ორხევის ნასახლარი

ორხევის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის ბოლოს, სამხრეთით, მდინარე ივრის მარცხნივ, მაღალი ტერასის ჩრდილოეთ ფერდობზე. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით. ნასახლარი 1986-1988 წლებში გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგის კვლევითი ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსურმა ექსპედიციამ. (ხელმძღვანელი გ. მირცხულავა).

დაზვერვითი თხრილებით დადგენილია, რომ ნასახლარს ერთ ჰექტარზე მეტი ფართობი ეკავა, გათხრილია დაახლოებით 600 კვადრატული მეტრი. ნასახლარი ძლიერ არის დაზიანებული მეწყერითა და მის ზემოთ არსებული გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ქვის შენობების ჩამონაშალით. გამოვლენილი და შესწავლილია ერთმანეთისგან 5 მეტრით დაშორებული ორი შენობის ნაშთი. პირველი შენობა ოთხი მეტრით მაღლაა მეორეზე. პირველი შენობის ზემოთ სადაზვერვო თხრილებით დადასტურდა შენობათა თიხის იატაკის ფრაგმენტები. სოფელი ტერასებად ყოფილა განლაგებული. შენობები ოთხკუთხაა, კუთხეებმომრგვალებულია, სარ-ლასტის კარკასზე ნაგები და თიხით ორმხრივ შელესილი, რასაც მოწმობს დიდი რაოდენობის ბათქაშის ნატეხები. შენობათა ფართობია 12-15 კვადრატული მეტრი. ორივე შენობაში აღმოჩნდა სამქიმიანი თიხის სტაციონალური კერა. მეორე შენობაში, კერიდან 0,8 მეტრის დაშორებით არის დედაბოძის ორმო, რომელშიც შემორჩენილია ბოძის გასამაგრებელი ქვები. შენობას ბანური გადახურვა უნდა ჰქონოდა. კედლის გადარჩენილი საძირკველი სქლად არის შელესილი. კედლების გასწვრივ ბაქანია. იგი მთლიანად შემოუყვება გადარჩენილ კედლებს. მასსზე თიხის ჭურჭელი ელაგა. ბაქნის წინა მხარე კარგად არის შელესილი და სპირალური ორნამენტებითა და სვასტიკებითაა შემკული. შესაძლებელია ეს საკურთხევლისმაგვარი ნაგებობა იყოს. თიხალესილი იატაკის სისქეა 1,5 სანტიმეტრი. გათხრილ ფართობზე ნასახლარი ერთფენიანია და დიდი ხანძრით ჩანს განადგურებული. მოპოვებული მასალა ძირითადად კერამიკულია. არის როგორც შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი, ისე მოყავისფროლაქებიანი და ღია ფერის ჭურჭლის ნატეხები. შემკულობა სადაა, არის ნაკაწრი და პატარა შვერილები. იგრძნობა ფორმათა მრავალსახეობა.

მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

ლიტერატურა რედაქტირება