ნიკოლოზ ონიკაშვილი
ნიკოლოზ ონიკაშვილი (რუსეთში — ონიკოვი) — XVIII საუკუნის II ნახევრისა და XIX საუკუნის I ნახევრის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი. მეტსახელად კიკოლა დიაკვანს უწოდებდნენ.
დაახლოებული იყო ქართლ-კახეთის სამეფო კართან, მსახურობდა იოანე ბატონიშვილის მდივანად. 1801 წელს პეტერბურგში გაჰყვა იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებს. დაესწრო 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის გამოცემას მოსკოვში. 1802 წელს საქართველოში დაბრუნდა. დაწერა ისტორიულ-ლიტერატურული თხზულება „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურგამდე“, რომელშიც აღწერილია ეს რთული მარშრუტი, აგრეთვე რუსეთის დაბა-სოფლებისა და ქალაქების ყოფა-ცხოვრება, ნაგებობები, ადათ-წესები. თხზულება სანდო ცნობებს შეიცავს მოსკოვისა და პეტერბურგის შესახებ. ნიკოლოზის ვაჟმა ალექსანდრე ონიკოვმა ისტორიკოს პლატონ იოსელიანს აცნობა, რომ მამამისის „მოგზაურობის“ ხელნაწერი დაკარგული იყო. ჩვენამდე მოაღწია ამ თხზულების პირებმა.
ონიკაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც კალიგრაფი, გადაუწერია მრავალი ძველი ხელნაწერი. ონიკაშვილის წიგნთსაცავი, რომელშიც ყოფილა ძველი ქართული ხელნაწერები და ვახტანგისეული ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“, მის შვილიშვილს გაუყიდია და განადგურებულა.[1] ნიკოლოზ ონიკაშვილის შვილებიდან სოლომონი იყო რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, დიმიტრი — პორუჩიკი, ალექსანდრე (გ. 1885) — „გუბერნსკი სეკრეტარი“, ქ. თბილისის ხმოსანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეფარიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 553.
- მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მ. ბერძნიშვილი ; რედ.: მამისა ბერძნიშვილი ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. ნაწ. II : მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა-ე). თბილისი : მეცნიერება , 1980 – გვ. 124.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟურნ. „მწყემსი“, 1887, №21, – გვ. 13.