური, ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. კერძის მომზადებით დაკავებული იყვნენ ქალები.

ოსების კვებით როციონში უმთავრესია პური. მთიან რაიონებში ძირითადად აცხობდნენ ჭვავის პურს. XIX საუკუნეში გაიზარდა მოთხოვნილება ხორბალზე, ამასთანავე შემოიტანეს სიმინდი, რისგანაც აცხობდნენ ხმიადებს. მკვლევართა აზრით, ქართველების, ადიღეელების და სხვა ხალხისაგან ოსებმა შეისწავლეს მჟავე (საფუვრიანი) ცომის მომზადება და პურს დღეში ორჯერ აცხობდნენ.

ცნობილია ოსური ხაბიზგინები, რომელშიც გულსართად გამოყენებულია ყველისა და კარტოფილის ნაზავი. მჟავე ცომისგან მომზადებული ღვეზელებისათვის ოსები გულსართად გამოიყენებენ ლობიოს, ჭარხლის ფოთლებს, გოგრას, კარტოფილს და სხვა. სიმინდის ფქვილისაგან ამზადებენ ფაფებსა და წვნიანებს, ძირითადად რძის დამატებით. რძის პროდუქტებიდან ოსურ კულინარიაში გამოიყენება ყველი, კარაქი, კეფირი და მაწონი.

ხორცეული კერძებისათვის გამოიყენება საქონლის, ცხვრის და ფრინველის ხორცი, რომელსაც ხარშავენ, წვავენ ან ბოლავენ ჭინჭრის ბოლზე. ოსების საყვარელი კერძია მწვადი, რომელიც კავკასიის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ქართული კულინარიის გავლენით ოსეთში დღესდღეობით უკვე მზადდება საცივი, ხარჩო, ჩახოხბილი.

ოსების კვებაში საპატიო ადგილი უკავია ასევე ბოსტნეულს, კერძოდ ხახვს, ნიორს, ღანძილს.

ლიტერატურა

რედაქტირება