ორაგვეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ორაგვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეთში.
ეკლესიის ასაგებად შერჩეულია ვაკე ადგილი, ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები. ერთ-ერთ საფლავზე იკითხება 1937 წელი. ეკლესია მცირე ზომის სწორკუთხა მოყვანილობის დარბაზული ტიპისაა. აგებულია კარგად დამუშავებული საფასადე ქვებითა და კირხსნარით. საფასადე ქვები მხოლოდ ეკლესიის მოპირკეთებას არ წარმოადგენს. ისინი განიერია და შესაძლოა ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ნაწილიც ყოფილიყო. შიდა მხრიდან საფასადე წყობა შერეულია. ზომები: 8X6 მ. შემორჩენილი სიმაღლე 5-6 მეტრია. საკურთხეველში ფიქსირდება ორი თაღოვანი ნიშა და კარგად დამუშავებული ტრაპეზის ქვა. ტრაპეზი ერთიანი მონოლითური ქვისგან არის დამზადებული, რომლის ზედა ნაწილიც ამოღარულია. ამჟამად ტრაპეზის ქვა ორადაა გატეხილი და ზევიდან ადევს ქვის ერთიანი ფილა. იატაკი დაფარულია ქვა-ღორღით. კარის ღიობი ფიქსირდება მხოლოდ დასავლეთის კედელში. ეკლესიას აქვს ინტერიერში გაფართოებული სამი სარკმელი. საკურთხევლის კამარაში აკუსტიკისათვის დატანებულია ორი ქვევრი. დასავლეთის ფასადი შემკობილია არქიტრავზე, შესრულებულია ამაღლებული ჯვრის კომპოზიციითა და ცხვრის ჰორელიეფური გამოსახულებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24605