ორგვარადმსუნთქავნი

ორგვარადმსუნთქავნი (ლათ. Dipnoi) — იმ თევზების ქვეკლასი, რომლებიც სუნთქავენ როგორც ლაყუჩებით, ისე ფილტვებით. აქვთ 2 მ-მდე სიგრძის წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებული ან მომრგვალებული სხეული, ქალასთან შეზრდილი ზედა ყბა (ავტოსტილია), ქორდა (მთელი სიცოცხლის განმავლობაში) და შინაგანი ნესტოები — ქოანები. წინა გული ნაწილობრივ გამოყოფილია მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. აქვთ ფილტვური სისხლის მიმოქცევა.

ორგვარადმსუნთქავნი
Neoceratodus forsteri
Neoceratodus forsteri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
ქვეკლასი:  ორგვარადმსუნთქავნი
ლათინური სახელი
Dipnoi

ქვეკლასში 12 ოჯახია, რომელთაგან 9 ნამარხია, 3 — თანამედროვე. Ceratodidae-ს 1 სახეობა — ნეოცერატოდი — გავრცელებულია ავსტრალიაში, Lepidosirenidae-ს გვარის 1 სახეობა — ლეპიდოსირენი — სამხრეთ ამერიკაში, Protopteridae -ს გვარის 3 სახეობა — პროტოპტერუსები — ცენტრალურ აფრიკაში.

ორგვარადმსუნთქავნი მტკნარი წყლის თევზებია. იკვებებიან უხერხემლოებით, თევზებით, ამფიბიებით, ლეპიდოსირენი და პროტოპტერუსი მშრალ პერიოდში ძილს ეძლევიან. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნეოცერატოდის ჭერა აკრძალულია. ნამარხი ნაშთები ცნობილია დევონური დროიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება