ოპიზის სიგელი, ასევე ოპიზართა სიგელი — ძველი ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი და წყარო, თარიღდება 1027-1072 წლებით, შედგენილია საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მმართველობის პერიოდში. სიგელი თავისი შინაარსით სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ორი მონასტრის — ოპიზისა და მიჯნაძორის დავას ეხება მამულების შესახებ. რადგანაც საქმე მონასტრებს შორის სადავო საკითხს ეხება, სასამართლო პროცესი დიდად მნიშვნელოვანია და საქმე უშუალოდ მეფის თავმჯდომარეობით ირჩევა. ძეგლი ქართული სამართლის ისტორიის მრავალ საკითხს არკვევს. როგორც სიგელის შინაარსიდან ჩანს, სასამართლო ორ მონასტერს შორის მაზავებლის ფუნქციას ასრულებს. ძეგლში წარმოჩენილია სასამართლო პროცესში მხარეების უფლება–მოვალეობანი, მტკიცების საშუალებები და სხვა. მოცემულია ასევე მეფის დომენის სამართლებრივი რეჟიმის დახასიათება. მნიშვნელოვანია, რომ სიგელში დამოწმებულია სამართლის სპეციალისტების მონაწილეობა სასამართლო პროცესში და სხვა[1].

ოპიზის სიგელი აღმოაჩინა დ. ფურცელაძემ, რომელმაც გამოსცა მისი თარგმანი რუსულ ენაზე[2]. დ. ფურცელაზის თარგმანი ზოგიერთი უმნიშვნელო ცვლილებით მოყვანილი აქვს მ. ჯანაშვილს თავის ნაშრომში[3]. ძეგლი უფრო ზუსტად თარგმნა დ. ბაქრაძემ[4].

სათანადო კომენტარებით სიგელი გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილმა[5]. იგივე სიგელი გამოაქვეყნეს აკაკი შანიძემ[6] და ი. დოლიძემ[7]. ივანე სურგულაძეს ოპიზის სიგელი განხილული აქვს საქართველოს სახელმწიფოსა და ისამართლის ისტორიისადმი მიძღვნილ შრომებში[8].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 2000
  1. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 2000, გვ. 20
  2. Д. Пүрцеладзе, Церковные гүджары, с. 120–121
  3. М. Джанашвили, Царица Тамара. с. 80–81
  4. Д. Бакрадзе, Статьи по истории и древности Грузии. Приложение к IV тому запис импер. Академии наук. № 1. СПБ. 1887 г, с. 20-30
  5. საქართველოს სიძველენი, ტ II. 1909, გვ. 2–5
  6. ა. შანიძე, ძველი ქართული ქრესტომათია, 1935, გვ. 93–94
  7. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, II, 1955, გვ. 8–9
  8. ივ. სურგულაძე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, 1952, გვ. 54–58